დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოს ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციაზე რეაგირება იყო
ავტორი:
2014/ნოემბერი/26 11:00:02
საქართველო დასავლეთს მოუწოდებს, დაგმოს აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Financial Times ნილ ბაკლის სტატიას.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დაგმოს რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს პრემიერმა ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი უწოდა.
როგორც The Financial Times-თან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოს ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციაზე რეაგირება იყო. საქართველოს პრემიერის თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ მოსკოვი მსგავსი შეთანხმების გაფორმებას ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს.
სტატიის ავტორის თქმით, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა The Financial Times-ს განუცხადა, აუცილებელია დასავლელმა ლიდერებმა "პირდაპირი დიალოგი" გამართონ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში შექმნილი კრიზისის დასასრულებლად, რადგან, ღარიბაშვილის განცხადებით, მხოლოდ სანქციებით შედეგი ვერ მიიღწევა.
"ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედება. ველოდებით, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები უფრო მეტად დაგმობენ ამას", - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა The Financial Times-ს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა მოსკოვთან საგარეო, თავდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში ითანმშრომლებს.
"ეს ხელშეკრულება უფრო შორს მიდის, ვიდრე წინა შეთანხმებები ერთობლივი უსაფრთხოებისა და პოლიციური ძალების, ასევე ერთიანი საბაჟო პუნქტების შესახებ", - წერს სტატიის ავტორი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის ორშაბათს გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, რომელიც ყირიმის ანექსიიდან რვა თვეში გაფორმდა, დასავლეთში ეჭვები აღძრა, რომ მოსკოვი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების "გაყინული კონფლიქტების" სადავო ტერირტორიების მცოცავ ანექსიას დაიწყებს. ნილ ბაკლი წერს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად, რუსეთის ფოკუსში დნესტრისპირეთია.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, "ქართულმა ოცნების" ხელისუფლება შეეცადა მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას გაწყდა.
სტატიის ავტორის თქმით, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე მხარეს მოუტანა სარგებელი. მაგრამ, პრემიერის თქმით, ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაუმჯობესდა, რადგან რუსეთმა უარი თქვა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან უკან დახევაზე.
"ეს მიუთითებს, რომ რუსეთი იმავე სულისკვეთებით არ რეაგირებს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკაზე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კონსტრუქციული ხელისუფლება ვართ, პრაგმატული ხალხი, გვინდა მშვიდობა და ურთიერთობების ნორმალიზება ყველასთან, რუსეთის ჩათვლით. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ჩვენი არჩევანია, მაგრამ ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა The Financial Times-თან.
საქართველოს პრემიერის თქმით, მის ხელისუფლებას არასდროს მოუხდენია რუსეთის პროვოცირება და ზაფხულში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა პროვოკაცია არ ყოფილა.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთის მარცხმა - უფრო მკვეთრი რეაგირება მოეხდინა 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიაზე, მოსკოვი დაარწმუნა, რომ უკრაინის ინტერვენციიდანაც მშრალად გამოვიდოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მხოლოდ სანქციები ვერ შეცვლის რუსეთის ქმედებებს და ისეთი ნაბიჯების განხილვა, როგორიც უკრაინისთვის დასავლური ლეტალური იარაღის მიწოდებაა, უკრაინაში ომის მეტ ესკალაციას გამოიწვევს.
"ეს კონფლიქტი მხოლოდ დიალოგის გზით ვერ მოგვარდება. საჭიროა რუსეთის ლიდერთან პირდაპირი დიალოგი. დასავლელმა ლიდერებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ", - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა The Financial Times-ს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია