დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - ვილნიუსის სამიტზე პროგრესია მოსალოდნელი
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 15:30:05
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე პროგრესია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს , თეა წულუკიანმა ევროკავშირს მოუწოდა, წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს საქართველოში, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებსა (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) და დანარჩენ საქართველოს შორის მავთულხლართების მონტაჟს განაგრძობს.
სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო სააგენტო "აპასთან" ინტერვიუში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ "ევროკავშირს არ შეუძლია გააგრძელოს იმაზე საუბარი, რომ ეს არის რუსულ-ქართული პრობლემა. სულ ცოტა, უნდა ითქვას, რომ ეს მიუღებელია".
სამინისტროს განმარტებით, პრობლემა ისაა, რომ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების მონტაჟი არახალია, მაგრამ ბოლო დღეებში რუსეთის ფედერაციამ კვლავ გააგრძელა ე.წ. საზღვრებზე მსგავსი ქმედებები. წულუკიანი აღნიშნულ სიტუაციაში ევროკავშირისგან ისეთივე ეფექტურ ჩართულობას ითხოვს, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს საქართველოში.
"საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა და ევროკავშირის პირველმა პირმა ნიკოლა სარკოზიმ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის პროცესში. ჩვენ ყველას გვახსოვს ევროკავშირის და კავშირის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის როლი 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს. ჩვენ გვინდა იგივე ხარისხის მხარდაჭერა, რათა მარტონი არ დავრჩეთ ამ პრობლემის წინაშე", − აცხადებს წულუკიანი.
მინისტრის განმარტებით, ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიცია "ქართული ოცნების" მეთაურობით, წინა მთავრობისგან განსხვავებით, გამოთქვა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და დიალოგის სურვილი; ქართული პროდუქცია კვლავ დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე.
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებელ საქართველოზე დაიწყო ზეწოლა. დღემდე ე.წ. საზღვრების მონტაჟი და საქართველოს ახალი ტერიტორიების ოკუპაცია მოსკოვის მხრიდან თბილისზე ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს ნოემბერში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტამდე", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
"საქართველოს, თუნდაც, ყველაზე ბოლო სოფელში, ვიცით, რომ ნოემბრის ბოლოს საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. საქართველო მოელის, რომ სამიტზე ინიცირებული იქნება ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ხელმოწერა რამდენიმე თვის შემდეგ მოხდება", _ აცხადებს მინისტრი.
ამასთან, სამიტზე უნდა დადასტურდეს ქართული მხარის პროგრესი ევროკავშირთან ვიზადიალოგის პროცესთან დაკავშირებით. როგორც მინისტრი აღნიშნავს, მთავრობას არ აქვს კონკრეტული სამიზნე თარიღი ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედებისთვის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ევროკომისარი სესილია მალმსტრომი ოქტომბერში საქართველოში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფის გამოგზავნას აპირებს, "კარგი სიახლეა".
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია