დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - რაც უკრაინაში ხდება, არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის
ავტორი:
2014/სექტემბერი/04 00:00:02
რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვხედავთ, როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა საუბარი უკრაინის თემით დაიწყო და საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, იყო ქვეყნის დასჯა დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანისთვის. მისივე თქმით, ის, რაც 2014 წელს უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის. მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს ტერიტორია, ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორია, ოკუპირებულია, მაგრამ ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ეს არის პასუხი და დასჯა თავისუფალი არჩევანისათვის.
"ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა საპატიო სტუმრებთან, ამ ღირსეული აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. შესავალ სიტყვაშიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ უაღრესად რთულ დროს, ეს არის რთული პერიოდი როგორც საქართველოს, ასევე რეგიონისთვის, ეს არის ვითარება, რომელიც მოითხოვს ახალი საპასუხო ზომების, ახალი მიდგომის გამოძებნას ჩვენი რეგიონის, საქართველოს, უკრაინისა და გლობალურად, ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული რთული საკითხების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს შესახებ, მაგრამ ამ ვითარებაში იძულებული ვართ დავიწყოთ უკრაინის თემით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინა არის ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს და რომლის მიმართაც ჩვენ განსაკუთრებული მეგობრული განცდა გვაკავშირებს, არა მხოლოდ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, არამედ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდიდან.
"იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენ თანამოაზრეები ვართ. ჩვენ ვგრძნობდით, რომ უკრაინასა და საქართველოში ერთნაირი დამოკიდებულება გვქონდა ისეთ მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ინდივიდუალობის განვითარება. ეს მეგობრობა და თანამოაზრეობა კიდევ უფრო გაძლიერდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან. უკვე ორი ათწლეულია, ჩვენ ერთმანეთს აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენი გეგმების ხორცშესხმისთვის. სამწუხარო მოვლენებმა ჩვენ კიდევ უფრო დაგვაკავშირა იმ ურთულესი პრობლემებით, რომლებიც გვაქვს. იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვხედავთ, როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებას. ახლა ჩვენ ვიზიარებთ ერთმანეთის პრობლემებს, რადგან საქართველოს ტერიტორია, ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორია, ოკუპირებულია, მაგრამ ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ეს არის პასუხი და დასჯა იმისათვის, რომ ჩვენ თავისუფალი არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენი მისწრაფებები რეალობად ვაქციეთ ახალ ევროპულ სივრცეში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკარინაში განვითარებული მოვლენები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების მისწრაფებას უკავშირდება.
"ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების მისწრაფებას უკავშირდება, იგივე მოხდა საქართველოს შემთხვევაში. ახლა ჩვენ უკვე ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრები, მაგრამ გლობალური თვალსაზრისით, ჩვენი მეზობლის - რუსეთის ფედერაციის პასუხი ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანის მიმართ ძალიან უხეში იყო. თუმცა ჩვენი კავშირი ამ ვითარებამ კიდევ უფრო განამტკიცა და ვავითარებთ ახალ, საერთო მიდგომებს - ჩვენ და უკრაინა ერთად. ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, იყო ქვეყნის დასჯა დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანისთვის. ის, რაც 2014 წელს უკრაინაში ხდება, ასევე არის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ორივე მოვლენა არის გლობალური თეორიის კონკრეტული ფაქტი, გლობალური მიდგომა ახლად ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოების მიმართ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 908
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია