დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ზაქარეიშვილი - გირგვლიანის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის
ავტორი:
2014/დეკემბერი/29 22:00:02
ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის შეფასებით, მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის მიერ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით დადასტურდა, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.
როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, ხელისუფლებას სიმართლის გარკვევა აშინებს. "დაბეჯითებით ვაცხადებ, ე.წ. "გირგვლიანის საქმე" ფაქტობრივად გახსნილია და თუ ვინმეს არ სურს რეალური შედეგის დადება, ეს არის საქართველოს მთავარი პროკურატურა! ვაცხადებ, რომ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გაუთავებელი დამატებითი დაკითხვები: - საკმარისია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე თანდართული ფოტომასალისა და სამედიცინო-საექსპერტო მოცემულობათა ობიექტური ანალიზი. აღნიშნულის შედეგად, უსათუოდ გაეცემა პასუხი მთავარ კითხვას - თუ რა მოხდა ოქროყანაში. მიმაჩნია, რომ საქმე ბოლომდეა მისაყვანი და შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, არსებობს საკმარისი საფუძველი – მოქალაქე ლევან ბუხაიძე მიცემული იქნეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებებში ალექსანდრე გირგვლიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით! მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი თავს უფლებას აძლევს, "გირგვლიანის საქმის" გახსნის სურვილის არქონა შენიღბოს უკადრისი საქციელით - ცილისწამებითა და ტყუილით! კერძოდ, ბატონი პროკურორი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აცხადებს შემდეგს: - "გამოძიება თანამიმდევრულად და საფუძვლიანად იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რათა აღარ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი არ დარჩეს დაუსჯელი, რისი მაგალითიცაა მერაბიშვილისა და ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც". უპირველესად აღვნიშნავ, რომ არც დავით ახალაიას და არც სხვა რომელიმე პირს გირგვლიანის წამებასა და მკვლელობაში ბრალი არ ედება. რაც შეეხება დავით ახალაიას მიმართ თანამდებობრივ დანაშაულში ბრალდებებს - სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. საბერძნეთის სააპელაციო სასამართლომ, არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარ პროკურატურის მოთხოვნა დავით ახალაიას ექსტრადაციის შესახებ. გადაწყვეტილება ემყარება ხსენებული სასამართლოს მიერ დავით ახალაიას მიმართ საქართველოში წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების საფუძვლიან შესწავლას, რის შედეგადაც ევროპელი ვერდიქტორები მივიდნენ ერთადერთ სწორ დასკვნამდე, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს დავით ახალაიას პოლიტიკურ დევნას", - აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.
აქვე ადვოკატი აღინიშნავს, რომ "ამჟამად ხელისუფლეაბში მყოფი "ქართული ოცნების" პოლიტაქტივი წლების განმავლობაში ახდენდა სიცრუის ტირაჟრებას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ყალბ ინტერპრეტაციას". მისი თქმით, "მეოცნებე თვალთმაქცები გაჰკიოდნენ, რომ ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე გირგვლიანის გატაცების შემკვეთებად ცნო დავით ახალაია და სუფრის სხვა წევრები".
"ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ვახდენ ციტირებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: - "რაც შეეხება მომჩივანთა განცხადებას, რომ მათი შვილი კაფე "შარდენში" შეკრებილი შსს–ს მაღალჩინოსნების – ბოროტმოქმედთა უფროსების ბრძანებით მოკლეს, სასამართლოს მის ხელთ არსებული მასალების ჯეროვნად შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი იმისთვის, რომ "გონივრულ ეჭვს მიღმა" სტანდარტის შესაბამისად, გაკეთდეს ესოდენ შორს მიმავალი ფაქტობრივი ხასიათის დასკვნა". დავუბრუნდები რა ჩვენს რეალობას, მსურს გიორგი ბადაშვილს შევახსენო, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ გირგვლიანის მიმართ ძალადობრივ ქმედებებში, ამჟამად თითქმის ყველანი სახლში ბრძანდებიან, საახალწლო-საზეიმო სამზადისით არიან დაკავებული და როგორც ამბობენ, მეკვლედ ოლეგ მელნიკოვის ელოდებიან!
კმარა სიყალბე! კმარა სიცრუე! დიდება გმირებს!", – აცხადებს ადვოკატი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია