დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი მაჰმადიან მესხებს შეხვდა
ავტორი:
2014/ნოემბერი/28 18:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს მაჰმადიან მესხებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებული პროცესუალური სირთულეების შესახებ იმსჯელეს.
"მაჰმადიანი მესხების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რეპატრიანტების საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოსთან, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. ასევე, გამოთქვეს სურვილი, რომ ორწლიანი ვადა, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად მიეცათ, გამოვიდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან და მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, ხუთ წლამდე გაიზარდოს", - აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მაჰმადიანი მესხების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს მიღებისთვის, მათი პრობლემებით დაინტერესებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეობა 267 მესხს უკვე მიანიჭა.
როგორც "მსოფლიო თურქ მესხთა კავშირის" თავმჯდომარემ ზიადინ კასანოვმა აღნიშნა, მესხები საქართველოდან უკანონოდ გაასახლეს, თუმცა ქართველ ხალხს ამაში ბრალი არ მიუძღვის.
"საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იმისათვის, რომ სწორედ მის დროს დაიწყო მესხთა რეპატრიაცია და მოქალაქეობის დაბრუნება. მესხები აქედან უკანონოდ გაასახლეს, მაგრამ არა საქართველომ. ქართველი ხალხი არაფერ შუაშია, ეს იყო სტალინის რეჟიმის პერიოდში და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს ხალხს ჰქონდეს უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაბრუნდეს ისტორიულ სამშობლოში", - აღნიშნა ზიადინ კასანოვმა.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკურ უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ესწრებოდა, რომლის განცხადებით, საქართველომ მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ახლა დაიწყო.
მაჰმადიანი მესხები სამხრეთ საქართველოდან 1944 წელის 15 ნოემბერს გაასახლეს და ისინი ერთადერთი ეთნიკური ჯგუფია, რომელსაც 1956 წლის შემდეგაც არ მიეცა სამშობლოში დაბრუნების უფლება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია