დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ონოფრიშვილი - არ ვთვლი, რომ რაკი სოზარ სუბარი გავაკრიტიკე, ამისთვის უნდა გადავდგე ან უნდა გადამაყენონ
ავტორი:
2014/დეკემბერი/16 18:00:02
ჩვენ, ჩვენით არ გადავდგებით - არ ვთვლი, რომ რაკი სოზარ სუბარი გავაკრიტიკე, ამისთვის უნდა გადავდგე ან უნდა გადამაყენონ, - აღნიშნული განცხადება სოზარ სუბარის პასუხად პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა გააკეთა.
ონოფრიშვილის თქმით, მისი გადაყენება საქმეს არ უშველის და უკეთესია, თუკი მთავრობა უკეთ იმუშავებს.
"თუ ვინმე ჩემს გადაყენებას აპირებს, ვნახოთ რა მოტივაცია იქნება. ამას პარლამენტის წევრთა 76 ხმა სჭირდება. ვიდრე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, პირუთვნელად, პრინციპულად დავიცავ ჩემს უფლებამოსილებას, ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რომ როცა ადგილი ექნება არამიზნობრივ ხარჯებს ან ბიუჯეტის ათვისებაში ჩამორჩენას თუ სხვას, სწორედაც რომ კრიტიკული ვიყო. სანამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, ჩემს ფუნქციებს შევასრულებ ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი არ უნდა იყოს.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, დავით ონოფრიშილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, დევნილთა სამინისტროს თანხების ხარჯვის პრობლემა აქვს.
"ჩემთვის ცოტა გაუგებარი ვითარებაა – შეიძლება, გარემოს დაცვის კომიტეტის ან რომელიმე სხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე ოპოზიციონერი, მაგრამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება, იყოს ოპოზიციონერი. ოპოზიციონერი თუ განმისაზღვრავს ქვეყნის ბიუჯეტს და რაში ვხარჯო ფული, მაშინ ის ყოფილა ხელისუფლება და მე - ვყოფილვარ ოპოზიცია. ეს ჩვენი სისუსტეა", - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება არის სიცრუის ტირაჟირება.
"ეს არის ტყუილი და ონოფრიშვილს შეეძლო, გადაემოწმებინა. ამ წუთის მონაცემებით, საკასო შესრულება არის 85%, ვალდებულებთან ერთად 90% და იმედი გვაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე 90% მიუხლოვდება 100%-ს. მართლა იყო პრობლემა, როდესაც მე მოვედი სამინისტროში, შესრულება პრაქტიკულად არ იყო, არც ერთი თეთრი არ იყო მშენებლობების საქმეში ათვისება. ამის შემდეგ მიმდინარეობდა პროექტების დაზუსტება. ამ დროისთვის 85% არის საკასო ათვისება და კვირის ბოლოს ეს პროცენტი მიუახლოვდება 100%-იან ათვისებას. ასე რომ, ათვისების პრობლემა არ არის", - განაცხადა სუბარმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ გადასახედია იმ სამინისტროების დაფინანსების საკითხი, რომლებიც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისებას ვერ ახერხებენ.
ონოფრიშვილის აზრით, მთავრობამ ასეთი უწყებების ხარჯებს უნდა გადახედოს და პრიორიტეტულობის მიხედვით, იმ უწყებებს გადასცეს, ვისაც ფულის დახარჯვა შეუძლია. როგორც ონოფრიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თანხების ათვისება ერთ-ორი სამინისტროს მხრიდან მუდმივი პრობლემაა.
"მაგალითად, დევნილთა და განსახლების სამინისტროს შვიდ თვეში ათვისებული ჰქონდა მისთვის გამოყოფილი თანხების 23% და ახლა, 11-თვის მდგომარეობით არის 60%. თანხები კი, ისეთ პროგრამებს ეხებოდა, რომელიც განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დღეს არის შემთხვევა, როცა თბილისში იძულებით გადაადგილებულებს ასახლებენ, მაშინ როცა თანხები არსებობდა და პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 897
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია