დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი – მოვუწოდებ ლატვიელ ბიზნესმენებს, აღმოაჩინონ საქართველო
ავტორი:
2014/ნოემბერი/26 16:30:07
მინდა, მოვუწოდო ლატვიელ ბიზნესმენებს, აღმოაჩინონ საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა , ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ საქართველო-ლატვიის ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
"დღევანდელ ფორუმს თან ახლავს სლოგანი - "აღმოაჩინე ლატვია". მინდა ყველა ქართევლ ბიზნესმენს მოვუწოდო, რომ აღმოაჩინონ ლატვია, ის შესაძლებლობები, რაც იქ არის ინვესტორებისთვის. ასევე მინდა მოვუწოდო ლატვიელ ბიზნესმენებს, აღმოაჩინონ საქართველო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე პრემიერმა ფორუმის ლატვიელ მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ის წარმატებები გააცნო, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირთან ერთობლივად, აღმოსავლეთ-პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მიაღწია.
"როგორც ცნობილია, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას. როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ეს კიდევ უფრო გვაახლოვებს ევროკავშირთან და მის ღირებულებებთან. მისი სრულფასოვანი ამოქმედება კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენს ისტორიულ მიზანთან, რასაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია. ევროპული ინტეგრაცია არ არის საქართველოს მთავრობის თვითმიზანი, ეს არის ხალხის არჩევანი, ეს არის მანდატი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ მისცა საქართველოს მთავრობას და რომელმაც ქვეყანას სიკეთე და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს", - მიმართა საქართველოს ვიცე პრემიერმა ლატვიელ ბიზნესმენებსა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ მხარეზე, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნას გულისხმობს და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, ევროკავშირის "ოთხი თავისუფლებიდან ეტაპობრივად მიიღონ სამი".
"ეს არის საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაციისთვის აუცილებელია როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციონალური რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ქმედით ღონისძიებებს ატარებს. მას დაგეგმილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტი. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იქნება დამატებითი ფაქტორი ლატვიელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ეს გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას. ასევე საქართველო ინვესტორებს სთავაზობს სპეციალურ სახელმწიფო პროგჰრამებს, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფორუმი საქართველოსა და ლატვიის ბიზნესებს შორის ურთიერთობას სამომავლოდ გააღრმავებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია