დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკრებულოს თავმჯდომარე 31 მუნიციპალიტეტში შეიცვალა
ავტორი:
2013/სექტემბერი/17 14:27:02
2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2013 წლის 3 აგვისტომდე საკრებულოს თავმჯდომარე 31 მუნიციპალიტეტში შეიცვალა, 26 საკრებულოს თავმჯდომარემ პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, ხოლო ექვსი მათგანი საკრებულომ გადააყენა. ამის შესახებ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მუნიციპალიტეტებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგის მეოთხე შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი. "სამი აგვისტოს შემდეგ, ანგარიშის გამოქვეყნებამდე, საკრებულოს თავმჯდომარე - სამ მუნიციპალიტეტში, ხოლო მერი ორ ქალაქში შეიცვალა", აღნიშნა "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, 55 მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ახალი ფრაქციები, რამაც, რიგ შემთხვევებში, ძალთა ბალანსის შეცვლა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება გამოიწვია. "სამართლიანმა არჩევნებმა" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებებიც შეიცვალა. 69 მუნიციპალიტეტიდან, საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თვითმმართველობებიდან მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე, 2 321 თანამშრომელია გათავისუფლებული. "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, მათ შორის, მასიურად გათავისუფლდნენ ტერიტორიული ორგანის რწმუნებულები, რასაც ხშირად გამგებელთან თათბირი უძღვოდა წინ. საერთო ჯამში, 34 მუნიციპალიტეტში 519 რწმუნებული დაითხოვეს. "გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. ხშირად, ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს. თუმცა, უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს", - აღნიშნავს ლომჯარია. "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თვითმმართველობების რეფორმის განხორციელების აუცილებლობას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეფორმამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს თვითმმართველობის რეალური დამოუკიდებლობა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია