დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით დარჩიაშვილი თავდაცვის სფეროში პრემიერისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების არასწორ გამიჯვნაზე საუბრობს
ავტორი:
2013/სექტემბერი/25 15:00:04
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი იმ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის შეჩერების საჭიროებას ხედავს, რომელიც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პრეზიდენტისა და პრემიერის უფლებამოსილებების გამიჯვნას ეხება.
აღნიშნული საკითხი დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დააყენა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ადგილი აქვს კონსტიტუციის იმ მოდელის განსხვავებულ წაკითხვას, რომელიც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს.
როგორც ცნობილია, ახალი საკონსტიტუციო ნორმებიდან გამომდინარე, ცვლილებები რამდენიმე ათეულ კანონში შედის, რომელთა გათვალისწინებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ხელში გადადის. მათ შორის ეს თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებას და შესაბამისს კანონებსაც ეხება.
ამასთან დაკავშირებით დარჩიაშვილმა დღეს მმართველ გუნდს ცვლილებების მიღების თავშეკავებისკენ და საკითხის სერიოზული განხილვისაკენ მოუწოდა. ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ის, რაც ახლა კანონებში შედის, ახალი კონსტიტუციიდან ამოვარდნილია. მან ახალი საკონსტიტუციო მოდელიდან რამდენიმე ნორმაც წაიკითხა.
"კონსტიტუციის ახალი რედაქციით, მთელი რიგი სამართლებრივი აქტები პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის მხრიდან კონტრასიგნაციას საჭიროებენ, თუ ისინი მთავრობის წარდგინებით არ არის. ასევე მთავრობა ახორციელებს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი წარადგენს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში. სამხედრო ძალების სტრუქტურას პრეზიდენტი ამტკიცებს, ხოლო რაოდენობას უშიშროების საბჭო წარუდგენს პარლამენტს. საბჭოს ასევე ქმნის პრეზიდენტი. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და წარუდგენს პარლამენტს. ასევე მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მუხლი, სადაც წერია, რომ საკანონმდებლო ბაზის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ჩვენ ასეთი მოდელი გვაქვს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რომელსაც ერთმანეთისგან ვერ გავმიჯნავთ და სადაც პრეზიდენტისა და მთავრობის პრეროგატივები ერთმანეთში აღწევს. ეს მაინც და მაინც უღრუბლო მოდელი არ არის, შეიცავს რისკებს, მასზე ნამდვილად არის სამუშაო, მაგრამ ყველა ის პრეროგატივა, რაც პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში აქვს, გარდა ერთადერთისა - საფრთხეების შეფასების დოკუმენტი პრეზიდენტმა მიიღოს, ხოლო სამხედრო სტრატეგია - პრემიერ-მინისტრმა, არასწორი გამიჯვნაა" - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარჩიაშვილმა.
უმცირესობის წარმომადგენლის საპასუხოდ განმარტება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა, რომელიც აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციური მოდელით, ძალიან ცოტაა ისეთი შემთხვევა, რაც პრემიერის კონტრასიგნაციას არ საჭიროებს. მისივე თქმით, არის ისეთი საკითხებიც, რაც პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას არ უნდა საჭიროებდეს, მაგრამ კონსტიტიციაში არსებული ჩანაწერის გამო, იძულებული არიან კანოში კონტრასიგნაცია ჩაწერონ. ამასთან, ხმალაძის თქმით, თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ის რაც უმაღლეს მთავარსარდალს ეხება, პრეზიდენტის უფელმოსილებებში რჩება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 951
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია