დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილმა იაპონელ ბიზნესმენებთან საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით არსებულ ლიბერალურ გარემოზე ისაუბრა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/21 11:30:07
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სწრაფად ავითარებს თავის ეკონომიკას და რომლისთვისაც ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს , - ამის შესახებ იაპონიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი ბიზნესთანამშრომლობის ორგანიზაცია Rotobo-ს პრეზიდენტ ტაკაში ნიშიოკასა და მსხვილი იაპონური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იაპონიიდან იუწყება, ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით არსებულ ლიბერალურ გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ კუთხით ერთ-ერთი ლიდერია.
"ჩვენ არა მხოლოდ მივესალმებით უცხოურ ბიზნესს საქართველოში, არამედ სრულყოფილად ვავითარებთ ჩვენს კანონმდებლობას, ინფრასტრუქტურას და პროცედურებს, აკეთონ ბიზნესი საქართველოში. თუ დეტალებს ჩავეძიებით, ნება მომეცით გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყოველთვის მოძრაობდა ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ბიზნესის კეთების ლიბერალიზაციისკენ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც სწრაფად ავითარებს მის საგზაო ინფრასტრუქტურულ სისტემას და რთავს ამ ინფრასტრუქტურას რეგიონალურ სისტემებში. ვავითარებთ ჩვენს პორტებს და ამასთან დაკავშირებით, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტებში. ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი იაპონური კომპანია ჩართულია საქართველოში ახალი პორტის შესაძლო სამომავლო განვითარებაში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ავითარებს მის სარკინიგზო სისტემას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ღია და თავისუფალ სავაჭრო სივრცეს გულისხმობს.
"ეს გულისხმობს, რომ საქართველო ახლა ღიაა თავისუფალი სავაჭრო სივრცისთვის, იმ მომხმარებელთა მოზიდვისთვის, რომლის ნახევარზე მეტი არის ევროპაში და რომელიც არის ერთ-ერთი ძლიერი და მსყიდველობითი ბაზარი. ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან. საქართველოს აქვს სურვილი მხარი დაუჭიროს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ქმნის კიდეც შესაძლებლობებს ბიზნესმენისთვის, რომ ის მიწვდეს მილიარდიან ბაზარს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, საქართველო ხდება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა, რადგან ჩვენ ბიზნესმენებს ვაწვდით შთამბეჭდავ, ღია ბაზარს. საქართველოს ჰიდროპოტენციალი ძალიან მაღალია. ასევე ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ავითარებს ტურიზმს, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მიმართულებით მუშაობს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მზად არის თავის პარტნიორებთან ერთად ჩაერთოს ამ და სხვა სფეროების განვითარებაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, საქართველოს ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული მთავრობა ჰყავს.
"ჩვენ ვართ ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა და ის პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია ხელისუფლების მიერ, ბიზნესისთვის მისაღებია. ამას მიესალმებიან ჩვენი პარტნიორები. იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი სავაჭრო პოტენციალი, იყო ქვეყანა, რომელიც აკავშირებს ძირითად სატრანსპორტო რესურსებს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და იყო ქვეყანა, რომელიც ღიაა უცხოური ბიზნესისთვის, არ არის მარივი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ვქმნით ძალიან კარგ შესაძლობებს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
შეხვედრას იაპონიის 15 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია