დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თედო ჯაფარიძე უცხოელ პარტნიორებს ღია წერილით პასუხობს
ავტორი:
2014/აგვისტო/06 17:00:02
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივი დევნის წარმოების შესახებ უცხოელი პარტნიორების მრიდან გამოთქმულ შეშფოთებას ღია წერილით პასუხობს.
განცხადებაში ჯაფარიძე შექმნილ ვითარებას ხსნის და საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს, კვლავ გააგრძელონ ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა.
"ინტერპრესნიუსი" ჯაფარიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რამდენიმე მოკლე განმარტება გაავრცელა. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე, განხილვის პროცესში არსებული საქმის შინაარსის კომენტირებისაგან თავს შევიკავებ. იმავე პრინციპის გამო, მსგავსი კომენტარებისაგან ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმაც თავი უნდა შეიკავონ. რასაკვირველია, იმ გამონაკლისის გარდა, როცა საკმარისი მტკიცებულება აქვთ სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპების დარღვევის თაობაზე (რაც, სამწუხაროდ, ხშირი მოვლენა იყო წინა ხელისუფლების პირობებში), რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა კანონის უზენაესობას. ამ შემთხვევაში, ბრალდებები სათანადო მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ქეთრინ ეშტონმა და ევროკომისარმა ფულემ აღნიშნეს, რომ "კანონზე მაღლა არავინ დგას. მართლმსაჯულება საქართველოში უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ, პროპორციულად, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, სასამართლო პროცედურების სრული დაცვით". ეს ეხმაურება ევროკავშირის ტრადიციულ პოზიციას, რომლის თანახმადაც "ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს ახალი მთავრობის დაპირებას ქართველი ხალხის მიმართ, რომ სათანადოდ გამოძიებს წარსულში ჩადენილ დანაშაულებს და სჯერა, რომ ეს პროცესი საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ევროპული ფასეულობების დაცვით ჩატარდება. პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება უდავოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია დაუსჯელობის არდაშვება". სწორედ ამიტომ, მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ კანონის უზენაესობას საქართველოში, უნდა დაასაბუთონ, რომ კონკრეტული პირები კანონზე მაღლა დგანან, ან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, საქართველოში ირღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.
ორივე მათგანი სერიოზული ბრალდებაა პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბრალდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაისმის. ევროპული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ კი, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მისწრაფებამ ბიძგი მისცა ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმების გატარებას და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თვისებრივად შეცვალა ჩვენი ქვეყანა. აშშ-სა და ნატო-სთან ერთად, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება გაუწიეს საქართველოს და დიდი როლი შეასრულეს პროცესების სწორად წარმართვაში, ქვეყნისათვის რთულ და გარდამავალ ეტაპზე. თუმცა, დემოკრატიული კონსოლიდაცია მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებით არ მიიღწევა. კონსოლიდაცია ითვალისწინებს სამართლიანი მართლმსაჯულებისადმი ნდობას, რაც გამოიხატება იმის რწმენაში, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. აღნიშნული მოითხოვს, რომ სრულად იქნეს გამოძიებული ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტები და, იმ შემთხვევაში, თუ წარსული, ახლანდელი თუ მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლები ბოროტად გამოიყენებენ მათზე დაკისრებულ უფლებამოსილებას, კანონის სრული დაცვით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნენ მიცემული. კანონის უზენაესობის პრინციპის უდიდესი მნიშვნელობა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნით მოხსენებაშიც იქნა ხაზგასმული, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ეს დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს წინა ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების კონკრეტული შემთხვევები, კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერი დაშლის შემთხვევა. შეგვიძლია კიდევ მოვიყვანოთ საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგალითად, Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის 2007 წლის დეკემბრის ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს დღეისათვის გამოძიებაში არსებული საქმეების შინაარსს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობენ ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამერბერგის, მხრიდან და მისი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.
"შურისძიებითი სამართალი", რომელსაც ხშირად იყენებს ზოგიერთი, მნიშვნელოვნად სცილდება აღნიშნულ შემთხვევებს. "შურისძიება" არის პროცესი, რომლის დროსაც, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიღებული ნორმები, წარსულში ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში გამოიყენება. საერთაშორისო სამართლის გავლენით, ეს დილემა ხშირად ჩნდება რეჟიმის ცვლილებების დროს. ჩვენს შემთხვევაში, გენერალური პროკურორი იძიებს საქმეებს, რომლებიც საყოველთაო დაუსჯელობის გამო იყო იგნორირებული. ამ საქმეების გამოიძიებით, დღეს საზოგადოებაში კანონის უზენაესობისადმი შელახული ნდობის აღდგენა ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ 2012 წელს, როდესაც არჩევნების გზით ხელისუფლება პირველად შეიცვალა საქართველოში, ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ სისტემური და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები იყო, რომლებიც სათანადო ჩვენებებითა და ვიდეომასალით იყო გამყარებული. ამ მტკიცებულებების სანდოობა არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ამგვარ ბრალდებებზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ მათი იგნორირება შეუძლებელია.
ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ დიდი დრო, რესურსები და პირადი ძალისხმევა შევალიეთ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისათვის აუცილებელი სამართლებრივი ნორმების შემუშავებასა და ამოქმედებას. გვჯერა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, სხვა უცხოელ მეგობრებთან ერთად, კვლავაც გააგრძელებენ ჩვენს დახმარებას და დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, რათა კანონის უზენაესობამ და სამართლიანობამ საქართველოში თეორიიდან პრაქტიკაში გადაინაცვლოს", - ნათქვამია ჯაფარიძის განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 904
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია