დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარი - 2007 წლის მოვლენები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ორგანიზებული დანაშაულია
ავტორი:
2014/ივლისი/29 09:00:02
მიხეილ სააკაშვილს ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოიყვანენ და ის პასუხს აგებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
სუბარი 2007 წლის 7 ნოემბერს და "ტელეიმედში" შეჭრის დროს სახალხო დამცველი იყო და აცხადებს, რომ იმ პერიოდში "ტელეიმედში" შეჭრის ფაქტი არაადამიანურ მოპყრობად შეაფასა. მისი თქმით, 2007 წლის მოვლენები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ორგანიზებული დანაშაულია, რაც მას ომბუდსმენობის დროს გაკეთებულ მოხსენებებში აქვს ასახული.
"მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დეტალურად შეისწავლა ყველა ფაქტი, გამოკითხა ასეულობით მოწმე, გადაამოწმა ყველა ინფორმაცია, რისი გადამოწმებაც შესაძლებელი იყო და ამის შემდეგ მივიდა ბრალის წარდგენის გადაწყვეტილებამდე. ეს ბრალი ძალიან დასაბუთებულია. ვინ, ვინ და მე მართლა ძალიან კარგად ვიცი, რა ხდებოდა მთელი იმ დღეების განმავლობაში. ეს არ იყო მხოლოდ 7 ნოემბერი, ეს იყო 2 ნოემბრის აქციისთვის მზადება, ოპოზიციის მხრიდან, რა დროსაც დევნიდნენ აქტივისტებს, ხდებოდა თბილისში წამომსვლელებისთვის გზაზე ხელის შეშლა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი და ისიც, რომ 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ადამიანების ცემა, ნარკოტიკების ჩადება და საკუთრების განადგურება დაიგეგმა, შესწავლილი მაქვს. ეს არის სისტემური დანაშაული, რომელზეც პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობდა. "იმედში" შეჭრის ეპიზოდში, კვალიფიკაცია მაქვს მიცემული, რომ ეს ეპიზოდი შეიცავს ღირსების შემლახველი და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს, ვგულისხმობ ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების მიმართ მოპყრობას, რომლებიც მაშინ "იმედის" შენობაში იყვნენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, თავად შეესწრო, როდესაც "იმედის" ჟურნალისტ ლევან ტაბიძეს სპეცრაზმელი ურტყამდა ხელკეტს და "ბადრის ლეკვს ეძახდა". "მოწმე ვიყავი, რაც მოხსენებებშიც მიწერია, რომ დარბევაში თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სპეცრაზმები მონაწილეობდნენ. 7-8 ნოემბერს 600-ზე მეტი ადამიანი იყო მიყვანილი საავადმყოფოში, მათ შორის უმძიმესი დაზიანებებით. მიზანი იყო არა მიტინგის აღკვეთა, არამედ, დაშინება და პოლიტიკური დევნა ოპოზიციური ძალებისა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პოლიციელები მოდიოდნენ შეძახილებით – ბადრის რა?! და ამა დედის გინება მოსდევდა, პირდაპირ შეგვიძლია გავიმეოროთ ჩემი მაშინდელი შესაფება - იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მუხლი, რომელიც გამოძიებამ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა და მასთან ერთად, არაერთ მაღალჩინოსანს, აბსოლუტურად ადეკვატურია. გამოძიების პროცესში თუ რამე სხვა გამოიკვეთა, ამას თავად გამოძიება აჩვენებს. ჩემი მაშინდელი ერთ-ერთი შეფასება იყო უფრო მკაცრი, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ შეიძლება მკაცრი მუხლიდან დაწყება და ეს მკაცრი შეიძლება გამოიკვეთოს, შეიძლება არა", - აღნიშნა სუბარმა.
მისი თქმით, მისი, ანუ მაშინდელი სახალხო დამცველის ცემის ფაქტზე, გამოძიება დაიწყეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა თავის დადგენილებაში პირდაპირ მოითხოვა გამოძიების დაწყება. "საქართველოში 2-3 წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანაზე 3 წელიწადში საუბარი დაიწყებოდა. რამდენ ხანში მოხდება ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც დანაშაულებრივ რეჟიმს აწესებდა, პასუხს აგებს. 2-3 წლის წინ, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია ან გიგი უგულავა იმას იფიქრებდნენ, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგებოდნენ?! მაგრამ მათ დღეს უწევთ სასამართლოში კითხვებზე პასუხის გაცემა. სააკაშვილსაც აუცილებლად ჩამოიყვანენ, ამას ვერავინ გაექცევა. მოხსენებები, რომელსაც პარლამენტში წარვადგენდი, ერთის მხრივ იყო სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ისტორია, მეორეს მხრივ გამზადებული საბრალდებო დასკვნები, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად იქნებოდა გამოყენებული იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელების მიმართ და ეს დღე დადგა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 929
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია