დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
2014/აგვისტო/06 18:00:02
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე "ამბასადორიალი 2014"-ში მიიღო მონაწილეობა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ფონდის სტრუქტურის, საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნეს გარემოთი ინვესტორთა დასაინტერესებლად ელჩების მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს. "ელჩებს მივაწოდეთ ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ფონდის პორთფელში არსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია. დავსახეთ გეგმა, როგორ შეიძლება მათი ჩართვა ჩვენს პროექტებში", - აღნიშნა კოვზანაძემ.
კოვზანაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, მათ შორის ენერგეტიკულ პროექტებზე: გარდაბნის შერეული ციკლის თბოსადგურის და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობებზე.
ორივე პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება მლრდ აშშ დოლარამდეა და მათი განხორციელება ქვეყნის ეკონომიკაზე უზარმაზარ გავლენას მოახდენს. საუბარი შეეხო ასევე ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროექტებს - ბორჯომის რეგიონში "რიქსოსის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, რომლის გახსნა დეკემბრის პირველ ნახევარში იგეგმება და კახეთში "წინანდალი რედისონის" პროექტს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 22 მლნ აშშ დოლარია.
კოვზანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა წყალტუბოს კურორტის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ კვლევა, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-ს დაუკვეთეს, გამოკვეთს თუ როგორ შეიძლება წყალტუბოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების შესაძლო განვითარება. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის ახალი პორტის პროექტის და ე.წ. სენდვიჩ პანელების საწარმოს შესახებ.
უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყნის ბიზნეს გარემოთი უფრო მეტად დასაინტერესებლად ელჩების მხრიდან გაკეთდა განცხადებები საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტის საზღვარგარეთ შეხვედრების ორგანიზების შესახებ.
ამბასადორიალი "ქორთიარდ მარიოტში" 4 აგვისტოს გაიხსნა და 7 აგვისტოს დაიხურება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია