დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ყველას გვაქვს
ავტორი:
2014/აგვისტო/22 09:00:02
ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება გაგვაჩნია ყველას, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , გიორგი მარგველაშვილმა უმცირესობის ლიდერ, დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
"დეკლარაცია არის ის ერთ-ერთი ურთულესი დოკუმენტი, რომელსაც მე ვავსებ და ბევრს ვწვალობ, სკურპულოზურად ვავსებ. იმიტომ, რომ, რაც გავხდი საჯარო მოხელე, ჩემი ერთ-ერთი ვალდებულებაა საზოგადოებამ იცოდეს ჩემი შემოსავლები. მიმაჩნია, რომ ეს ვალდებულება გააჩნია ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის იმათ, ვისაც უკავიათ უმაღლესი თანამდებობები. ამ საქმის დეტალები, ბუნებრივია, მე არ ვიცი, მაგრამ ვალდებულება გაგვაჩნია ყველას და ეს ვალდებულება არის სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ",-განაცხადა პრეზიდენტმა.
მთავარმა პროკურატურამ გუშინ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მთავარი პროკურატურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის ანგარიშზე დაფიქსირებული თანხების წარმომავლობის შესწავლით დაინტერესდა.
მთავარი პროკურატურის განცხადების თანახმად, მედიით გავრცელებული ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ვინაიდან HCBS-ის საბანკო ანგარიშზე განთავსებული 276 849,89 გირვანქა სტერლინგი დავით ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრთა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ყოფილა.
დავით ბაქრაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბანკ HCBS-ის ანგარიშზე არსებული თანხა მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს და სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ბაქრაძის თქმით, მისი სიმამრისგან სახლი ოფისისთვის საქართველოში შვეიცარიის საელჩომ იყიდა და შესაბამისად, თანხის გადამხდელს სწორედ საელჩო წარმოადგენს.
როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის 28 ივლისს დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ "HCBS" ბანკის ინგლისის ოფისში დახურეს საბანკო ანგარიშები (40228434012380; 40228434012380), რომლებზეც განთავსებული ჰქონდათ 276 849,89 გირვანქა სტერლინგი (795 000 ლარი) და სხვა საბანკო ანგარიშებზე გადაიტანეს. ასევე გავრცელდა აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია