დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
Foreign Policy - ფილოსოფოსი პრეზიდენტის რთული ცხოვრება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/18 15:30:02
"ფილოსოფოსი პრეზიდენტის რთული ცხოვრება", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Foreign Policy ანა ნემცოვას ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტთან. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ხელისუფლებაში ყოფნიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი და ფილოსოფოსი, კვლავაც ახერხებს რთულ შეკითხვებზე ღიმილით პასუხის გაცემას. ავტორის განცხადებით, როდესაც 28 სექტემბერს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, საქართველოს პრეზიდენტი საოცრად გულწრფელი იყო ქვეყნისთვის დღესდღეობით ყველაზე სენსიტიურ თემაზე: მის დაპირისპირებაზე საქართველოს ყველაზე გავლენიან ფიგურასთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან.
"მარგველაშვილმა ჩემთან საუბრისას აღიარა, რომ ყოფილ მფარველს წლის დასაწყისის შემდეგ აღარ შეხვედრია. კითხვაზე კი ჰქონიათ თუ არა სატელეფონო საუბარი, პასუხი იყო - არა", - წერს ანა ნემცოვა.
სტატიის ავტორის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს თავდაპირველად გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი მოსწონდა, თუმცა არჩევნებიდან მალე მილიარდერმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია პრეზიდენტის ცვალებადი ხასიათით.
"პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს შორის უთანხმოება სასამართლო რეფორმის რამდენიმე ასპექტის გამო წარმოიქმნა, ასევე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. მილიარდერი განსაკუთრებით გააღიზიანა მარგველაშვილის საჯარო უთანხმოებამ მთავრობასთან. თავად პრეზიდენტი კი მათ შორის აზრთა სხვადასხვაობას დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნორმალურად მიიჩნევს", - წერს ანა ნემცოვა.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა მარგველაშვილი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისე იქცევა, როგორც მთავრობის კონკურენტი. ანა ნემცოვა ასევე ხაზს უსვამს, რომ ადრე ივანიშვილი ხშირად გამოხატავდა ღრმა ანტიპათიას წინა წლების პოლიტიკის მიმართ.
ავტორის თქმით, პოლიტიკური შეხვედრებით შეწუხებულმა, დატვირთული გრაფიკითა და საერთაშორისო მოგზაურობებით გადაღლილმა ივანიშვილმა გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნები გამოეყენებინა, როგორც დემოკრატიული გზა თავისი ძალაუფლების მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის გადასაცემად.
"თქმა არ უნდა იმას, რომ ივანიშვილს არ მოსწონს, როდესაც ის, ვინც თავადვე შეარჩია უმაღლესი რანგის თანამდებობისთვის, არ იზიარებს მის შეხედულებებს. თუმცა, ამავდროულად, ყოფილ საბჭოთა სივრცეში წარსულის სირთულეების გადაჭრა ის პროცესია, რომელსაც გამჭვირვალეობა, ჯანსაღი დებატები და გახსნილობა სჭირდება. საქართველოში ყველაზე გავლენიანი ფიგურის მხრიდან მის მიმართ მკაცრ კრიტიკაზე პრეზიდენტმა ამოიხორა და მითხრა: "დიახ, ის მაკრიტიკებს, მაგრამ ეს ბუნებრივია მუშაობის პერიოდში", - წერს ანა ნემცოვა.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, დღეს რომ ნებისმიერ ქართველს ჰკითხონ, რომელი ლიდერი უფრო მოსწონთ - ივანიშვილი, პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ბევრს პრეზიდენტი უფრო მოსწონს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ მას ნაკლები ძალაუფლება აქვს.
ანა ნემცოვა ასევე წერს, რომ როდესაც საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის შესახებ ჰკითხა, გიორგი მარგველაშვულმა უპასუხა, რომ არ ესმის, რაში სჭირდება რუსეთს საკუთარ საზღვრებთან ომი.
"რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი მეზობლებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა Foreign Policy-სთან საუბრისას. ხოლო კითხვაზე, რატომ არ არის საქართველოში ამ დრომდე რუსეთის საელჩო, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები ვერ ექნება, ვიდრე რუსეთი არ აღიარებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად.
"ჩვენ კვლავაც ვფიქრობთ სოხუმსა და ცხინვალში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე, რომელთან ერთადაც გაერთიანებული საქართველოს შექმნას ვგეგმავთ", - ციტირებს გამოცემა საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრამდე, ის პანკისის ხეობას სტუმროდა. ანა ნემცოვა წერს, რომ პრეზიდენტს უამბო პანკისელებთან შეხვედრაზე, რომლებიც აღტაცებით ჰყვებოდნენ "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს მებრძოლი პანკისელი მუსლიმების შესახებ. ავტორი იხსენებს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ჯიჰადისტები გმირებად მოიხსენია, რომლებიც სირიაში სასიკვდილოდ წავიდნენ.
"ფილოსოფოსმა პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ უნდა იყოს სახელმწიფო ძალიან ფრთხილი ამ პრობლემის მოგვარებისას. მისივე თქმით, პასუხი ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება იქნება და მხოლოდ კანონის გაძლიერება პრობლემას დიდი ხნით ვერ გადაჭრის", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, გიორგი მარგველაშვილმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის წინამძღოლობა არსდროს უნდოდა.
"არასდროს მინდოდა პოლიტიკური პარტიის წინამძღოლობა. ნაცვლად ამისა, მინდოდა ისეთი ჯანსაღის ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ორი ან სამი პარტიის გამოჩენას და ჯანსაღ კონკურენციას გახდიდა შესაძლებელს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს საზიანო საქართველოსთვის ზიანის მომტანი ყოფილი პრეზიდენტისა და მისი თანაგუნდელების, მათ შორის გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საკამათო სამართლებრივი დევნა, ასევე კახა ბენდუქიძის საქმიანობით გამოძიების დაინტერესება, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ეს მტკივნეული პროცესია.
"მაგრამ ვიცი, რომ საქართველო ამ რთულ პერიოდს ღირსეულად, ამაყი გამარჯვებულის სახით დააღწევს თავს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა Foreign Policy-სთან საუბრისას. სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის თემა, შესაძლოა ეს განცხადებაც გახდეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია