საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ერთი მოსწავლე კლასში...
ერთი მოსწავლე კლასში...
სულ ნანახია 990
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

იმერეთში სოფლის სკოლების უმრავლესობა რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, მოსწავლეების გარეშე დარჩეს

თორნიკე გოტიაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლის მეორე კლასში გადავიდა. კლასში ერთადერთი მოსწავლეა. მთელი წელი ყოველდღე ავტობუსით 20 კილომეტრამდე მანძილის გავლა უწევდა იმის გამო, რომ სოჩხეთში დაწყებითი კლასი არ გაუქმებულიყო. დედამ ასე გადაწყვიტა, რადგან თავად ამ სკოლაში ასწავლის და ძალიან უყვარს ეს სოფელი, ეს სკოლა, ეს გარემო, იქაური ბავშვები

თორნიკე წელსაც სოჩხეთში ივლის სკოლაში, წელსაც მარტო იჯდება მერხთან და საუკუნემიღწეული დიდი ბებიის შეკითხვაზე: „ვინ ზის შენ გვერდითგოგო თუ ბიჭი?“ – ალბათ, ისევ მოუწევს დედას გახედოს და ყურში უჩურჩულოს: ხომ ვერ გავაგებინე ქეთო ბებიას, მარტო რომ ვზივარ მერხთანო

სამწუხაროდ, თორნიკეს დედის გადაწყვეტილებით სოჩხეთში, ასე თუ ისე, შენარჩუნებული დაწყებითი კლასი იმერეთის მუნიციპალიტეტების სოფლების დიდ ნაწილში დაიხურა.

სოფლებიდან მიგრაციის პრობლემა არამარტო ტყიბულის რაიონის ამ სოფელს აწუხებს. სოფლები იცლება თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში და ამის ყველაზე კარგი ინდიკატორი სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობების კლებაა. საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის ბოლო ორი საყოველთაო აღწერის მონაცემებსაც თუ გადავხედავთ, აქაც ვნახავთ, რომ ქვეყანაში სოფლად მცხოვრებთა რიცხვი იკლებს. 2002 წელს საქართველოს მოსახლეობის 47,7% ცხოვრობდა სოფელში. 2014 წელს კი42,6%.

ხარაგაულის, ჭიათურის, ხონის, სამტრედიისა და ზესტაფონის სოფლების სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტის მიმოხილვამ ცხადყო, რომ ყველა დასახელებულ მუნიციპალიტეტში სოფლების სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველ წელს მცირდება. თან, არცთუ ისე უმნიშვნელოდ.

ყოველ წელს, საშუალოდ, 100 მოსწავლე აკლდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებს. 2011 წელს აქ  2 211 ბავშვი დადიოდა სკოლაში, 2016 წელს1 675.

მიგრაციის ნეგატიური შედეგი ვერ ასცდა სოფელ ბორითის საჯარო სკოლას, რომელიც ხუთი წლის წინათ მუნიციპალიტეტში ყველაზე მრავალრიცხოვანი სოფლის სკოლა იყო 202 მოსწავლით. 2016 წელს კი აქ 166 ბავშვი სწავლობდა.

ხონის მუნიციპალიტეტის 21 სოფლის სკოლაში 2011-2012 სასწავლო წელს 1 855 ბავშვი მივიდა, 2015 წელს მათი რიცხვი 1 348-მდე შემცირდა.

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში 2015 წელს 141 მოსწავლე სწავლობდა, მაშინ, როცა ხუთი წლის წინათ აქ მათი რიცხვი 201 იყო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში 23 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. მათში მოსწავლეთა რაოდენობა 2012-2016 წლებში 2 896-დან 2 280-მდე შემცირდა. აქ გვხვდება სკოლები, რომლებიც მოსწავლეთა რაოდენობას ინარჩუნებენ. თუმცა ყველაზე მრავალრიცხოვან დიდი ჯიხაიშის ?1, ასევე, გომისა და ნაბაკევის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირედით ყოველწლიურად იკლებს.

3 876-დან 3 413-მდე შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 26 სოფლის სკოლაშიც.

ყველაზე მძიმე სიტუაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტშია. მუნიციპალიტეტის 36 სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა. 2011-2012 სასწავლო წელს აქ 3 305 მოსწავლე დადიოდა, 2015-2016 სასწავლო წელს მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის განახევრდა და 1 829 მოსწავლემდე დავიდა.

2011 წელს ყველაზე მრავალრიცხოვანი საჯარო სკოლა ითხვისის №1 საჯარო სკოლა იყო, სადაც 273 მოსწავლე იღებდა განათლებას. 2015 სასწავლო წელს კი სკოლაში მხოლოდ 175 ბავშვი შეხვდა ახალ სასწავლო წელს. ხუთ წელიწადში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის 100 ერთეულით შემცირდა.

სამწუხაროდ, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, თორემ გავიგებდით, თანაკლასელების გარეშე მოუწევდა თუ არა თორნიკეს განათლების მიღება, ცოტა ადრე რომ დაბადებულიყო.

ორი წლის შემდეგ თორნიკეს პატარა ძმა, ომარიც უნდა მიუჯდეს სკოლის მერხს. რას გადაწყვეტს დედა, ატარებს ბავშვებს თითქმის 20 კილომეტრის მოშორებით იმისთვის, რომ სოჩხეთის სკოლაში დაწყებითი კლასი არ დაიხუროს, თუ საქმეს გაიიოლებს და ბავშვებს პრესტიჟულ ქალაქის სკოლაში მიიყვანს, თავადაც არ იცის

წელი

სამტრედია

(23 სკოლა)

ხონი

(21 სკოლა)

ზესტაფონი

(26 სკოლა)

ხარაგაული

(24 სკოლა)

ჭიათურა

(36 სკოლა)

2011

2 696

1 855

 

2 211

3 305

2012

2 547

1 702

3 876

1 953

3 042

2013

2 448

1 570

3 736

1 835

2 803

2014

2 353

1 428

3 380

1 722

2 619

2015

2 280

1 348

3 413

1 675

2 470

 

ირმა ბახუტაშვილი

 

factcheck.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია