დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე- საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა აქვს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/21 09:00:02
ლუქსემბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძესა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელების გარდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში შტეფან ფულე, ასევე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჰელგა შმიდტი ესწრებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, ეს გახლავთ უპრეცენდენტო ხასიათის შეხვედრა და მსგავსი ფორმატით იგი პირველად გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო პერსპექტივები. მათ შორის საუბარი შეეხო 2015 წლის რიგის სამიტის გეგმებს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ ევროკავშირთან განვითარებულ თანამშრომლობას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს რიგის 2015 წლის სამიტისთვის სამი ძირითადი პრიორიტეტი აქვს.
"პირველ რიგში ეს გახლავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დასასრული, მეორე - სათანადოდ დაფასდეს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და საქართველომ რიგის სამიტზე მიიღოს რეკომენდაცია უვიზო მიმოსვლისთვის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რიგის სამიტის შემდგომ ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ეს ნიშნავს იმას, რომ საქრთველო მიიღებს შესაბამის რეკომენდაციას, რაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი ამ პროცესისთვის. მესამე - ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის რიგის სამიტზე უნდა გაიხსნას ევროპული პერსეპქტივა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თმით, ყველა ამ საკითხზე და ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებთან არაფორმალური შეხვედრის დროსაც გამოიხატა.
ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ლატვიის ინიციატივით დაიგეგმა. ლატვია 2015 წლიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე და პრიორიტეტული საკითხების გარდა, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე და იმ საფრთხეებზე, რასაც შეიცავს რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს შორის მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია