დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არასამთავრობოები ბოლო პერიოდში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
2014/სექტემბერი/05 16:30:02
უკანასკნელ პერიოდში მომხდარ მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ.
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მკვლელობებისა და დანაშაულების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. მათივე შეფასებით, იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ მძიმე დანაშაულების რიცხვი გასულ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
არასამთარვობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მომატებული კრიმინალის შემთხვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი მედიისა და საზოგადოების შეკითხვებზე ხშირად არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია.
ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, სისტემატურად და უფრო ხშირად გამოაქვეყნოს დანაშაულის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკა, შეიმუშაოს დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტური პოლიტიკა.
"ბოლოდროინდელი მკვლელობებისა და დანაშაულების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ მძიმე დანაშაულების რიცხვი გასულ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი მედიისა და საზოგადოების შეკითხვებზე მომატებული კრიმინალის შემთხვევების შესახებ ხშირად არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია. ობიექტური რეალობის ასახვისა და მდგომარეობის სათანადოდ შესაფასებლად კი, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, აქვს თუ არა სახელმწიფოს დანაშაულთან ბრძოლისა და მისი პრევენციის სტრატეგია და რა მეთოდებით წარმოებს დანაშაულის სტატისტიკის გამოანგარიშება.
მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში შესაბამისი საგამოძიებო უწყებები, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზოგადი პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, უნდა უზრუნველყოფდნენ საზოგადოების ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ რა კეთდება ამ დანაშაულების დროული გამოძიებისათვის და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისთვის. ამასთანავე, უნდა გადაიხედოს დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მეთოდები და ამ მიმართულებით ჩამოყალიბდეს სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგია.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის ორგანოებს:
● სისტემატურად და უფრო ხშირად გამოაქვეყნოს დანაშაულის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკა, რაც შესაძლებელს გახდის კრიმინოგენული მდგომარეობის ობიექტურ ანალიზს;
● უზრუნველყოს დანაშაულის სტატისტიკის მეთოდოლოგიის ხელმისაწვდომობა მედიისა და საზოგადოებისათვის;
● შეიმუშაოს დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტური პოლიტიკა;
● რეციდივიზმთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პატიმართა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროგრამებს;
● ვადაზე ადრე გათავისუფლებისას შესაბამისმა ორგანოებმა ზედმიწევნით შეისწავლონ ყოველი პატიმრის საქმე, პოლიტიკოსებმა კი რეკომენდაციების გაცემისას გაითვალისწინონ ის პასუხისმგებლობა, რასაც ისინი საზოგადოების წინაშე იღებენ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"; "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა).

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 859
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია