დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ადამიანი კანონი თავისუფლება" - ოჯახური ძალადობის ფაქტებს დასაქმების პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვნად შეამცირებს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/27 22:00:02
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი კანონი თავისუფლება" საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტების გახშირებას ეხმაურება და მიიჩნევს , რომ აღნიშნულს დასაქმების პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვნად შეამცირებს.
"ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა მსოფლიოში. ეს უნივერსალური მოვლენაა, რომელიც შესაძლებელია საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეეხოს. ძალადობით ილახება ძალადობის მსხვერპლის უფლებები, მისი სოციალური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მისი ეკონომიკური, თუ სოციალური კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დგება.
შეუძლებელია ოჯახური ძალადობის ერთი კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობრივი ქცევის ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ერთერთი ასეთი ფაქტორია საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი დონე. უმეტეს შემთხვევებში სწორედ უმუშევრობა უბიძგებს ადამიანს გახდეს ნარკოდამოკიდებული, მიეძალოს ალკოჰოლურ საშუალებებს, გაუარესებული სოციალური პირობების გამო ჩავარდეს უიმედო მდგომარეობაში, ეს ყოველივე კი ბუნებრივია, საბოლოოდ იწვევს აგრესიის ჩამოყალიბებას საზოგადოების სხვა, "წარმატებული" წევრების მიმართ, რომელთა შორის შესაძლებელია იყოს უშუალოდ მის ოჯახში მცხოვრები მეუღლე, შვილი, მშობელი და ა.შ.", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი კანონი თავისუფლება" მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო ყურადღებას მიაქცევს სახელმწიფოში არსებულ დასაქმების პრობლემას, მნიშვნელოვნად შემცირდება ძალადობის ფაქტები ოჯახებშიც.
"გარდა შრომით ბაზარზე არსებული ადგილების ნაკლებობისა, უმუშევრობის შედეგად ძალადობის ფაქტების მომრავლება გამოწვეულია განათლების დაბალი დონითაც. განათლება არის ის უპირველესი საშუალება, რითაც ადამიანს შეუძლია თავი დაიცვას მასზე ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარებისგან.
უმეტეს შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს უკიდურეს ეტაპზე, კერძოდ, როცა სახეზეა ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძლობლად გაუარესება. მანამდე ყველა ცდილობს კონფლიქტის ჩუმად მოგვარებას, რაც განპირობებულია საზოგადოებაში დამკვიდრებული სირცხვილის გრძნობით და ამ "სირცხვილის" დამალვის სურვილით. სწორედ განათლების დონის ამაღლება აძლევს ადამიანს შესაძლებლობას მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება, არ დაუშვას ოჯახის სხვა წევრის მიერ მასზე ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობა, ან ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით დროულად მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს." - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მოუმზადებელია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც ემატება "მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ბუნდოვანი, ორაზროვანი განცხადებები და ქვეყანაში წლების განმავლობაში შექმნილი უიმედობის განცდა".
"ოჯახური ძალადობა - ეს არ არის ერთჯერადი აქტი. ეს არის პროცესი და სახელმწიფოს ევალება ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის დროს შეასრულოს როგორც პრევენციული, ისე კანონით დადგენილი სადამსჯელო ქმედებები. პრევენციული ქმედებებიდან უპირატესად შესაძლებელია დავაყენოთ განათლების დონის ამაღლება საზოგადოებაში და მოქალაქეთა დასაქმება. გრძელვადიანი, დროში გაწელილი პროცესი, ბევრად უფრო ეფექტური საშუალებაა, ვიდრე კონკრეტული ფაქტების გამოვლენა და დამნაშავის დასჯა. სწორედ პრევენციული მიდგომა განაპირობებს მომავალში ამ ფაქტისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულებისა და საზოგადოებაში გავრცელებული დამოკიდებულების - "ოჯახის საკითხები მხოლოდ ოჯახს ეხება" შეცვლას. ამ პროცესში აქტიურად ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე "მეოთხე ხელისუფლება" - მედია და არასამთავრობო სექტორი", - აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია