დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბორის სილევიჩი - ჩვენ არ ვაპირებთ, ქართული მართლმსაჯულება ჩავანაცვლოთ
ავტორი:
2014/ოქტომბერი/09 14:30:02
საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი ბორის სილევიჩი მიიჩნევს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მართლმსაჯულება არ უნდა ჩაანაცვლოს.
ამის შესახებ სილევიჩმა Georgian Journal-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
"ჩვენი აზრით, რიგმა ცვლილებებმა, რომელიც რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში მოხვდა, ჩვენი მოხსენება დაუბალანსებელი გახადა. ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებს, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კონკურენციაში ჩარევას. ჩვენს მიერ მიწოდებული სამუშაო ვერსია შეიცავდა რამდენიმე საკითხს, რაც სერიოზულ კრიტიკას იმსახურებდა, კერძოდ, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ეს არ არის ჩვენი, ასამბლეის გადასაწყვეტი - თუ ვინ არის მართალი, ვინ მტყუანი. ჩვენ არ ვაპირებთ, ქართული მართლმსაჯულება ჩავანაცვლოთ. მხოლოდ თქვენი და თქვენი მართლმსაჯულების გადასაწყვეტია, ვინ უნდა აგოს პასუხი, ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო. ჩვენი მისიაა, განვახორციელოთ მონიტორინგი იმაზე, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესები ტარდება კანონის უზენაესობის, ადამიანთა უფლებებისა და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპების თანახმად და თუ ჩვენ ვამჩნევთ საეჭვო რამეებს, ჩვენი მოვალეობაა, ამ პრობლემებზე მივუთითოთ", - განაცხადა სილევიჩმა და ასეთი პრობლემის მაგალითად ზედმეტად გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობის შემთხვევა დაასახელა.
"ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხმა ავიმაღლეთ, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს ყველასათვის. მეთოდი, რომელიც გამოიყენეს ზემოთხსენებულ შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას, არ ჯდება ევროსაბჭოს სტანდარტებში. მაგრამ ჩვენი მოვალეობა არ არის ვთქვათ, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, არის თუ არა ეს პოლიტიკური ვენდეტა - ეს უბრალოდ არის არის ჩვენი საქმე", - განაცხადა სილევიჩმა.
ამასთან, ბორის სილევიჩი გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრის მიერ მისი ობიექტურობის ეჭვქვეშ დააყენებას და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს აქვს კითხვები მომხსენებლის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით, თითოეული არგუმენტი მაგიდაზე უნდა დაიდოს.
"არ ვაპირებ რამენაირად რეაგირებას. თუ ვინმეს აქვს შეკითხვები მომხსენებლის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით, საჯაროდ უნდა გამოთქვას და თითოეული არგუმენტი მაგიდაზე უნდა დაიდოს. დანიშვნისას ყველა მომხსენებელი აკეთებს განცხადებას ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ. როდესაც მე ამ განცხადებას ვაკეთებდი, აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი, ისევე როგორც ჩემი კოლეგა მაიკლ იენსენი. თუ ვინმე კითხვის ქვეშ აყენებს ჩემს პროფესიონალურ პატიოსნებას, ველოდები რაიმე მტკიცებულებას ამის გასამყარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს როგორც ამერიკელები იტყვიან ხოლმე, უბრალოდ ზურგში ლახვრის ჩაცემაა. არა მგონია, ასეთი საქციელი მორალური პოლიტიკის კრიტერიუმებს შეესაბამებოდეს. მცდელობა, არგუმენტის გაქარწყლების ნაცვლად, ეჭვი მომხსენებლების პატიოსნებაში შეიტანო, არღვევს კარგად ცნობილ პრინციპს _ შეუტიე არგუმენტს და არა პიროვნებას", - განაცხადა სილევიჩმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია საქართველოს შესახებ თანამომხსენებლების – ბორის სილევიჩისა და მაიკლ იენსენის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე მიიღო. თუმცა მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დოკუმენტში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს, მათ შორის, ბაჩო ახალიას წინასწარი პატიმრობის ვადის, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფლად წარმართვის აუცილებლობის შესახებ. საპარლამენტო ასამბლეამ თითქმის ყველა კრიტიკული ცვლილება დაამტკიცა, გარდა ერთისა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებების შემდეგ რეზოლუციას თავად მომხსენებლებმა მხარი არ დაუჭირეს. რის სემდეგაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა სილევიჩი პრორუსულ განწყობებში დაადანაშაულა.
"პარტია, რომელსაც ევროპის საბჭოს მომხსენებელი წარმოადგენს, რუსეთის მმართველი "ედინაია როსიას" ოფიციალური პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ ბორის სილევიჩი ცდილობდა ბალანსის დაცვას, ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი კრიტიკისგან დაეცვა", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 921
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია