დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერმა ის ფაქტორები დაასახელა, რომლებიც გლობალურ კომპანიებს საქართველოში "შესანიშნავ შესაძლებლობებს" აძლევს
ავტორი:
2014/სექტემბერი/24 22:00:02
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ის ორი ფაქტორი დაასახელა, რომლებიც გლობალურ კომპანიებს საქართველოში "შესანიშნავ შესაძლებლობებს" აძლევს.
როგორც ღარიბაშვილმა, საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე „Invest in Georgia“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პირველი არის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველის მდებარეობა არ არის ახალი, მისი ინფრასტრუქტურა ნამდვილად ახალია. პრემიერის თქმით, ამ ფაქტორებს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენ განვახორციელეთ ფართომასშტაბიანი ინვესტიციები გზების, რკინიგზის და პორტების განვითარებაში. ამჟამად ვახორციელებთ საქართველოს გავლით ახალი გზატკეცილის მშენებლობას. გვაქვს რამდენიმე ახალი აეროპორტი, რომლის მენეჯმენტსაც ახორციელებს კერძო სექტორი. დღეს საქართველოს გავლით პროდუქციის ტრანსპორტირება აზიასა და ევროპას შორის საოცრად მარტივი და იაფია. ევროპას, კასპიის ზღვის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ ახლახან გამოვთქვით ინტერესი, მივიღოთ მონაწილეობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში, რომელიც მიიღებს "პანამაქსისა" და "პოსტ-პანამაქსის" ტიპის გემებს. გარდა ამისა, რადგან ჩვენ თავისუფალი და თითქმის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს ყველა მეზობელთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების, თურქეთისა და დღეს უკვე ევროკავშირის ჩათვლით, მეწარმეები, რომლებიც ეძებენ უფრო უსაფრთხო და მარტივ ბიზნესგარემოს, ამჯობინებენ საწარმოების დაარსებას საქართველოში და საბაჟო გადასახადის გარეშე ჩვენს რეგიონში პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის ჩვენი შესანიშნავი სატრანზიტო მომსახურებით სარგებლობას. ჩემი ვარაუდით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის პირობებში, წინდახედული მეწარმეები, რომლებიც ცდილობენ პროდუქცია გაყიდონ ევროპაში, დსთ-სა და თურქეთში, საქმიანობას სწორედ კეთილგანწყობილ საქართველოში გადმოიტანენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორიც ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარეობს, რომლის წყალობითაც საქართველო ასრულებს მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს ევროპაში კასპიის ზღვის რეგიონიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ერთადერთ გზას, რომელიც არ გადის რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებსა და მილსადენების სისტემებზე.
"შარშან შაჰ-დენიზის კონსორციუმმა გამოაცხადა სამხრეთ კავკასიის მილსადენის მასიური გაფართოების (28 მილიარდი დოლარი) შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით. რამდენიმე დღის წინ მე ვეწვიე აზერბაიჯანს, რათა საფუძველი ჩამეყარა ამ ახალი მილსადენის პირველი სეგმენტისთვის. ამ ექსპანსიის შედეგად, კონსორციუმი განახორციელებს 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციას საქართველოში. ამის შედეგად საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სატრანზიტო ხელშეკრულებით", - აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე გამოუყენებელი ჰიდრორესურსების ოდენობის მიხედვით. მანვე მეწარმეებს განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა.
"მწვანე ენერგია შეადგენს ენერგიის მოხმარების 90%-ს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით. დღესდღეობით ჩვენ ვიყენებთ ამ ტიპის ენერგიის მხოლოდ 20%-ს. ინვესტიციები ამ პრიორიტეტულ სფეროში მოიტანს მნიშვნელოვან ამონაგებს გრძელვადიან ჭრილში. მდიდარი და მზარდი ჰიდროელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობებისა და აღნიშნული ბუნებრივი აირის მარაგის წყალობით, საქართველო იქცევა ენერგორესურსების მნიშვნელოვან ექსპორტიორად. და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ენერგორესურსების ფასები საქართველოში რეგულარულად მცირდება. ამ ენერგორესურსების წყარო კი სულ უფრო "მწვანდება", - აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არის შესანიშნავი ადგილი არა მხოლოდ წარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისათვის, არამედ ნებისმიერი ინდუსტრიისთვის, რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიის დიდ რაოდენობას.
"ჩვენ, როგორც მთავრობას, შეგვიძლია ხელის შემწყობის როლის შესრულება, მაგრამ სწორედ ბიზნესებზეა დამოკიდებული ამ შესაძლებლობის გამოყენება. ჩვენი სურვილია, ბიზნესმა ჩვენში დაინახოს სანდო პარტნიორი ამ წამოწყებაში. ჩემი გუნდი მზად არის თქვენთან თანამშრომლობისთვის, რათა თქვენი შემოსვლა საქართველოში იყოს მაქსიმალურად მარტივი და მომგებიანი. ოქტომბრის მიწურულს, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ჩვენ გავმართავთ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს "საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის", რომელიც ჩატარდება თბილისში. ეს ღონისძიება არის ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლისა და მის სიმდიდრეებთან გაცნობის შესანიშნავი შესაძლებლობა. გამოვთქვამ იმედს, რომ მალე ეწვევით თბილისს და თავად იხილავთ, რისი შეთავაზება შეგვიძლია ჩვენ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 856
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია