დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი აბაშიშვილი - რუსეთის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი რისკი არ შეექმნება
ავტორი:
2014/ივლისი/31 11:00:02
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის აზრით, რუსეთისგან სიურპრიზებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ.
ამის შესახებ აბაშიშვილმა BPN-ს მოსკოვის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა.
პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი რისკი არ შეექმნება.
"რაიმე სახის პროდუქციის შეზღუდვაზე  ან აკრძალვაზე ამ პროექტში ლაპარაკი არ არის. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ადრე ქართული პროდუქცია დაუბეგრავად შედიოდა რუსულ ბაზარზე, ახლა უკვე დაბეგვრის რეჟიმში გადავა და გარკვეულ სატარიფო შეზღუდვებს დაექვემდებარება. ამ ეტაპისათვის ასეა, ყოველ შემთხვევაში, ეს პროექტი გვეუბნება, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეჩერდა. ვაჭრობის აკრძალვის, ან რომელიმე პროდუქციის შეზღუდვაზე აქ არაფერი წერია, თუმცა, მსგავსი სიურპრიზებისაგან დაზღვეულნი ნამდვილად არა ვართ და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩემი აზრით, საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი რისკი არ შეექმნება არც ამ გადაწყვეტილებით და არც სხვა, უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, რადგან დღეს ჩვენთვის ნომერ პირველი პარტნიორი ევროკავშირია. ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთოებები ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის - იქნება ეს ექსპორტი, თუ იმპორტი. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების შემდგომ ევროპაში ჩვენი პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება კიდევ უფრო მეტად, ვიდრე -იმპორტი. უკვე დროა, ჩვენი ბიზნესმენები ამ მიმართულებით უფრო გააქტიურდნენ", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, ძალიან ძნელია გავიგოთ, რატომ მიიღეს რუსეთის ფედერაციაში ასეთი გადაწყვეტილება.
"ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმება არანაირ საფრთხეს არ უქმნის რუსეთის ფედერაციას. პირიქით, ამ შეთანხმების მიღწევის შემდეგ საქართველომ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია უნდა აწარმოოს და უფრო მკაცრად უნდა მოეკიდოს პროდუქციის წარმოშობის საკითხს. თავისუფალი ვაჭრობა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნიდან პროდუქცია გაუკონტროლებლად გავა რუსულ ბაზარზე. მით უმეტეს, საქართველოს მიერ ყველა წესი, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები მოითხოვს, როგორც რუსეთთან, ასევე ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან, აბსოლუტურად დაცულია. საქართველო მოქმედებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების თანახმად. შესაბამისად, არანაირი მიზეზი არ ჩანს, რომ ჩვენ რაღაც ფორმით ბიძგი მიგვეცა თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის გადახედვისათვის. შესაბამისად, ძალიან ძნელია გავიგოთ, რატომ მიიღეს რუსეთის ფედერაციაში ასეთი გადაწყვეტილება. ვიმეორებ, ჩვენ ნებისმიერ სავაჭრო პარტნიორთან მიღებულ ყველა წესს აბსოლუტურად ვიცავთ, ამიტომ, ძალიან გვიჭირს ამ გადაწყვეტილებაში ეკონომიკური მოტივები დავინახოთ", - აღნიშნა აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, ამ ფონზე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის თაობაზე.
"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი არჩევანის სისწორეს, იმიტომ, რომ საქართველოს სტაბილური განვითარებისათვის სტაბილური პარტნიორები სჭირდება. იგივეს თქმა შეიძლება ქართულ ბიზნესზე, რომელიც სტაბილური შემოსავლისათვის გასაღების სტაბილურ ბაზრებს საჭიროებს", - განმარტა პრეზიდენტის მრჩეველმა.
რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას.
საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.

იხილეთ ბმული: რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე უარს ამბობს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია