დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ სტატისტიკას აქვეყნებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/13 14:00:02
FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ სტატისტიკა გამოაქვეყნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" FactCheck.ge-დან აცნობეს, ორგანიზაციამ სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 5 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. სტატიები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების და პარლამენტის დეპუტატების განცხადებებს ეხებოდა.
ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას ეხებოდა. პარლამენტში, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას მან განაცხადა: "2005 წელს პარლამენტმა თავად სახალხო დამცველს მისცა რეკომენდაცია. სხვა არც ერთი რეკომენდაცია არც პარლამენტს და არც იმ კომიტეტს, რომელსაც მე წარმოვადგენ, მთავრობის არც ერთი უწყებისთვის არ გაუგზავნიათ".
ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2004-2012 წლებში საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე შესაბამისი დადგენილებები მიიღო, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და ფაქტების აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე მონიტორინგი დაევალა. თუმცა, საქართველოს პარლამენტს "საქართველოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" სახალხო დამცველის მოხსენების საფუძველზე, 2004-2012 წლებში სამთავრობო უწყებების მიმართ რეკომენდაციები არ გაუცია, როგორც ამას ეკა ბესელია მიუთითებდა. 2005 წელს პარლამენტმა თავად სახალხო დამცველს მისცა რეკომენდაცია. თუმცა, აღნიშნული რეკომენდაცია ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის მიზნით სახალხო დამცველის გააქტიურებას გულისხმობდა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 და 2014 წლებში საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე რეკომენდაციები გაუწია სამთავრობო უწყებებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს.
შესაბამისად, ეკა ბესელიას განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გადაამოწმა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა: "ჩვენ მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში (სომხეთთან) სავაჭრო ბრუნვა გავზარდეთ 42% – ით, ხოლო გასულ წელს 50%-ით, 2012 წელთან შედარებით".
ფაქტ-მეტრმა პრემიერის მიერ მოყვანილი სტატისტიკის სიზუსტე გადაამოწმა. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ ექვს თვეში სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 191 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 270 მლნ. აშშ დოლარამდე, ანუ 41.4%-ით გაიზარდა.
2012 წელს სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ სულ 329 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 496 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამდენად, ზრდამ 51.1% შეადგინა. ფაქტ–მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება სიმართლეა.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი სოზარ სუბარის განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, სამინისტროში "რეალური ცვლილება ის არის, რომ მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით ათჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვი (ოთხნახევარჯერ არის შემცირებული ყოველ 10 000 კაცზე გაანგარიშებით). მაგალითად, თუ 23 კაცი კვდებოდა თვეში "ნაციონალების" მმართველობის დროს, ახლა 7 თვეში არის 9 გარდაცვლილი პატიმარი".
სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა ციხეებში სუიციდის ფაქტების შესახებაც ისაუბრა: "არსებობს სუიციდის პრევენციის პროგრამები და სხვა ღონისძიებები. შარშან ოქტომბერში ჩვენ დავიწყეთ სუიციდის პრევენციის პროგრამა. ნოემბრიდან 9 თვის განმავლობაში, დღევანდელი დღის ჩათვლით, მომხდარია 1 სუიციდი".
ფაქტ-მეტრმა სოზარ სუბარის განცხადებაში მოყვანილი ინფორმაცია გადაამოწმა. 2006 – 2013 წლებში თვეების მიხედვით ყველაზე მეტი, 21 პატიმარი, 2011 წლის მარტში გარდაიცვალა. სოზარ სუბარის მიერ მოყვანილი რიცხვი მართალია ახლოს დგას 2011 წლის მარტში დაფიქსირებულ გარდაცვალების შემთხვევებთან, თუმცა მისი ყოველ თვეზე განზოგადება არამართებულია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2014 წლის 7 თვის მონაცემებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 10 პატიმარი გარდაიცვალა.
რაც შეეხება სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვის კლებას, ფაქტ-მეტრმა 2013 წლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი გასული წლების მონაცემებს შეადარა. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით პატიმრების სიკვდილიანობის რიცხვი შესამჩნევად შემცირდა. 2010 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2013 წელს სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვი დაახლოებით 5.7-ჯერ არის შემცირებული. თუმცა, ეს მაჩვენებელიც თითქმის ორჯერ ნაკლებია მინისტრის მიერ დასახელებულ ათჯერ შემცირებასთან შედარებით.
ჩვენ პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება 10 000 პატიმარზე გაანგარიშებითაც გამოვთვალეთ. ფაქტ-მეტრმა ერთმანეთს 2010 წლისა და 2013 წლის მონაცემები შეადარა. პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (10 000 კაცზე 60) 2010 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2013 წელს 2010 წელთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2.2-ჯერ შემცირდა და 27.5-ს გაუტოლდა. როგორც ვხედავთ, ეს მონაცემიც საკმაოდ განსხვავდება სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის მიერ დასახელებული ციფრისგან.
სუბარი შეცდა პატიმრებს შორის სუიციდის ფაქტების სტატისტიკაზე საუბრის დროსაც. კერძოდ, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის სამი, სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, და არა 1, როგორც ეს ყოფილმა მინისტრმა განაცხადა. ფაქტ–მეტრის დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება მეტწილად მცდარია.
გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებიც გადაამოწმა. მათგან ერთერთი ქვეყნის ვალებს ეხებოდა. ჯაფარიძის თქმით, "საგარეო ვალთან მიმართებაში და საშინაო ვალთან მიმართებაში, ერთი პროგნოზი იყო 2013 წლის დასაწყისში, მეორე პროგნოზი იყო 2014 წლის დასაწყისში, ახლა გვაქვს მესამე პროგნოზი, რომელიც ამ ანგარიშს მოყვა. ყველა ეს პროგნოზი მიდის გაუარესებისკენ".
2013 წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, სახელმწიფო ვალის ნაშთი 2014 წლის ბოლოსთვის 9984 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ნომინალურ მშპ-სთან სახელმწიფო ვალის ფარდობა 30.7%-ით იყო განსაზღვრული. 2013 წლის განმავლობაში ეს პროგნოზი ზრდის მიმართულებით რამდენჯერმე შეიცვალა.
საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი წარდგენისას, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა 9977 მლნ ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს ნომინალური მშპ-ს მიმართ, პროგნოზი 32% იყო. ცვლილება მოხდა მესამედ წარდგენისთვის მომზადებულ პროექტშიც, კერძოდ, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა 10410 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო ვალი ნომინალური მშპ-ს მიმართ 35.3%-ით განისაზღვრა. ახალი ვალის აღება დაგეგმილი 1132 მლნ ლარის ნაცვლად 1636 მლნ ლარამდე გაიზარდა. გამომდინარე აქედან, დეპუტატის განცხადება რომ მთავრობამ სახელმწიფო ვალთან მიმართებაში პროგნოზი გაუარესებისკენ შეცვალა, სიმართლეა.
ამას გარდა, საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ვალდებულებების ფაქტობრივი ზრდა გეგმით გათვალისწინებულზე ნაკლები იყო. თუმცა, ეს კლება ძირითადად მაინც საგარეო ვალის ხარჯზე მოდიოდა. გამომდინარე იქიდან, რომ საშინაო ვალის აღებით სახელმწიფო მნიშვნელოვნად ამცირებს კერძო სექტორისთვის განკუთვნილ საკრედიტო რესურსს და აღნიშნულ სახსრებს ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებისკენ მიმართავს, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ვალის ზრდა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესზე.
ზემოთ განხილული გარემოებების გათვალისწინებით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება სიმართლედ შეფასდა.
ჯაფარიძის კიდევ ერთი განცხადება ფოსტის მონოპოლიას ეხებოდა. მისი თქმით, "2014 წლის 6 იანვრის მთავრობის №40 დადგენილება არის ერთი ორგანიზაციისთვის ("საქართველოს ფოსტა") მონოპოლიის პირდაპირი მიცემა".
ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობის №40 დადგენილება მხოლოდ შპს "საქართველოს ფოსტას" ანიჭებს უფლებას განახორციელოს ამანათების შემოტანა, დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება, რომელიც შემოტანილია საქართველოს სახმელეთო ან საზღვაო გზით.
დადგენილებაში არ არის განმარტებული, ის თუ რა წონის საფოსტო გზავნილს წარმოადგენს ამანათი. თუ მთავრობის №40 დადგენილება საერთაშორისო ვალდებულების შესასრულებლად იყო მიღებული, ის აშკარად ეწინააღმდეგება და ვერ აკმაყოფილებს სართაშორისო პრაქტიკას, ვინაიდან ამ შემთხვევაში კონკრეტულადაა განსაზღვრული, თუ რას მოიცავს უნივერსალური საფოსტო მომსახურება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული დადგენილება ერთ კომპანიას სხვებთან შედარებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში აყენებს.
ფაქტ–მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება სიმართლეა.
FactCheck.ge "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.
ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 865
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია