დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უცხოელი მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემა მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულოებში მოხდება
ავტორი:
2014/აგვისტო/18 13:00:02
მიგრაციის პროცესთან დაკავშირებით უცხოელი მოქალაქეებისთვის პირველი სექტემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
მიგრაციის მართვის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს კონსულარიუმის ფარგლებში განიხილავენ, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმართება. შეხვედრაზე საკონსულო თანამდებობის პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია ამ მიმართულებით ახალი რეგულაციების და პროცედურების თაობაზე.
"გადავწყვიტეთ მიგრაციის პოლიტიკის შემუშავება, რომლის ერთ-ერთი ნაწილი არის ისიც, რომ უცხოელი მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემა უნდა მოხდეს მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენს საკონსულოებში. ეს გამოიწვევს რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ნაკადს ჩვენს საკონსულოებში, რის გამოც უნდა მოხდეს მათი გადაიარაღება – თანამშრომლების დამატება და მათი არეალის გაფართოება", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს კონსულარიუმის დაწყებამდე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადაც შეუმცირდებათ.
"გარდა იმისა, რომ ვიზების გაცემა საზღვარზე იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და ძირითადად ის გაიცემა ჩვენს საკონსულოებში, ასევე ერთ-ერთი ცვლილებაა ის, რომ თუკი ადამიანს აქამდე 365 დღის განმავლობაში შეეძლო საქართველოში უვიზოდ ყოფნა, ახლა ეს ვადა შეზღუდულია. კერძოდ, 180 დღიდან ჩვენს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 90 დღე. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ცალმხრივად გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ანუ მათ შეუძლიათ ჩვენთან შემოსვლა და ჩვენ არ შეგვიძლია მათ ქვეყანაში შესვლა, უმეტეს შემთხვევებში, ეს რეგულაციაა დარჩენილი", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
კონსულარიუმი საგარეო საქმეთა სამინისტროში 27 აგვისტომდე გაგრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მისი ორგანიზატორი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრია. კონსულარიუმის მონაწილეები ასევე გაეცნობიან სავიზო საკითხების მართვის ელექტრონულ სისტემას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მისიისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა.
ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართება. აკადემიის ბაზაზევე ჩატარდება ტრეინინგები. ტრეინინგებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები წარუძღვებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია