დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფინანსთა სამინისტრო დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების შედეგად დაახლოებით 140-მილიონი ლარის გამოთავისუფლებას ელის
ავტორი:
2014/დეკემბერი/24 19:30:02
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის აზრით, თუკი ოჯახში ერთ წევრს მაღალი ანაზღაურება აქვს, ხოლო მეორე დაბალშემოსავლიანია, მას დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით და სოციალური შეღავათით სარგებლობა არ სჭირდება.
"თუკი ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ აქცენტი ოჯახებზე გაკეთდეს და ოჯახის ცხოვრების პირობები იყოს ნორმალურად უზრუნვეყოფილი, სათითაოდ ადამიანების შემოსავალს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. თუკი ოჯახში არსებობს რამდენიმე პირი, რომელსაც აქვს 1000, 1500, 2000-ლარიანი ხელფასი და იმავე ოჯახში არის წევრი, რომელიც 400 ლარს იღებს, ამ ოჯახს სოციალური დახმარება არ სჭირდება და ეს ფული გაცილებით უკეთესია იმ ოჯახების დახმარებისთვის მივმართოთ, სადაც თუნდაც არავინ მუშაობს ან მუშაობს ერთი, დაბალშემოსავლიან სამსახურში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის სხდომაზე.
კაკაურიძე დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების შედეგად დაახლოებით 140-მილიონი ლარის ოდენობის რესურსის გამოთავისუფლებას ელის, რაც მისივე თქმით, მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამებისკენ მიიმართება.
ამასთან, კაკაურიძის ცნობით, დაუბეგრავის მინიმუმით დაახლოებით 460-ათასმა პირმა ისარგებლა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში დაუბეგრავი მინიმუმის სახით 130-მილიონ ლარამდე გაიცა. მომავალი წლისათვის კი, სავარაუდოდ 140-მილიონი დაბრუნდება.
პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, 2015 წლისათვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი აღარ გავრცელდება. 2015 წელს შესაბამის პირებს კვლავ ექნებათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება, მაგრამ ეს უფლება 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე აღარ გავრცელდება.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს, რადგან მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, სოციალური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა იქმნება.
"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს ფინანსთა სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით წარედგინა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია