დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე კარლ ბილდტის განცხადებას სასამართლოზე "გარკვეულ ზეწოლად" აფასებს
ავტორი:
2014/აგვისტო/06 19:30:02
კარლ ბილდტის განცხადება, მთლად კორექტული არ არის, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მისი შვედი კოლეგის მიერ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ შეფასებას.
"თუ ერთის მხრივ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომლისკენაც ყველა მოგვიწოდებს და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მეორეს მხრივ არ შეიძლება მიმდინარე პროცესს მიანიჭო ესა თუ ის კვალიფიკაცია. ბატონი ბილდტი მიმდინარე პროცესს, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა და არავინ იცის რა იქნება საბოლოო წერტილი, კვალიფიკაციას ანიჭებს, რომ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ეს ჩემი აზრით, არ შეიძლება, რადგან ესეც გარკვეული ზეწოლაა, თუ გნებავთ სასამართლოზე და მთელს პროცესზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს. "ჩვენი ამოცანაა არ დარჩეს არანაირი პასუხგაუცემელი კითხვა და რაც მთავარია, უზრუნველვყოთ ის, რომ კანონზე მაღლა არ იდგეს არავინ, რა თანამდებობაც არ უნდა ჰქონდეს მას წარსულში", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმაურება. "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით ევროპულ გზას სცდება. ეს ქვეყანას აზიანებს", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე".
თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი, რომლითაც დაცვის მხარე თბილისის საოლქო სასამართლოს 2 აგვისტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მისი პრეზიდენტობის დროს, 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევასა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია