დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ ვერ გადის ქართული თაფლი უცხოურ ბაზარზე?
რატომ ვერ გადის ქართული თაფლი უცხოურ ბაზარზე?
ავტორი: ლელა ფხაკაძე-ზარანდია
სულ ნანახია 5011
ავტორი:
ლელა ფხაკაძე-ზარანდია
მსგავსი სიახლეები

სტუმრად წყალტუბოელ მეფუტკრეებთან...

 


ამ რამდენიმე ხნის უკან, პირად პრობლემასთან დაკავშირებით, წყალტუბოს პოლიციის რაიონული განყოფილების ერთი თანამშრომელი გიორგი (გია) კაკაურიძე გავიცანი, რომელიც გარდა იმისა, რომ პოლიციელია, როგორც შემდგომ გავიგე, მოხალისე მეფუტკრეც აღმოჩნდა. ამით იმდენად გაოცებული დავრჩი, რომ გადავწყვიტე დღევანდელი მეფუტკრეობის პრობლემებით დავინტერესებულიყავი და ბატონ დაჩი იოსელიანს ვესტუმრე.

 


დიდი მწერლის, ბატონ ოტია იოსელიანის ვაჟები, გარდა იმისა, რომ არიან დიდი ინტელექტის პატრონები, სერიოზული მეფუტკრეებიც აღმოჩნდნენ და მამის მსგავსად, ერუდირებული გლეხებიც.


წყალტუბოს რაიონი საქართველოში ის ადგილია, სადაც ქართული ფუტკარი ჯერ კიდევ დინოზავრების ეპოქიდან მოყოლებული, დღესაც ველური სახით სახლობს სათაფლიის მღვიმის შემოგარენში და თვით მღვიმის თავზეც კი. აქაური გლეხი ოდითგანვე მისდევდა ამ საქმიანობას და წინაპართაგან მიღებული გამოცდილება ქმნიდა მეფუტკრეობის - როგორც დარგის, სახეს.


ბატონი დაჩი მამის მსგავსად სიტყვა უხვი და საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. ოღონდ, შეწუხდა იმის გამო, რომ გაზეთის რესპონდენტი ის აღმოჩნდა და არა მისი ძმა - ბაჩო.


- ბატონო დაჩი, რას გვეტყვით ქართული მეფუტკრეობის დღევანდელობაზე და არის თუ არა იგი ქართული სოფლის მეურნეობის რენტაბელური დარგი? - ასეთი იყო პირველი შეკითხვა.


- რასაც აქამდის ვხედავდით, იყო ის, რომ ყოფილ ხელისუფლებას ქართული სოფლის მეურნეობის ამოძირკვა ჰქონდა ჩაფიქრებული და ამისათვის კეთდებოდა ყველაფერი, უსისტემოდ იყიდებოდა და იჩეხებოდა ტყეები, - შეზღუდვების გარეშე. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ტყე და დამუშავებული ველ-მინდვრები წარმოადგენს ფუტკრისათვის ღალის მოგროვების ერთადერთ პირობას - ჩვენს ქვეყანაში კი ყველაზე მეტად ის ნადგურდებოდა, რაც ყველაზე მეტად გვესაჭიროებოდა. მეფუტკრეობა, როგორც დარგი, ყველაზე ნაკლებ ხელყვეს, უფრო სწორად, ვერაფერი მოუხერხეს, რადგან შრომისუნარიანობაზეა დამოკიდებული. დარგის განვითარებისათვის ხელისუფლების მხრიდან არანაირი ხელშეწყობა არ არსებობდა. არადა, სადღეისოდ მეფუტკრეობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ითვლება სტრატეგიულ დარგად და იქ ყველაფერი კეთდება მისი სრულყოფისა და განვითარებისათვის. ჩვენ პირადად, ქართველ მეფუტკრეებს, გვეხმარება თავად ფუტკარი და ის, რაც მას მოაქვს და გვიტოვებს. დარგი ვითარდება სპონტანურად და არსებობს უამრავი პრობლემა. მათ შორის, უპირველესი გახლავთ ის, რომ არ არსებობს ჩვენი წარმოებული პროდუქციის გასინჯვის საშუალება, რის გამოც ქართული თაფლი ვერ გაგვაქვს უცხოეთის ბაზარზე. უცხოელი არ ყიდულობს მას სერთიფიკატის გარეშე, არადა, ჩვენი ქართული თაფლი არის ძალიან მაღალი ხარისხის და სახელმწიფოსაგან სერთიფიკატის მიღება ჭირს, რადგან იმდენად ძვირი ჯდება, რომ ჩვენი შემოსავლების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, გახლავთ მიუღწევადი. ჩვენ ამასწინათ გავსინჯეთ ირანიდან შემოტანილი თაფლი და ჩვენდა გასაკვირად აღმოჩნდა დაბალი ხარისხის, არადა, ქართული ფუტკრის პროდუქტი თავისი კომპონენტებითა და შემადგენლობით იმდენად ძლიერია, რომ თუნდაც ნახევრადფალსიფიცირებული იყოს, ხარისხობრივად მაინც მაღლა დგას სხვა ქვეყნების თაფლის პროდუქციასთან შედარებით.


ორი ათეული წლის უკან საქართველოში არსებობდა სასწავლო უნივერსიტეტები, სადაც ეწეოდნენ კვლევებსა და სამეცნიერო მოღვაწეობას. ისინი იძლეოდნენ დასკვნებს და ჰქონდათ სერთიფიკატების გაცემის უფლებაც. დღეს ჩვენი იაფი ღირებულების მქონე თაფლი არალეგალურად გადააქვთ საზღვარზე - თურქეთში, რისთვისაც იხდიან დიდ ფულს. ამასწინათ, მოგვადგა ერთი ბათუმელი კაცი და მოგვთხოვა წაბლის თაფლი. ჩვენ ვიფიქრეთ, ალბათ, სჭირდება 10 ან 20 კილო, ის კაცი კი 20 ტონა თაფლზე გვევაჭრებოდა. ჩვენი საოჯახო მეურნეობა კი სულ 40-50 ოჯახს ითვლის. რა თქმა უნდა, იძულებულნი გავხდით, კულტურულად მოგვეცილებინა თავიდან.


სამუშაოდ გასული ფუტკარი რამდენიმე პროცენტით ზრდის დამუშავებული ფართობების პროცენტიულობას. მაგ. დღეს ამერიკაში შეიქმნა პრობლემა - იქაური ფუტკარი წყდება, რაზეც მუშაობენ ამერიკული კვლევითი ინსტიტუტები, მაგრამ მიზეზი ჯერ ვერ დაუდგენიათ, ამის გამო ამერიკაში უკვე ვეღარ ღებულობენ ნუშის მოსავალს, რაც მათთვის იქცა სერიოზულ პრობლემად. თუ არ ეყოლებათ ფუტკარი, არ ექნებათ ნუშის მოსავალი. ჩვენთან კომუნისტების დროს მეფუტკრეობა არსებობდა, როგორც ორგანიზებული დარგი. თუ საკოლმეურნეო ფართობების შორიახლო მეფუტკრე მოიყვანდა თავის ფუტკარს და ზაფხულის მანძილზე სამუშაოდ დატოვებდა, დავუშვათ წიწიბურას მოსავალი იზრდებოდა 30-40%-ით, რის გამოც ნათესების პატრონი მეფუტკრეს უხდიდა გარკვეული სახის გასამრჯელოს მისთვის გაწეული სამსახურისათვის. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი ტრადიცია დაიკარგა. იმ თითქოსდა ავადსახსენებელი კომუნისტების დროს არსებობდა საცდელი მეურნეობები. ერთ-ერთი მათგანი იყო თბილისთან ახლოს - ტაბახმელაში, სადაც ამ მეურნეობის ნარჩენები დღესაც არსებობს. აქ დღესაც საქმიანობს ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტი - ქალბატონი ვენერა სტეფანიშვილი - პროფესიით ბიოლოგი, რომელმაც შექმნა სამედიცინო პრეპარატი ფხვნილის სახით, რომლითაც იკურნება ფუტკრის ერთ-ერთი ძნელად მოსარჩენი დაავადება. ქ. მცხეთაში არსებობდა აგრეთვე ხელოვნური ფიჭების დამამზადებელი საამქრო. დღეს მათ დამზადებაზე მუშაობენ კერძო პირები და ხშირ შემთხვევაში მათ მიერ წარმოებული პოდუქცია გახლავთ არასანდო, რადგან არსებობს ფალსიფიკაციის დიდი შანსები.


ჩვენს საოჯახო მეურნეობაში ფიჭასაც და სკასაც ჩვენ თავად ვამზადებთ, აქ ყველაფერი გახლავთ გასათვალისწინებელი. აღარ იწარმოება საიმედო საღებავები, ჩვენ კი თავად შევქმენით ტექნოლოგია, რომელიც გახლავთ უსაფრთხო და ჩვენი სკები არ საჭიროებენ შეღებვას. ჩვენი ოჯახური მეურნეობის მიღწევები არის ჩემი ძმის - ბაჩოს დამსახურება. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში მისი დაჟინებული მოთხოვნით ჩვენს ოჯახში გაჩნდა ფუტკრის პირველი ოჯახი, რომელმაც შემდგომ მიიღო საოჯახო ბიზნესის სახე. გვქონია ისეთი ექსტრემალური სიტუაციები, როცა ფუტკრის მოვლაში ღებულობდნენ მონაწილეობას ჩვენი ოჯახის ქალებიც. დღეს ყველა, ვისაც უნდა, შექმნას საკუთარი საოჯახო მეურნეობა, ცოდნას ღებულობს საკუთარი მონდომებითა და კარდაკარ კითხვით.


სოფელ ბაშში დღეს ცხოვრობს უხუცესი მეფუტკრე ბატონი შალვა იოსელიანი, რომელმაც შეძლო და დამოუკიდებლად გამართა საკუთარი მეურნეობა უმაღლეს დონეზე - აქვს საკუთარი ლაბორატორია, სადაც დასაქმებული ჰყავს ოჯახის წევრები. ასევე აქვს თანამედროვე ტექნიკა-დანადგარები თანამედროვე ამწე-ხილურებით, ჰყავს 1000-ზე მეტი ოჯახი, და მათთვის საჭირო სკებსაც საკუთარ მეურნეობაში აწყობენ.


- ბატონო დაჩი, რა პრობლემები უშლის ხელს მეფუტკრეობის, როგორც დარგის განვითარებას?


- ტყის გაჩეხვა და ერთწლიანი კულტურების არ დათესვა პირდაპირ კავშირშია მეფუტკრეობის დაბალ რენტაბელობასთან. ნეტა იცოდეთ რა ლამაზია ფუტკარი სიმინდისა და კვახის ყვავილის მტვერში ამოგანგლული. შეიძლება, ბევრმა არ იცის, რომ ყვავილის მტვერი სამჯერ ძვირი ღირს, თაფლთან შედარებით. ხემცენარეებში აკაციის შემდგომ თაფლოვანები ნაკლებადაა. ცაცხვის ხეები იშვიათობა გახდა. მათ გაშენებაზე აღარავინ ფიქრობს. ასევე არ არსებობს მათი გადაყვანის ორგანიზებული წესები. პირადად ჩვენ მათ ტრანსპორტირებას მიკროავტობუსებით ვახორციელებთ. ამასწინათ, ინტერნეტში ვიპოვეთ კანადაში საფუტკრე მეურნეობაში გადაღებული ვიდეოფილმი. ეს იყო საოცრება - ექვსი ათასი სკა ერთ საფუტკრეში, - ტრანსპორტში კასრების შედგმას ვერ ასწრებდნენ, რაზეც ქართველი მეფუტკრეები, ალბათ, ძალიან დიდხანს ვერც კი იოცნებებენ.


ხელშეწყობა იქნება თუ იარსებებს ინვენტარის დამამზადებელი საამქრო, ასევე - უნდა არსებობდეს პატარა მაღაზია-საწყობი, ქართველ მეფუტკრეებს არ გააჩნიათ არანაირი ლიტერატურა მეფუტკრეობაზე, არც მოსამზადებელი კურსები ფუნქციონირებს სადმე. ჩვენგან განსხვავებით, უკრაინაში უკვე არსებობს ამ დარგის განვითარების ორგანიზებული ფორმები. იქ მუშაობს მაღაზია, სადაც თავს იყრის ყველა თანამედროვე სერვისი. მათ აქვთ სურვილი გახსნან თავიანთი ფილიალები საქართველოში, მაგრამ თუ რაიმეს შექმნას მოინდომებენ, საგადასახადოები უნდა არჩინონ, ამიტომაც ვერ რეგისტრირდებიან ინდმეწარმეებად და შპს-ეებად. დამწყებისათვის რაღაც შეღავავთები უნდა არსებობდეს. ისინი კი ყველა მეწარმეს ერთნაირი კანონმდებლობით უდგებიან. თუ საქართველოში საგადასახადო კანონი არ შეიცვალა, ქართველ მეფუტკრეებს არაფერი შეემატებათ. დღეისდღეობით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ის, რომ ინტერნეტით ვახერხებთ ინფორმაციების მიღებას. 90-იან წლებში მოსკოვიდან ვღებულობდით ჟურნალს მეფუტკრეობის შესახებ, სადაც ჩვენთვის საჭირო უამრავი მასალა იბეჭდებოდა. ცუდია ისიც, რომ ქართველ მეფუტკრეებს არ გაგვაჩნია გასაღების ბაზარი. გვინდა - არ გვინდა, იძულებულნი ვართ, ჩვენი პროდუქცია ადგილზე გავასაღოთ. თუ მოხერხდება ის, რომ შეიქმნას ჩამბარებელი პუნქტი, სადაც ჩაიბარებენ ჩვენს პროდუქციას და შემდეგ საზღვარგარეთ გაიტანენ, ქართველი მეფუტკრეები წელში გაიმართებიან.


საზღვარგარეთ არსებობს ერთი საინტერესო სერვისი - იქაური თაფლი იყიდება ჭურჭელში ჩაწყობილი ფიჭით. თუ მეფუტკრეს ექნება ლიცენზია, რითაც საკუთარი წარმოების აწყობას შეძლებს და ექნება გასაღების ბაზარი, ქართული მეფუტკრეობა აყვავდება. წყალტუბოში ცხოვრობს ცნობილი მეფუტკრე ანდრო ყურაშვილი, რომელსაც აქვს სერთიფიკატი და სახელმწიფო ბეგრავს ასეთ ოჯახებს. ჩვენს ქვეყანას დღეს ბევრი გაუმართავი კანონი აქვს და ყოველი გაუმართავი კანონი წარმოადგენს სიყალბის საფუძველს.


- ბატონო დაჩი, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს რაში ხედავთ?


- სახელმწიფომ არ უნდა შეუშალოს ხელი ქართულ მეფუტკრეობას განვითარებაში, უნდა მოხდეს დაფანტული მეფუტკრეების კოორდინაცია, მათ სჭირდებათ ინვენტარი, მედიკამენტები, ლიტერატურა, სასწავლებელი, სადაც მომზადდება ახალი კვალიფიციური კადრები. ჩვენ - ქართველებს გვჭირდება ამერიკული ტიპის საფუტკრის მოდელი, სადაც მოხალისე მეფუტკრე იღებს ნაკვეთს, თესავს თაფლოვანს, მოიყვანს მოსავალს, რომელსაც გამოიყენებს საქონლის საკვებად, სახნავ-სათესი მიწა მუდამ უნდა იყოს დამუშავებელი. ჩვენში ჯერ კიდევ ვერ გახდა მეფუტკრეობა წარმოების სახეობა, როცა ამდენი ბუნებრივი პირობები არსებობს ამ დარგის განვითარებისათვის. ერთი უწესრიგობა იწვევს მეორეს - ჩვენში სახელმწიფო ჩამოყალიბდა როგორც დამსჯელი ორგანო და, ჯერჯერობით, არ წარმოადგენს ხალხის ინტერესების დამცველს. ფუტკარი გახლავთ ღვთის რჩეული მწერი და მას სჭირდება სათანადო პატივისცემა. სახელმწიფო არ იყენებს საკუთარ ადამიანურ რესურსებს იმიტომ, რომ მშიერი და ღატაკი ერი იოლი სამართავია. ფერმერული მეურნეობები მიწასთანაა გასწორებული.


ქართული სოფელი არის ქართული სახელმწიფოს ძლიერების საფუძველი. ჩვენ ბერძნები გვეძახდნენ გეორგიანელებს. მითოლოგიიდან ცნობილია, რომ მეფე აიეტი თავად ხნავდა მიწას ვერცხლის ჩლიქებიანი ხარებით, თავად მეფეც კი გვყავდა მხვნელი და მთესველი. ჩვენ ვართ მიწათმოქმედი ხალხი. ყოფილმა ხელისუფლებამ კი ქართველ გლეხს ვენახი გააჩეხვინა, ჩაი ამოაძირკვინა და მის მაგიერ დაგვრჩა გაველურებული მაყვალი და სპეციალურად მოშენებული წითელი მგლები. შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქუჩაში დგას უსუქმოდ და ხელისუფლება ვერ ახერხებას ამ ენერგიის სწორი მიმართულებით წარმართვას.


იმედია, ახალი ხელისუფლება, რომელსაც პოზიტიური ხედვები გააჩნია, შეძლებს ქართველი გლეხის ხელშეწყობასა და ქართული სოფლის მეურნეობის აყვავების გზაზე სათანადო ნაბიჯებს გადადგამს.


 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია