დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბარბარე რაფალიანცის საქმის შესასწავლად საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება 
ავტორი:
2014/სექტემბერი/18 21:30:10
პარლამენტი, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან ავტოპარკინგის მოწყობის მიზნით, ავტოსადგომის ფართს 1 მილიონ 155.6 ათასს ლარად შეიძენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის 1 მილიონ 155.6 ათასი ლარით შემცირების გადაწყვეტილება. აღნიშნული თანხა ცენტრალური ბიუჯეტისკენ მიემართება და შესყიდვას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა გააცნო დეპუტატებს. მისი თქმით, შეთანხმება პარლამენტსა და სამშენებლო კომპანიასთან ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში არსებობდა. მისივე განმარტებით, ავტოფარეხის შესყიდვის პირობები ხელსაყრელია.

"საქართველოს პარლამენტს თბილისში ესაჭიროება ადგილები, სადაც ავტომანქანა გაჩერდება. ჯერ კიდევ წინა პარლამენტს ხელშეკრულება დადებული ჰქონდა იმ მშენებლობასთან, რომელიც პარლამენტის გვერდით მიმდინარეობდა. აღებული იყო ვალდებულება, რომ შენობის ფარეხის გარკვეული ნაწილი პარლამენტს ან იჯარით, ან იჯარა-გამოსყიდვით გადასცემოდა. როცა პარლამენტი მუშაობს თბილისში, ისევე როგორც ქუთაისში, ცხადია არის საჭიროება, რომ პარლამენტის წევრებმა მანქანა გააჩერონ. შემოთავაზებულია ძალიან მისაღები ფასი, სასურველია მოხდეს შესყიდვა და პარლამენტმა ყოველწლიურად იჯარის თანხები არ იხადოს. ამიტომ შესყიდვა მოხდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ. ეს თანხა გადაეცემა ცენტრალურ ბიუჯეტს და როდესაც შეისყიდიან, შესყიდული ქონება პარლამენტის ბალანსზე გადმოვა", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

თბილისში, პარლამენტისთვის ავტოფარეხის შეძენის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა უმცირესობისთვის. როგორც პლენარულ სხდომაზე ითქვა, მანქანების დასაყენებლად ფული არ უნდა იხარჯებოდეს იქ, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელი არ არის.

საკითხი პლენარულ სხდომაზე დებატების საგანი გახდა.

უმცირესობის წარმომადგენლის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ქუთაისში პარლამენტის მიტოვებით ქუთაისი მიატოვა.

"პარლამენტიც და ქუთაისიც უპატრონოდ არის მიტოვებული. ბიზნესიც აღარ მოდის ქუთაისისკენ, რადგან არ იცის, იქნება თუ არა ამ ქალაქში პარლამენტი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. უმცირესობის მოსაზრებით, 23 მილიონი ლარი უკანონოდ დაიხარჯა იმ შენობის აღდგენაზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტის სამუშაო შენობას არ წარმოადგენს.

უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებებს დეპუტატმა, ზურაბ ტყემალაძემ უპასუხა. "ბრძანებთ, რომ 23 მილიონი ლარი უკანონოდ დაიხარჯა შენობის აღდგენისათვის. რატომ დაიხარჯა უკანონოდ? შენობა პარლამენტის ბალანსზეა და არ უნდა განადგურდეს. მოდი, იკითხეთ, ვინ დაანგრია და რატომ დაანგრია პარლამენტის შენობა? რატომ მოხდა მთელი ინვენტარის განადგურება? შემიძლია განახოთ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ბრძანებები. მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში მარცხი განიცადეთ და ძალაუფლება დაკარგეთ, 1 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე გამოცემულია ბრძანებები ქონების სხვადასხვა პირებისთვის გადაცემის შესახებ. რა უფლება ჰქონდა უფლებაშეზღუდულ პიროვნებას?" - მიმართა უმცირესობას ზურაბ ტყემალაძემ.

უკანონო აბორტზე სასჯელი მკაცრდება. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას დეპუტატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყარეს კენჭი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მოქმედი კანონის მიხედვით, უკანონო აბორტი ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ისჯება, რომლის ვადაც 100-დან 240 საათამდეა. ცვლილებების მიხედვით, უკანონო აბორტისთვის პირველ ჯერზე ექიმს 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განმეორებით შემთხვევაში კი 2-დან 5 წლამდე.

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს, რომლითაც კოდექსის სათანადო მუხლი შესაბამისობაში მოდის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებაში აგრესიის დეფინიციის ახლებურ განსაზღვრებასთან. წარმოდგენილი ცვლილებით, აგრესიის აქტი განისაზღვრება როგორც სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან სხვაგვარად, რაც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას. მუხლის შენიშვნის მიხედვით კი აგრესიის აქტის დაგეგმვის, მომზადების, დაწყების ან წარმოებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელსაც თავისი მდგომარეობის გამო გააჩნია სახელმწიფოს პოლიტიკური ან სამხედრო მოქმედებების ეფექტური კონტროლის ან ხელმძღვანელობის შესაძლებლობა.

პირველი მოსმენით განიხილეს ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. წარმოდგენილი ცვლილებით, იმ ვადის განმავლობაში, როდესაც მოსამართლეს გაგრძელებული აქვს უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, თავმჯდომარის მოადგილედ, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ, ან რომელიმე ამ თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. ხოლო თუ პირი, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება გაუგრძელდა, საპენსიო ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე, ან ამ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებელია, მას შეუწყდება სასამართლოს თავმჯდომარის/მოადგილის, კოლეგიის, პალატის თავმჯდომარის ან მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება (როგორც მენეჯერული უფლებამოსილება) საპენსიო ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მიუხედავად.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია