დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპორტის სამინისტრომ უკრაინიდან სამადლობელი წერილი მიიღო
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 13:00:02
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ნუგზარ კევლიშვილმა უკრაინიდან სამადლობელი წერილი მიიღო.
წერილი კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდას ეკუთვნის, რომელიც საქართველოში "მომავლის ბანაკში" სტუმრად იმყოფებოდა.
"საქართველოდან ჩვენი დაბრუნების შემდეგ ორი კვირა გავიდა და გარწმუნებთ, რომ მუდამ აღფრთოვანებით გავიხსენებთ ანაკლიაში გატარებულ დროს. წინა კვირას, ჩვენ - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში უკრაინელი ახალგაზრდების სტუმრობის ორგანიზებაში ვიღებდით მონაწილეობას, ვეწვიეთ უკრაინაში საქართველოს საელჩოს და შევხვდით საქართველოს ელჩს. გამოვხატეთ ჩვენი მადლიერება და გავუზიარეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, რომელიც თქვენი ქვეყნიდან გამოგვყვა. აქვე გიგზავნით მადლიერების წერილს, რომელიც საელჩოში დავტოვეთ:
ჩვენო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მიიღეთ ჩვენი და მთელი უკრაინელი ერის და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების გულითადი მადლობა, რომლებსაც თქვენ მიეცით საშუალება დროებით მაინც მოშორებოდნენ იარაღისა და მძიმე არტილერიის სროლის ხმასა და იმ შემზარავ გარემოს, რომელიც სუფევს დღეს მათ სამშობლოში. შესანიშნავი ადგილი, ბანაკი, კარგად დაგეგმილი პროგრამა სპორტული და ინტელექტუალური თამაშები, კონკურსები და ცეკვები - ძალიან ეფექტური საშუალებაა მოზარდებში შემოქმედებითი და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოსავლენად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც იმყოფებოდნენ "მომავლის ბანაკში" ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილგანწყობისა და ზოგადად მთელი მსოფლიოს მშვიდობიანი მომავლის ელჩები იქნებიან!
გვსურს გულითადი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და ყველა იმ უწყებასა, თუ ადამიანს, ვისაც ეკუთვნოდა აღნიშნული ინიციატივა და ვინც აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში! ეს ნამდვილად დიდი მხარდაჭერაა უკრაინელი ხალხისთვის, უკრაინელი ერის მშვიდობიანი მომავლისთვის იმიტომ, რომ სწორედ ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი! ასევე გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ნუგზარ კევლიშვილს, "მომავლის ბანაკის" ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, მუდმივი ზრუნვისა და სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს უკრაინელი ბავშვების მიმართ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ამ ბავშვებს საშუალება მიეცათ თავი უდარდელად და ბედნიერად ეგრძნოთ მშვიდობიან საქართველოში", - ნათქვამია წერილში, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში არსებულმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ახალგაზრდები 16 - 30 სექტემბერს საქართველოში ჩამოიყვანა. ახალგაზრდები ანაკლიაში მდებარე მომავლის ბანაკს ესტუმრნენ. მთავრობამ უზრუნველყო 15-დღიანი სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება კონფლიქტისგან დაზარალებული 14-დან 18 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის (სულ 110 ახალგაზრდა და 15 თანმხლები პირი). მონაწილეთა ყველა ხარჯი: ადგილობრივი ტრანსპორტირება, საკვები, საცხოვრებელი, ქართულმა მხარემ დაფარა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 908
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია