დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ახალციხეში სააკაშვილსა და ადგილობრივს შორის შელაპარაკება მოხდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 17:45:02
ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლების მონახულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო „ლომსიაში“, სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულთან ივანე წიკლაურთან ერთად ისადილა. პრეზიდენტმა სასტუმროში დაახლოებთ ერთ საათს დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში მას გარეთ მოქალაქეები ელოდნენ. სასტუმროდან პრეზიდენტის გამოსვლისთანავე ერთ-ერთმა ქალბატონმა მასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ფოტოს გადაღების მსურველი კიდევ არა ერთი ადგილობრივი აღმოჩნდა. სწორედ მაშინ, როცა პრეზიდენტი სამახსოვრო ფოტოებს იღებდა, ახალციხელმა ბეჟან კაჭკაჭიშვილმა მას სასტუმროს ინგლისურენოვანი წარწერის შესახებ ჰკითხა: „სად არის ქართული ატრიბუტები?! ქართული დროშა?! აქ არ უნდა იყოს ქართული წარწერა?!“ „რა ქართული? დროშა ვინ შემოიღო?! თქვენ გყავთ ძალები აქ, რომლებიც ხუთჯვრიან დროშას ებრძვიან, როგორ არ ებრძვიან, ძალიან კარგად ებრძვიან ხუთჯვრიან დროშას. ტელევიზორს უყურებთ?! რომ იძახით ჭელაში მინარეთიო, ვის უნდოდა 4 მინარეთის მიშენება, ხომ არ იცით შემთხვევით?! საქართველოს მთავრობას, უკაცრავად! ასე რომ შემდეგ ჯერზე, როცა დაიჯერებთ ტყუილებს ჩვენზე, კარგად მოიკითხეთ რა გეგმები აქვთ - 4 მინირეთის აშენება“, - მიმართა პრეზიდენტმა სასტუმროსთან შეკრებილებს. „გაათანაბრეთ ხალხის უფლებები აქ“, - შეეპასუხა კაჭკაჭიშვილი. „ყველა თანაბარია, - უპასუხა პრეზიდენტმა - კიდევ ერთხელ, ნაგავში იყო აქაურობა. ნაგავში ცხოვრობდით? ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?!“ გაღიზიანებული პრეზიდენტის დამშვიდება შეკრებილმა ქალბატონებმა სცადეს: „ნუ ნერვიულობთ მიშა, გული არ გაიტეხოთ“. ვიდრე პრეზიდენტი ქალაქს დატოვებდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას მერაბიშვლის მშობლებთან ძალიან თბილი და კარგი საუბარი ჰქონდა. "ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, 20 წლის დაახლოებთ, ყოველთვის დავდივარ ხოლმე მათთან და ახლაც მივედი“, - გვითხრა პრეზიდენტმა. რაც შეეხება მოქალაქეს, რომელიც პრეზიდენტს დაუპირისპირდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის ესკორტმა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია დატოვა, მან შელაპარაკების მიზეზი განგვიმარტა. „ახალციხელი ვარ, რიგითი მოქალაქე, ენას, დროშას და ყველა იმ ატრიბუტს, რაც სახელმწიფოსია, სახელმწიფოს პირველი პირი უნდა იცავდეს. ქართულად ერთი სიტყვა არ არის დაწერილი. როგორ შეიძლება საქართველოში ერთი სიტყვა არ ეწეროს ქართულად?! პრეზიდენტთან ის პრეტენზია მაქვს, რომ როცა გამოვიდა სასტუმროდან, შევახედე და ვკითხე რატომ არ აქვს ქართული წარწერა მეთქი“, - გვთხრა კაჭკაჭაშვილმა. აღნიშნულ ინფორმაციას და ფოტომასალას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია