დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოლეგ მელნიკოვი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის
ავტორი:
2014/აგვისტო/11 21:00:02
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ოლეგ მელნიკოვი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის.
აღიარებითი ჩვენება მელნიკოვმა დღეს, გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მისცა. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა. ამ დროს კი, როგორც მელნიკოვი აცხადებს, იგი ავტომობილში დათა ახალაიას ელოდებოდა. მელნიკოვმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა და დათა ახალაიას დაწერილ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში არსებული პროტესტი ჩაეხშოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომლის დაკავებით.
მელნიკოვის თქმით, ამაზე თანხმობა არსებობდა როგორც ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილისგან. მისი განცხადებით, მაღალჩინოსნების შეთანხმების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ თანამშრომელს დააკავებდნენ და შემდეგ კი გაათავისუფლებდნენ. ამასთან, მელნიკოვმა აღნიშნა, რომ დათა ახალაიას თხოვნით, მან დაწერილ ჩვენებას ხელი მოაწერა და ახალაიას დაპირდა, რომ სასამართლოში აღნიშნულ ჩვენებას დაადასტურებდა.
მელნიკოვმა აღიარებით ჩვენებაში ისიც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ხელფასი ყოველთვიურად ერიცხებოდა.
დღევანდელ პროცესზე მელნიკოვის დაკითხვა ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით ხდებოდა. როდესაც პროცესი გადაიდო, გადადების მიზეზი გახდა ის, რომ ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი მელნიკოვის გარდა, იცავს აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ ვალერიან მეტრეველს. ადვოკატმა განმარტა, რომ ვინაიდან მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება მისი დასაცავი პირის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, დადგა ადვოკატის აცილების საკითხი, რის გამოც პროცესი შეწყდა.
მელნიკოვის დაკითხვა ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით 13 აგვისტოს გაგრძელდება.
დღევანდელი პროცესის შემდეგ განცხადება გააკეთა საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული პირების დანაშაულებრივი ქმედებები. პროკურორის შეფასებით, ოლეგ მელნიკოვმა თავდაპირველად გირგვლიანის საქმეზე ძველი ხელისუფლების პირობებში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დათა ახალაიას ფაქტორიდან გამომდინარე, ცრუ ჩვენება მისცა. დღეს კი, მან რეალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს.
ოლეგ მელნიკოვმა საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა, "ბრალდებულმა მისცა ჩვენება, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, ვისი თხოვნითა და ვისი მინიშნებით გაიცა სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცების ბრძანება", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია