საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს?
დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს?
სულ ნანახია 1032
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“- ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა შესაძლოა საქართველოს მოსახლეობას მოუწიოს, თუ რეფერენდუმი დაინიშნება...

 

ეს კი შესაძლოა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად მოხდეს, 8 ოქტომბერს. თანაც ისეთ საკითხზე, რომელიც უკვე დიდი ხანია მოწესრიგებულია კანონით. საქმე ეხება ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა რეფერენდუმის ჩატარებაზე, საკუთარ დასკვნასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა. ამრიგად, გადამწყვეტი სიტყვა უკვე პრეზიდენტ მარგველაშვილს ეკუთვნის - დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს.

საუბარია ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

ამრიგად, ბურთი პრეზიდენტის მოედანზეა, პრეზიდენტი კი დუმს. რეფერენდუმის ინიციატორები ამას თავისებურად ხსნიან. „ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი რეფერენდუმის დანიშვნის საკითხზე საოცარი ზეწოლის ქვეშ არის“ - განაცხადეს სანდრო ბრეგაძემ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთ ბრიფინგზემათივე განმარტებით, ზეწოლა ხორციელდება  უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან, გარკვეული უცხოური ორგანიზაციებისგან და საქართველოში აკრედიტირებული ზოგიერთი დიპლომატიური უწყებისგან.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩვენ შევიტანეთ 224 000 ხელმოწერა იმისათვის, რომ შემოდგომაზე ჩატარდეს რეფერუნდუმი... ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, განიხილა ჩვენი ხელმოწერები, დაადასტურა მათი ავთენტურობა, ანუ შესრულდა ყველა ის აუცილებელი პროცედურა, რაც საჭირო იყო იმისათვის, რომ რეფერენდუმი დანიშნულიყო. რეფერუნდუმის თარიღის დასანიშნად დოკუმენტაცია გადაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს რეფერუნდუმის დანიშვნის თარიღს. ეს გახლავთ უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რადგანაც მოსახლეობის ნების გამოხატულებით ჯერ საქართველოს ისტორიაში არ ჩატარებულა არც ერთი რეფერენდუმი” - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ

მოქალაქეთა მეორე ნაწილი კი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ დანიშნოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი ეროვნულ ინტერესებზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს და გააძლიერებს რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას.

"ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები, მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნოს რეფერენდუმი ადამიანის უფლებების შესაზღუდად... მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნა წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან და გრძელვადიანი შედეგების მქონე დარტყმას მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს, გააძლიერებს რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას, პრორუსულ ძალებს და დაამძიმებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობას“ - ნათქვამია მოქალაქეთა პეტიციაში.

ასევე, პეტიციაზე ხელმომწერი პირები მიიჩნევენ, რომ ქორწინების საკითხის განსაზღვრა ახლა - უამრავი მწვავე და აქტუალური საკითხის ფონზე - ხელოვნური და სახიფათოა. ეს საკითხი უკვე გაწერილია კანონმდებლობაში და არ საჭიროებს შემდგომ რეგულაციას. ამ თემაზე რეფერენდუმის დანიშვნა კი საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ძალადობის და პოლიტიკური გარემოს უფრო მეტი პოლარიზაციის სერიოზულ რისკებს აჩენს, რადგან ხელისუფლება რეფერენდუმის დანიშვნას კონსერვატიული და პრორუსული ამომრჩევლის მოსაზიდად იყენებს, რასაც სერიოზული გავლენა ექნება არჩევნების შედეგებზე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივაზე.

„რეფერენდუმის გამოცხადება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არც ერთი ლგბტ ორგანიზაცია დღის წესრიგში არ აყენებს ქორწინების თანასწორობის საკითხს, ყველა იმ ლეგენდისა და მითის ლეგიტიმაციაა, რომელიც ქართული საზოგადოების დასაშინებლად რუსული პროპაგანდის მანქანამ შეთხზა. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ხელი შეუშალოს ოკუპანტის პროპაგანდას და არ გადადგას დამღუპველი ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს როგორც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, ისე ქართველი ხალხის ნებას, შეუფერხებლად გაგრძელდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი" - ნათქვამია პეტიციაში.

წინასაარჩევნოდ რეფერენდუმის ასეთ სენსიტიიურ საკითხზე დანიშვნას პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს „საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემებით წინასაარჩევნოდ მანიპულირება ხდება

"ეს არ არის პირველი შემთხვევა. ტრადიციულად, განსაკუთრებით, სექსუალური უმცირესობების თემებით ცდილობენ წინასაარჩევნოდ ქულები დაიწერონ, ამომრჩევლისთვის სხვა არაფერი აქვთ შესათავაზებელი" - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას

ამრიგად, ასეა თუ ისე, 2 აგვისტოს ცესკო- ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს უკვე მიმართა. კანონმდელობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტისთვის. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის თანხმობა სჭირდება.

 

 

დანიშნავს-არ დანიშნავს

 

„რესპუბლიკური პარტიის" წევრი, პარლამენტარი თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს არ დანიშნავს და ქართულ პოლიტიკაში "რუსულ ნარატივს" არ შემოიტანს.

"როდესაც პარლამენტში შემოვიდა ეს საკითხი, მაშინაც ვთქვით, რომ აღნიშნული თემა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ღირებულებითი ბრძოლაა ევროპასა და რუსეთს შორის. პროცესმა დაადასტურა, რომ "რესპუბლიკელების" პოზიცია იყო სწორი. დღევანდელი ვითარებაც ადასატურებს ამას და ვართ ისევ იმ პოზიციაში, რომ ქორწინების საკითხი ვიღაცისთვის წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების ნაწილია, თორემ ამაზე საუბარი მოქალაქეებს არ აინტერესებთ. მათი ინტერესი არის სხვა დაპირებები, როგორ იცხოვრებენ ისინი ქვეყანაში და როგორ აისახება ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ევროპული ღირებულებებით ხელმძღვანელობს და რუსულ "ნარატივს" არ შემოიტანს ქართულ პოლიტიკაში" – განაცხადა თამარ კორძაიამ.

უნდა აღინიშნოს, რომ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არ შეიძლება რეფერენდუმის დანიშვნა იმ საკითხებზე, რამაც შეიძლება ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები შეზღუდოს. რადგან საქართველოს  სამოქალაქო კოდექსის 1106- მუხლის თანახმად ქორწინება უკვე განისაზღვრება, როგორც "ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ."

გამოდის, რომ სარეფერენდუმო კითხვაზე პასუხი - "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?" - საქართველოს კანონმდებლობას უკვე გაცემული აქვს და  რეფერენდუმის ჩატარება ამ კითხვაზე ან ღია კარის მტვრევაა ან მავანისათვის პოლიტიკური ქულების ჩაწერა საზოგადოებისათვის მგრძნობიარე თემის კიდევ ერთხელ გააქტიურების ხარჯზე. მაგალითად, როგორც ეს მოხდა 2012 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც  ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ მოამზადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის ცვლილების შესახებ  შემდეგი რედაქციით:

სახელმწიფო აღიარებს მამაკაცისა და ქალის ქორწინებას, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“ ქდმ- ამ ინიციატივის მხარდასაჭერად მაშინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ეს ინიციატივა ასევე გახდა ჰომოფობიაზე დისკუსიის საფუძველი.

მოგვიანებით, 2014 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა ინიციატივით, კონსტიტუციაში შეეტანათ ჩანაწერი, რომოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“. მაშინ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა განხილული და მოწონებულია კოალიციაქართული ოცნებისპოლიტსაბჭოს მიერ.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პოზიციას,

აქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ქორწინებასთან დაკავშირებით დაწყებულ საკონსტიტუციო ცვლილებას ბოლომდე მიიყვანს. კითხვაზე, რას აპირებს ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმის ჩატარებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მხარს არ დაუჭერს, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტში არჩევნების შემდეგ იმხელა უმრავლესობით მოვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას მაინც განახორციელებს.

 

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია