დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგა ბოკერია - როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის დევნა პუტინთან ურთიერთობის დალაგების ნაწილია
ავტორი:
2014/ივლისი/28 17:00:02
როგორც ჩანს, პუტინთან ურთიერთობის დალაგების ნაწილია მიხეილ სააკაშვილის დევნა. ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.
"დღევანდელი განცხადება არის ღია დეკლარაცია ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მონების გუნდის, მისი ჯიბის პროკურორების მხრიდან იმისი, რომ სანამ ისინი არიან ხელისუფლებაში და სანამ ივანიშვილი აკონტროლებს საქართველოს მთავრობას, ერთადერთი, რის კეთებასაც აპირებენ და რითიც დაკავდებიან, არის სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" დევნა", - განაცხადა გიორგი ბოკერიამ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ამ მთავრობას სხვა არაფრის კეთება არ შეუძლია, ყველა მიმართულებით არიან ჩავარდნილები, ვერც ერთი საარჩევნო დაპირება ვერ შეასრულეს, იზრდება უმუშევრობა და კრიმინალი.
"ეს ხდება იმიტომ, რომ ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გაანადგურეს, ეს ხდება, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ პუტინთან ურთიერთობის დალაგების ნაწილია სააკაშვილის დევნა, მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს და მისი მონების გუნდს, ამ მეთოდებით ავტორიტარულ რეჟიმს ვერ შეინარჩუნებენ. ქართული საზოგადოება აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას კონსტიტუციური მეთოდებით", - განაცხადა გიორგი ბოკერიამ.
რაც შეეხება უშუალოდ 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს, ბოკერიას განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნოემბრის დღეებში ადგილი ჰქონდა ღია მცდელობას ოლიგარქის მხრიდან სახელმწიფოს გადატრიალების, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით.
"ვითარება იყო საკმაოდ სერიოზული. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ შემთხვევებში ძალის გადამეტებულ გამოყენებას და ყველა ნაბიჯი შეიძლება არ იყოს სწორი. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ის გადადგა და დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ყველა შემთხვევაში, დღევანდელი მოვლენები არ უკავშირდება იმ საკითხს, თუ რა მოხდა 2007 წელს", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, დღეს რაც ხდება, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით. ბოკერიას განმარტებით, პოლიტიკური დევნის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ იძიებენ არა ფაქტებს, არამედ აქვთ სამიზნეები ამორჩეული და მერე ამის გარშემო კერავენ საქმეებს.
"სწორედ ეს ვიხილეთ ჩვენ და ამას ვხედავთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდებას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია