დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ გიორგაძე - ვფიქრობ, ჩემს მოადგილეებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი გადამეტებული იყო
ავტორი:
2014/აგვისტო/04 20:00:02
კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება, მანანა ბერიკაშვილის პოსტზე დატოვებასთან დაკავშირებით, განპირობებული იყო არა პოლიტიკური კონიუნქტურით, არამედ იმ პრობლემატიკით, რაც სამინისტროში დაინახა.
ამის შესახებ გიორგაძემ ჟურნალისტებს დღეს მოადგილეების პოსტზე კახა კანდელაკისა და მანანა ბერიკაშვილის წარდგენის შემდეგ განუცხადა.
"ზოგადად, მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ვფიქრობ გადამეტებული იყო ეს აჟიოტაჟი ჩემს მოადგილეებთან დაკავშირებით. მე ძალიან საქმიანად და ცივი გონებით ვუდგები ამას, შესაბამისად, რით იყო ეს გამოწვეული, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები. თუ ქალბატონ მანანაზე მეკითხებით, მაინც ვფიქრობ, რომ იმ საკითხების მოცულობიდან გამომდინარე, რაც ებარა მას სამინისტროში, ასევე ზოგ შემთხვევაში იმ პრობლემატიკიდან გამომდინარე, რაც არსებობდა, მაინც ჩავთვალე საჭიროდ, რომ მას გაეგრძელებინა ამ მიმართულებით მუშაობა. გარდა ამისა, თავიდანვე ვაცხადებდი, რომ დიახ, ცვლილებები იქნება მოადგილეებში, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ 100%-ით ყველა შეიცვლება. ვცდილობდი მეპოვა ის ოპტიმალური ბალანსი, თუ რა დოზით მოვიდოდნენ ახალი კადრები და ვინ რა დოზით დარჩებოდა ძველი კადრები", - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
მისივე ინფორმაციით, კიდევ ორი მოადგილე, რომელთა პოსტები ჯერ კიდევ ვაკანტურია, ასევე, ახალი კადრები იქნებიან. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებებს მანანა ბერიკაშვილისადმი, რომ მას მორალური უფლება არ ჰქონოდა, ამ პოსტზე დარჩენისა, ბარბარე რაფალიანცთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციების გამო, კულტურის მინისტრი დარწმუნებულია, რომ თუ პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა ძალებს აქვთ კითხვები მანანა ბერიკაშვილთან, შეუძლიათ ეს კითხვები მას დაუსვან და ის თავად უპასუხებს.
"ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა პოლიტიკური კონიუნქტურით, არამედ იმ საკითხებით და იმ პრობლემატიკით, რაც სამინისტროში დავინახე. არ მგონია, რომ პოლტიკური შეხედულებების მიხედვით უნდა გამეკეთებინა ეს არჩევანი", - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
თავად მანანა ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ მან სამინისტროში მუშაობისას ბევრი კარგი საქმე გააკეთა და მოხარულია, რომ კვლავ კულტურის მინისტრის მოადგილედ რჩება.
"მე ვამბობდი, რომ მოდის ახალი გუნდი, მოდის ახალი ლიდერით. მე ძალიან გამიხარდა, რომ დავრჩი მათთან ერთად სამუშაოდ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. ჩვენი აზრები დაემთხვა საუბრების შედეგად და ვფიქრობ, მე ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ მუშაობას მიშასთან და კახასთან ერთად და დანარჩენს დრო გვიჩვენებს", - აღნიშნა მანანა ბერიკაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე მისი დაბრუნება იყო ახალი მინისტრის თუ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, მანანა ბერიკაშვილი აცხადებს, რომ მას ჰქონდა საუბარი კულტურის ახალ მინისტრთან და მისგან მიიღო შემოთავაზება მოადგილედ დარჩენასთან დაკავშირებით.
"უფლებამოსილება შეუჩერდა ყველას, მერე იყო ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმში კონსულტაციები, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მე მაინც მგონია, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთე აქ და ვფიქრობ, მომავალში ალბათ ერთად კარგად ვითანამშრომლებთ", - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია