დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის სამხრეთ ოლქში და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/06 22:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ოლქში და ცხინვალის რეგიონში სამხედრო საველე წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"2014 წლის 5 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ცხინვალის რეგიონში, სულ ექვს პოლიგონზე დაიწყო სამხედრო საველე წვრთნები.
წვრთნების ფარგლებში, 58-ე არმიის სამხედროები და ოფიცრები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში და ეუფლებიან უახლესი რადიოლოკაციური კომპლექსების გამოყენებას. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა თვითმავალი ჰაუბიცების "МСТА-С" და რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები "ТОРНАДО-Г", რადიოსალოკაციო კომპლექს "Зоопарк-1" დახმარებით, რომელიც აღჭურვილია სანავიგაციო სისტემით "ГЛОНАСС". სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ორასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.
რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული მორიგი ქმედება", - აღნიშნულია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია