დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გაერო - ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში მათი ბრალი შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად კვალიფიცირდეს
ავტორი:
2014/ივლისი/31 22:00:02
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებული ძირითადი შენიშვნები გამოაქვეყნა.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფატების გამოძიების საკითხს, როგორიცაა სამოქალაქო პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება, უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ქონების ჩამორთმევის შემთხვევები.
"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რათა იძულებითი გაუჩინარების, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენების, უკანონო დაკავებების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ქონების დაზიანებისა და ჩამორთმევის ფაქტები დამოუკიდებლად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული, რათა სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი პირები, პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დაისაჯონ, დაზარალებულებს კი სათანადო დახმარება გაეწიოთ, მათ შორის, კომპენსაციის სახითაც",- ნათქვამია დასკვნაში.
იმის მიუხედავად, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ აღძრულმა სისხლის სამართლის საქმეებმა შესაძლოა პოლიტიკური ანგარიშსწორების შთაბეჭდილება დატოვონ, გაერო მიიჩნევს, რომ გამოძიება უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ დამნაშავეები დაუსჯელი არ დარჩნენ.
"კომიტეტი შეშფოთებულია იმ ნელი წინსვლით, რომელიც წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათ პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით მიმდინარეობს, რომლებიც უშუალოდ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მოხდა, მათ შორის საქმეებისა, რომლებიც იძულებით გაუჩინარებას, სამოქალაქო და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ქონების დაზიანებასა და ჩამორთმევას ეხება, რომლებიც შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული", - აღნიშნულია დოკუმენტში.
დასკვნაში ხაზგასმულია, რომ გამოძიება უფრო მძიმე მუხლებით უნდა წარიმართოს, ვიდრე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაა, რადგან ჩადენილი დანაშაულებები შესაძლოა კვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
ანგარიშის ბოლოს აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს ძალაუფლების გადამეტების, მათ შორის პოლიციელთა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებებს, უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების გამოძიებას დაყოვნების გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დასჯის მათ, ასევე უზრუნველყოფს დაზარალებულთა სათანადო დახმარებას.
"ამ ორგანომ უნდა უზრუნველყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გამოძიება, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულებების იმ მუხლებით კვალიფიცირება, რომლებიც ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს. სახელმწიფომ ასევე უნდა მოამზადოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სპეციალისტები", - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნაში.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია