დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ჟღენტი - PACE-ს რეზოლუცია წინ დაგვხვდება, მათ შორის ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობებშიც
ავტორი:
2014/ოქტომბერი/02 11:30:04
საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებლის, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტის შეფასებით, ვინც ამბობს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუცია მიკერძოებულია და ოპოზიციის მიერ სიცრუის მანქანის ამუშავების შედეგია, ან თავს იტყუებს ან მართლა სიცრუეში იმყოფება.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მამუკა ჟღენტმა განუცხადა, რომელიც გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს ესწრებოდა. მამუკა ჟღენტის თქმით, მას საქართველოზე ასეთი რეზოლუცია არ ახსოვს და იგი ქვეყნას დადებითს არაფერს მოუტანს.
"რეზოლუცია და რეზოლუციის მიღების პერიპეტიები საკმაოდ მძიმე განწყობაზე დაგაყენებს. ის, რომ ასეთი მძიმე რეზოლუცია მიიღეს საქართველოზე, მგონი არავის არ უნდა გაჰკვირვებოდა. ფაქტია, რომ რეზოლუციაც და მოხსენებაც, საკმაოდ ადეკვატურად და ობიექტურად ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას. ვინც ამბობს, რომ რეზოლუცია მიკერძოებულია და ოპოზიციის მიერ სიცრუის მანქანის ამუშავების შედეგია, ან თავს იტყუებს ან მართლა სიცრუეში იმყოფება. თავისთავად უნდა ვაღიაროთ, ოპოზიციამ იმუშავა და საკმაოდ ეფექტურადაც, თუმცა, დამერწმუნეთ, ის რაც არ არსებობს ბუნებაში, რეზოლუციაში ვერ მოხვდებოდა, როგორი დახვეწილი და დაზეთილი სიცრუის მანქანაც არ უნდა ჰყავდეს ვინმეს. საკმაოდ ბევრი ფილტრია იმისათვის, რომ ტექსტი გამართული და დამაჯერებელი იყოს. ასევე არის ფილტრები, რომლებიც არ უშვებს რეზოლუციაში ისეთი ჩანაწერების გაკეთებას, რაც შეიძლება სიმართლეც კი იყოს, მაგრამ არ შეესაბამება დამკვიდრებულ სტანდარტებს და ე.წ. ასამბლეის ენას. სხვათა შორის, ეს გუშინაც გამოჩნდა, ივანიშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერთან მიმართებაში. ვინც ამ ყველაფერს ევროპის სახალხო პარტიას (EPP) დააბრალებს, არ იქნება მართალი. გადახედეთ კენჭისყრის შედეგებს და მიხვდებით, რომ ეს ასე არ არის. უფრო მეტიც, ვინც ამ ვერსიას გაუკეთებს ზომბირებას, მაშინ იმის მტკიცებაც შეუძლია, რომ რეზოლუციის წინააღმდეგ, ჩვენი დელეგაციის უმრავლესობის წარმომადგენლებისა და სხვა დეპუტატებთან ერთად, ხმა მისცეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არაკეთილმოსურნეებმა და რუსეთის ლობისტებმა (აქ ათვლის წერტილად უნდა ავიღოთ რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე ასამბლეის ისტორია და დაფიქსირებული პოზიციები). ასე რომ, არც ერთი ასეთი რადიკალური შეფასება არ წარმოადგენს არც ლოგიკურ და არც მართებულ შეფასებას", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.
მისივე თქმით, არასწორია როგორც ამ რეზოლუციით გახარება, ისე მისი მნიშვნელობის დაკნინება.
"ასეთი რეზოლუცია შენს სახელმწიფოზე დადებითს არაფერს მოუტანს ქვეყანას. მე, საქართველოზე ასეთი რეზოლუცია არ მახსოვს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არ იყო მონიტორინგის ძირითადი მოხსენება საქართველოზე. იგი მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას ეხებოდა, თუმცა უარესი ისაა, რომ რეზოლუცია ადეკვატურად ასახავს რეალობას და ეს უფრო საგანგაშოა, ვიდრე თვით რეზოლუცია. ეს რეზოლუცია წინ დაგვხვდება მათ შორის ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობებშიც და ამის ნიშნები სულ მალე გამოჩნდება. ვიცი გამოჩნდებიან ვინც იტყვის ომახიანად: "წინ ევროპისკენ! ამ რეზოლუციის გარეშეცო", მაგრამ ომახიანობა არ ნიშნავს, რომ ეს მართლაც ასე იქნება", - აღნიშნა ჟღენტმა.
რაც შეეხება თვითონ რეზოლუციის მიღების პროცესს, მამუკა ჟღენტის თქმით, ის, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ საკუთარი ცვლილებების გატანას, ნორმალურია და ამაში დასაძრახი არაფერია.
"კრიტიკულად თუ მივუდგებით ჩვენი დელეგაციის ორივე ფრთის საქმიანობას შეიძლება ითქვას, რომ ეფექტურობით ოპოზიციამ ნამდვილად დაჯაბნა სახელისუფლება გუნდი. უმრავლესობამ ვერც მხარდამჭერების მობილიზება მოახერხა და ვერც ადეკვატური არგუმენტაცია წარუდგინა ასამბლეის წევრებს (ეს მეორე საკმაოდ რთული იყო, რადგან რეზოლუციის პროექტი საკმაოდ ობიექტური და ფაქტებით გამაგრებული იყო). ოპოზიციას კი, ჩემი აზრით, ცოტა მეტი მოუვიდა და ალბათ, უნდა გაეთვალისწინებიდა როგორც ასამბლეის პრაქტიკა, ასევე პოლიტიკური კონიუნქტურაც ასამბლეაში. კერძოდ კი, სამდივნოს ინტერესები და შესაძლო პოზიცია, მითუმეტეს, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ და იციან, რომ ასამბლეა არ ცრუობს, არასწორს არ ამბობს, მაგრამ ასევე ცნობილია იმით, რომ შეუძლია რაღაცა არც თქვას, სულ რომ ჭეშმარიტება იყოს. შესაბამისად, ჩემი შეფასებით, ის რესურსი რაც შეეძლოთ დამატებით მოეპოვებინათ მომავლისათვის, ხელიდან გაუშვეს", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.
მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელთა ყველა გამოსვლა, ტაქტიკურად კონტრპროდუქტიული იყო და მხოლოდ ოპოზიციის ერთმა წარმომადგენელმა ახსენა რუსეთი და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და ისიც საკმაოდ მოკლედ, სხვა გამოსვლები კი, მამუკა ჟღენტის შეფასებით, "ჩვენი ღამის თოქშოუების სცენარს წააგავდა".
"ერთია ტექსტზე მუშაობა და ცვლილებების წარდგენა და მეორე დებატებში ზეპირი გამოსვლა. ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო, ამ ორი ელემენტის ცოტა უკეთ გააზრება და უფრო დახვეწილი მიდგომა. არადა, ჯერ კიდევ ჩვენი პირველი დელეგაციიდან მოყოლებული, ჩვენი ორატორები მართლაც გამოირჩეოდნენ ასამბლეაში. ეს ჩემი სიტყვები არაა. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, გინებას არ დავუწყებთ ევროპის საბჭოს, არც იმას ვიტყვით, რომ ეს ასამბლეაა და სამაგიეროდ, გენმდივანი ხელისუფლებას უფასებს ოცნებებს. უნდა ვისწავლოთ ყველაფერის ადეკვატურად აღქმა და გათვალისწინება. მტრის ხატის შექმნა ან მეგობრების შეურაცხყოფა და უგულვებელყოფა, კარგს არაფერს მოგვიტანს. არც ევროპის საბჭოს ასამბლეის და არც მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებები (გარკვეუელი გამონაკლისების გარდა) იურიდიულად სავალდებულო არაა ნამდვილად. იურიდიულად სავალდებეულო არც გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებებია. არც რუსეთზე დაკისრებული რეკომენდაციებია რუსეთისთვის სავალდებულო, მაგრამ ჩვენ თუ ასე ლეგალისტურად მივუდგებით ყველაფერს, ან რუსეთის "სუვერენული დემოკრატიით" დავასრულებთ ანდა რუსეთის აღმოსავლეთისკენაც შეგვეძლება გეზის აღება", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია გუშინ 103 ხმით, 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 839
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია