დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - ბევრი ფაქტორია, რომელიც სტაბილურობის განმტკიცებას არ ემსახურება და მათი მოწესრიგებისკენ მოვუწოდებთ რუსეთს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/09 12:30:02
არანაირი ქმედება, რომელსაც საქართველო ახორციელებს თავისი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, თავისი ჯარების გასაწვრთნელად არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, პირიქით, ეს ემსახურება რეგიონში სტაბილურობის განტკიცებას.
"სხვა ბევრი ფაქტორია, რომელიც არ ემსახურება სტაბილურობის განმტკიცებას რეგიონში და სწორედ მათი მოწესრიგებისკენ მოვუწოდებთ ჩვენ ყოველ ჯერზე რუსეთს, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იქ უკონტროლო სიტუაცია და რუსეთის ჯარის ყოფნა ამ ტერიტორიებზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულებას, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ვალდებულება საქართველოს ორჯერ აქვს აღებული.
"ერთხელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ და შემდეგ ეს გამეორებული იქნა საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ. ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება უნდა აიღოს რუსეთის მხარემ. ამას მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმება და შესაბამისად, რუსეთი არის ვალდებული აიღოს ეს ვალდებულება თავის თავზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.
"რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ქართული მედიის მიერ გამოთქმულ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას შეეხება. ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება ამიერკავკასიის ტერიტორიაზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია