დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისში მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის კონფერენცია გაიხსნა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/09 09:00:02
თბილისში, მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (ეპრა) კონფერენცია გაიხსნა. სამდღიან ღონისძიებაში 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოდან 130-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა, ეპრა-ს თავმჯდომარემ და მასთან ერთად პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა 8 ოქტომბერს გახსნეს.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებისათვის ამ დარგის სწორი და კარგი მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრიორიტეტია.
"მახსოვს დღეები, როდესაც საქართველოში პირველად დაიწყო მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ტელეკომუნიკაციების სფერო, ეს არის დარგი, რომელსაც სპეციალური დამოუკიდებელი მარეგულირებელი სააგენტო სჭირდება. გეტყვით გულახდილად, რომ მეც და ბევრ ჩემს კოლეგას არ გვესმოდა, რატომ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ საბჭოთა ცხოვრების სტილიდან მოვდიოდით. როდესაც იყო განცდა იმისა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უკეთ იცის და მთავრობა ყველაფერს ყველაზე უკეთ გადაწყვეტს. დღეს ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებთ და ეს თქვენი დამსახურებაცაა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მარეგულირებელი ორგანოების სისტემა სულ უფრო ახლოს მიდის ევროპულთან. თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და სასწავლი, - მიმართა სტუმრებს დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ დღევანდელ პარლამენტში ერთადერთი საგამოძიებო კომისია სწორედ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა.
"კომისიამ 6 თვის განმავლობაში ძალიან ინტენსიური სამუშაო ჩაატარა და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტარები ყველაზე მეტად სწორედ ამ დარგში დასპეციალისტდნენ. კომისიის დასკვნა იყო საკმაოდ სერიოზული და საქმიანი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმა 1995 წელს შეიქმნა და ის ევროპის 52 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო ეპრა-ს წევრი 2011 წლიდან არის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია