დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ოთარ დანელია და დავით სერგეენკო თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ
ავტორი:
2014/სექტემბერი/29 12:30:02
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, სიუზან რაისის პირადი მოწვევით, მსოფლიო ჯანდაცვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თეთრ სახლში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და ერთიანი სისტემის შემუშავების საკითხები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით, მსოფლიოს ჩართულობას და სხვადასხვა ქვეყნის როლს ამ პროცესში.
მსოფლიო ჯანდაცვის უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენს ახალი გლობალური თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ინიციატივით, 2014 წლის თებერვალში შეიქმნა და მასში გაერთიანებულია მსოფლიოს 44 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატი, მიზნად ისახავს მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებთან ბრძოლის ერთიანი სისტემის შემუშავებას.
,,აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი ვიზიტიც ამის ნათელი დადასტურებაა. მინდა ხაზი გავუსვა თეთრ სახლში გამართულ ძალიან მნიშვნელოვან და ნაყოფიერ შეხვედრას. მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სისტემა მოიცავს სამ ნაწილს: დაავადების პრევენცია, დადგენა-დიაგნოსტიკა და რეაგირება. აღსანიშნავია, რომ დადგენა-დიაგნოსტიკის მიმართულებით საქართველო და ნორვეგია ლიდერობენ", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
თეთრ სახლში გამართულ სამუშაო შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 832
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია