დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სიტყვით წარსდგა
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 16:30:08
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტს ესტუმრა, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო გამოსვლის თემა იყო: "საქართველო - ევროპის ხიდი აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის".
გიორგი მარგველაშვილმა გამოსვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარებით დაიწყო.
მისი განცხადებით, ცხინვალის რეგიონი აპირებს გაყვეს აფხაზეთის გზას და რუსეთთან ხელი მოაწეროს ე.წ. ხელშეკრულებას "მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ".
ქვეყნის პირველი პირი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინაში იგივე სცენარი განმეორდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში განახორციელა.
სახელმწიფოს მეთაურმა პოლონეთს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.
პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთს აქვს ევროპასთან ინტეგრაციის ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება და საქართველო მის მაგალითს მიჰყვება. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობით, დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების საქმეში და ქვეყანა არა მხოლოდ ამ პროცესის მონაწილე, არამედ, მისი მომხმარებელიც უნდა გახდეს.
გიორგი მარგველაშვილმა გამოსვლისას ყურადღება ეკონომიკურ საკითხებზეც გაამახვილა. მისი თქმით, საქართველო უნდა გახდეს ევროპული და აზიური ბაზრების დამაკავშირებელი რგოლი, ამას კი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, დიდად უწყობს ხელს.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო კურსზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს კურსი შეუქცევადია, რადგან ეს ქართველი ერის არჩევნით არის განსაზღვრული - ხალხმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი გზა და მიზნები და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. მისი თქმით, საქართველომ საამისოდ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კონკრეტული რეფორმების განხორციელებითა და რეგულაციების ამოქმედებით.
საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილი საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა. დამსწრეთა ინტერესის სფეროს, ზემოთ ჩამოთვლილი თემების გარდა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და ქვეყნის შიდა პოლიტიკა წარმოადგენდა.
პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას პოლონელი ექსპერტები, დიპლომატები, პოლიტიკოსები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია