დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას რაიმე სახის სამხედრო მოქმედებების გზით არ ვაპირებთ
ავტორი:
2014/სექტემბერი/04 00:30:02
ჩვენ არ ვაპირებთ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას რაიმე სახის სამხედრო მოქმედებების გზით, იქნება ეს ცხინვალის რეგიონსა თუ აფხაზეთში , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სტაბილურობის შესახებ არსებული კითხვის ნიშნები მალე შეიცვლება ნატო-ს ძალიან მტკიცედ გამოხატული და ფორმულირებული პოლიტიკით, რაც მისივე მოსაზრებით საქართველოსა და რეგიონს გახდის უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს უელსის სამიტის შემდეგ.
"რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, ჩვენი მშვიდობიანი, წყნარი, სტაბილური ეკონომიკური გარემო, რაც თავისთავად ნიშნავს მშვიდობიან, მშვიდ, სტაბილურ ეკონომიკურ კავკასიას, არის დიდი შესაძლებლობა რუსული ბიზნესის სტაბილურობისთვის. გამოდის, რომ ჩვენ რუსეთის პრობლემებზეც ვზრუნავთ. საქართველო, როგორც კომუნიკაციის ცენტრი, არის პოტენციური დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის თავისი ენერგოტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების კორიდორით, რომელიც ხელს შეუწყობს აზიის რესურსების მოხვედრას ევროპაში, და რომ ეს არ არის საფრთხე, არამედ შესაძლებლობაა იმ ხალხისთვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რათა შესაძლებლობის ფარგლებში გვეჩვენებინა ეს პოზიტიური წინსვლა ჩვენი მოკავშირეებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის ევროპაში, დასავლეთსა და მთელ მსოფლიოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ძალიან პრინციპული და პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. პრეზიდენტმა აუდიტორიას შეახსენა, რომ საქართველო არის ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ნატო-ს მიერ ავღანეთის უსაფრთხოების ოპერაციაში, აისაფში, ასევე ევროკავშირის უსაფრთხოების ოპერაციაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
"ჩვენ განვაცხადეთ და აღსანიშნავია, რომ ჩვენი მთავრობაც და ჩვენი წინამორბედებიც ამ საკითხზე ერთსულოვანნი ვართ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას რაიმე სახის სამხედრო მოქმედებების გზით, იქნება ეს ცხინვალის რეგიონსა თუ აფხაზეთში. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება და ჯერ კიდევ გარდამავალ ეტაპზეა, მაგრამ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ქვეყანა, რომელიც აძლიერებს და აღრმავებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და, რა თქმა უნდა, ამ გზაზე გვხვდება საკითხები, რომლებიც კიდევ მოითხოვს განვითარებასა და წინსვლას, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს მეტი ჩაბმულობა ევროპაში, ნატოში, და ნატოს მეტი ჩაბმულობა საქართველოში, რასაც, პრინციპში, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვცდილობთ, არის ყველაზე სწორი გზა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უცხოელი პარტნიორების, მოკავშირეების ჩაბმულობა შექმნის უფრო სტაბილურ ქვეყანას, უფრო სტაბილურ და უფრო დაცულ რეგიონს მთელი მსოფლიოსათვის.
"ამ გზავნილით მივდივართ ჩვენ ნატო-ს სამიტზე, სადაც, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სტაბილურობის შესახებ არსებული კითხვის ნიშნები მალე შეიცვლება ნატოს ძალიან მტკიცედ გამოხატული და ფორმულირებული პოლიტიკით, რაც საქართველოსა და რეგიონს გახდის უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს უელსის სამიტის შემდეგ. ეს არის ჩვენი გზავნილი. ამ თვალსაზრისით ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. გვჯერა, რომ ჩვენს ხელთაა ძალიან ცხადი საშუალებები, რომელებსაც ჩვენს მოკავშირეებს გავუზიარებთ და იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესის მომტანი იქნება საქართველოსთვის, კავკასიისა და თანდათანობით ევროპისთვისაც", - განაცხადა პრეზიდენტმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია