დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით საგანელიძე - არჩევნების შემდეგ მარგველაშვილისგან ერთი სატელეფონო ზარი არ მიმიღია, შტაბს კი, მადლობა
ავტორი:
2014/სექტემბერი/16 21:00:02
საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხი არ დაუყენებია და მისთვის შეხვედრა არ უთხოვია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმრავლეობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
როგორც საგანელიძემ სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, კარგია, რომ პრეზიდენტი მზად არის უმრავლესობის წევრებს შეხვდეს და თავის მხრივ უმრავლესობა შეხვედება მას, თუკი ამას პრეზიდენტი ითხოვს.
საგანელიძის ცნობით, უმრავლესობის ფორმატში პრეზიდენტთან შეხვედრის თემა განხილვის საგანი იყო უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ არ დგას საკითხები, რის გამოც შეიძლება პრეზიდენტს შეხვდნენ.
აქვე უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის თემაზე უმრავლესობის წევრების: ზაქარია ქუცნაშვილის, გიორგი ვოლსკის, ვიქტორ დოლიძის და სხვათა განცხადებები მათი პირადი მოსაზრება იყო, მაგრამ არა უმრავლესობის გადაწყვეტილება. საგანელიძე კოლეგებს მოუწოდებს, უმრავლესობის სახელით ნუ ისაუბრებენ.
"მივესალმები პრეზიდენტის მზაობას უმრავლესობასთან შეხვედრის შესახებ. ეს ასეც უნდა იყოს და პრეზიდენტი უნდა ხვდებოდეს პარლამენტის წევრებს, ფრაქციას, უმრავლესობას, ისევე, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტაციას და ასე შემდეგ. ეს პრეზიდენტის ფუნქცია და მოვალეობებია და კარგია, რომ პრეზიდენტს ეს კარგად აქვს გათავისებული. თუ პრეზიდენტი გამოთქვამს სურვილს და გვთხოვს, რომ შევხვდეთ, ჩვენც მზად ვართ, შევხვდეთ პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში საკითხი უმრავლესობიდან არ დაყენებულა. გუშინ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი შეხვდეს პრეზიდენტს და მასთან გარკვეული საკითხები გაარკვიოს. ეს თითოეული დეპუტატის უფლებაა და ჩვენ არ ჩავერევით, მაგრამ უმრავლესობას ქუცნაშვილისთვის არ მიუცია იმის ლეგიტიმაცია, რომ პრეზიდენტთან რაიმე საკითხი გაერკვია. ვთხოვდი ყველა დეპუტატს, რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება პრეზიდენტთან იქნება, თუ ვისთანაც გნებავთ, ნებისმიერი საკითხი გაარკვიონ, მაგრამ უმრავლესობის სახელით მაშინ ისაუბრონ, როცა ამის ლეგიტიმაციას უმრავლესობა მისცემს. სხვათა შორის, გუშინ უმრავლეობის სხდომაზე რამდენიმე დეპუტატის მხრიდან გამოითქვა აზრი იმის შესახებ, ხომ არ გამართულიყო პრეზიდენტთან შეხვედრა, თუმცა საბოლოო ჯამში, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა არ დგას ისეთი საკითხები, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა მოვითხოვოთ. ვთქვით, რომ ამაზე თავს ვიკავებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით საგანელიძემ.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საგანელიძე გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, გრძელდება თუ არა მათი ურთიერთობა საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, საგანელიძემ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მარგველაშვილისგან ერთი სატელეფონო ზარი არ მიუღია, შტაბს კი, მადლობა.
"ნამდვილად მქონდა დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის საარჩევნო შტაბისთვისაც მეხელმძღვანელა. უნდა გითხრათ, რომ შტაბმა მართლა კოლოსალური სამუშაო შეასრულა. გულახდილად ვთქვათ, ბატონი გიორგი მარგველაშვილის ცნობადობა არჩევნების წინ ძალიან დაბალი იყო, ძალიან დაბალი იყო მისი რეიტინგი. იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" ძალიან მაღალი რეიტინგი მარგველაშვილზე გადაგვეტანა, შტაბმა მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან დიდი, 24-საათიანი სამუშაო ჩაატარა. ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, მაგრამ შტაბის წევრები გულდაწყვეტილნი არიან, რომ მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილია, არც ერთხელ მას შტაბისთვის მადლობა არ გადაუხდია. შტაბის არც ერთ წევრს მისგან მადლობა არ მოუსმენია. ეს გულისტკივილი ჩემამდე ნამდვილად მოდიოდა. ჩემთვის ყველაზე მეტად ადამიანური თვისებები სჭარბობს. რახან მკითხეთ, მქონდა თუ არა მასთან პირადი საუბრები, გეტყვით, რომ – არა. რაც პრეზიდენტი გახდა იმ დღის მერე პრეზიდენტ მარგველაშვილისგან არც ერთი სატელეფონო ზარი არ მიმიღია - იმ ადამიანს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის იმაში, რაც მოხდა და გულზე ოპერაციაც კი დამჭირდა, ისეთი იყო დატვირთვა. მისგან არც ერთი ტელეფონის ზარი არ მიმიღია არც მაშინ, როცა შვილი შემეძინა. როცა მე დავურეკე და ვუთხარი, რომ შვილი შემეძინა, სამწუხაროდ, მცირე დროც ვერ გამოძებნა ჩემთვის. ეს ადამიანური თვისებებია და აქ ბევრ რაღაცას ვხედავ – არ არის მხოლოდ კონსტიტუცია, კანონი, დებულება, დადგენილება და სად რა წერია. ჩვენ, ადამიანები, ურთიერთობებს ადამიანური ურთიერთობებით ვიწყებთ და ადამიანური ურიერთობებით ვამთავრებთ და მერე გადავდივართ ქაღალდებზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საგანელიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 882
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია