საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
თურქეთის „დემოკრატიულ“ რესპუბლიკაში „37 წელი“ დაიწყო
თურქეთის „დემოკრატიულ“ რესპუბლიკაში „37 წელი“ დაიწყო
სულ ნანახია 1155
ავტორი:

დღეს 22 ივლისია, 2016 წელი. თურქეთის რესპუბლიკაში 15-16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების  მცდელობის შედეგები, რომელიც მარცხით დამთავრდა, დღეისათვის ასეთია:

დაღუპულია 300 ადამიანი;  დაჭრილია 1 491;  დაპატიმრებულია  38 736 მოხელე, აქედან: 2 745 სასამართლო უწყებიდან; 2 839 - სამხედრო პირი; 7 899 - პოლიციის თანამშრომელი; 8 777  - შინაგან საქმეთა სამინისტროდან; 15 200 - განათლების სისტემიდან; 492 - მეჩეთის მოლა; 257 - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან;  393 - არასამთავრობო ორგანიზაციიდან;  47- ქალაქის მერი; 87  - გენერალი. დაკავებები გრძელდება და როგორც სახელმწიფო სათათბიროს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გვაფრთხილებს, თურქეთის ხელისუფლების მიერ KRİTİK MGK KARARLAR,olağanüstü (საგანგებო მდგომარეობა) სამ თვეს გაგრძელდება, თუმცა დღეს ისიც აღნიშნეს, რომ თუ იქნება ხალხის თანადგომა და თანამშრომლობა (ჩვენს ენაზე -  „ჩაშვება“)  შეიძლება 40-45 დღეშიც შეწყვიტონ საგანგებო მდგომარეობა, ანუ, დაამთავრებენ მაშინ, როცა დემოკრატიისათვის საშიში მტრებისაგან გაწმენდენ ქვეყანას. თურქეთში, ღამით კარებზე დაუპატიჟებებელმა სტუმრებმა იმატა. იმატა დაბეზღებამ „დემოკრატიის გადასარჩენად“. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში 21-ე საუკუნის „37 წელი“ დაიწყო.

ამასობაში კი, ქუჩებში ‘’დემოკრატიის დასაცავად’’ ხალხის (რომელთაგან 70% დემოკრატია „ალაჰ ექბერ“ და ერდოღანმა დიდხანს იცოცხლოსო ჰგონიათ) მიერ სკანდირებული „İDAM GELSİN’’, ანუ დაბრუნდეს სიკვდილით დასჯის მოთხოვნა, პრეზიდენტისაგან მიღებული იქნა და თუკი პარლამენტიც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მე ხელს მოვაწერო, განაცხადა, რადგან ხალხის მოთხოვნის (თითქოს თავად არ ჩაეტენა ეს მოთხოვნა მათ ტვინებში) გაუთვალისწინეობა, დემოკრატიული პრინციპების ღალატი იქნებოდა მისი მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ ა. წ. 15-16 ივლისს თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, რომელიც მარცხით დამთავრდა. თუმცა, მომხდარის გაანალიზებისას ვრწმუნდებით, რომ სერიოზული მცდელობა არსებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლისა, ან პარალიზებისა, არ ყოფილა, რადგან არ ჰყოლიათ მთავარი, მომზადე  ბული ლიდერი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში სიტყვას იტყოდა. არც კომუნიკაციის სტრატეგია არსებობდა, არც კრიტიკული და არც შეიარაღებული ძალების მობილიზება ყოფილა (ბევრი  თურქი პოლიტოლოგის აზრით, მსგავსი „გადატრიალება“ არც გაუგიათ) იყო მხოლოდ ბრძანება მიღებული, უგზო-უკვლოდ, საცოდავი ოცეული ჯარისკაცების მიერ რამდენიმე ობიექტის (სტამბულის ბოსფორის ხიდი, ანკარაში სამთავრობო შენობა, TRT 1 მაუწყებლობა, მარმარისში დასასვენებლად მყოფი პრეზიდენტის სასტუმრო) შეუთანხმებელი მიზანში ამოღება. იყო მცირე მსხვერპლიც.

სავარაუდოდ, ოფიცერთა ვიწრო წრეში დარწმუნებულები იყვნენ, რომ არსებული მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილო საზოგადოება, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდათ, აღდგებოდა. მაგრამ თუ ეს ასე იყო, ისინი შეცდნენ .შეცდნენ, რადგან, მიუხედავად არსებული ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ მკაცრად ოპოზიციური დამოკი დებულებისა ,თურქ ხალხს აღარ უნდა მერყევ სამხედრო და სამოქალაქო წესებთან დაბრუნება. მათ ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ 1960 დან 1980 წლამდე განვლილი მძიმე, სისხლიანი გზა.

მაშინ, როცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ღამეს, ამბოხებულები უსაფრთხოებისათვის ხალხს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებდნენ, ქვეყნის პირველმა პირმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, თავისი მობილურის Face Time-თი თურქ ხალხს, მხარდამჭერებს შეიარაღებული ამბოხებულების წინააღმდეგ, დემოკრატიისა და პრეზიდენტის დასაცავად ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდა. ამ შეტაკებაში გარდაცვლილი 300 ადამიანიდან 104 სამხედროა, დანარჩენი პოლიცია და პრეზიდენტის „ქუდზე კაცზე“ გამოსულები.

სწორედ იმ საღამოს, დემოკრატიის დასაცავად ქუჩაში გამოსულმა ადამიანთა ერთმა ჯგუფმა, ბოსფორის ხიდზე მყოფ ჯარისკაცს, რომელსაც იარაღი ჰქონდა ,მაგრამ ვერ ესროლა თავის ხალხს თუნდაც თავის დასაცავად და დანებების ნიშნად ხელები ასწია, თავი მოაჭრეს. მერე კი მიცვალებული ფეხით სცემეს. დღეს ეს ჯარისკაცი და ამ თამაშში გაუცნობიერებლად ჩართული რიგითი, მკვდარი თუ ცოცხალი, თურქეთის მტრად გამოაცხადეს და მთავრობის მიერ გაცემული ბრძანების შესაბამისად, დასამარხად, არცერთმა სასაფლაომ არ უნდა გამოუყოს ადგილი. მათი ჭირისუფლები ათასგვარ გზას ეძებენ შვილების მიწისთვის მისაბარებლად. მაგალითად, ორდუელი მოკლული ჯარისკაცი მშობლებმა საკუთარ ბაღში მიაბარეს მიწას შვილი, რადგან მერიამ სასაფლაოზე მიწის გამოყოფა ვერ გაბედა. არადა, თურქეთის ოპოზიცია ,ჟურნალისტები და ყველა ,ვისაც კი ჭკუა მოეკითხება, გმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, მაგრამ ამავე დროს აღიარებს, რომ ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაშიც, ჯარისკაცი ჯარისკაცია და ის გენერლის ბრძანებას უნდა ემორჩილებოდეს. რიგითები, რომლებიც ბრძანების შესაბამისად დანიშნულების ადგილას მივიდნენ, გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ხალხის წინააღმდეგ წასვლას, ბევრმა მათგანმა იარაღის დაყრა და ჩაბარება არჩია. სისხლმოწყურებული „დემოკრატიის დამცველები“ კი ჩაქოლვითა და თავის მოჭრით გაუმასპინძლდნენ ხელებაწეულ, შეშინებულ ბავშვებს, და უფრო სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მთავრობა იმათ გვერდით, ვინც წინ აღუდგა გადატრიალებას, გმირად მოიაზრებს ამ საშინელების ჩამდენებსაც.

ცხედრებზე სახელმწიფო დროშაგადაფარებული, ერდოღანის მიერ გმირად აღიარებული ცხედრები, ჯერ კიდევ პროზექტურაში ესვენნენ მაშინ, როცა პარალელურად, პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე პატრიოტულ ლექსებს კითხულობდნენ მქუხარე ტაშის ფონზე, ხოლო ქვეყნის პირველი პირი, საღამოს დემოკრატიის დასაცავად გამართულ მიტინგზე, გამარჯვებული და ბედნიერი მღერის და ხალხსაც იყოლიებს. სამწუხაროდ, მაინცადამაინც დიდი დარდი ვერ შევნიშნე, თუნდაც სახელმწიფო დროშაგადაფარებული გმირების მიმართაც კი.

ამ ბრძოლაში ვინ დარჩა მოგებული?!

მიუხედავად ყველაფრისა და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი, რომელიც მართავს თურქეთს, აშკარად გამოირჩევა ძალადობრივი მმართველობით, ამ სიტუაციამ ის მსოფლიოს თვალში იმ ადამიანად წარმოაჩინა, ვისაც არეულობის თავიდან აცილება და დემოკრატიის დასაცავად მთელი ხალხის ყოველდღიურად, დაუღალავად ქუჩაში გამოყვანა შეუძლია. ეჭვგარეშეა ისიც, რომ ეს არეულობა (თუმცა თურქეთის გარკვეულ წრეებში ვარაუდობენ იმასაც, რომ ამ სცენარის თანაავტორი ერდოღანიც შეიძლებოდა ყოფილიყო) პრეზიდენტმა წამებში თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა და იგი მას აუცილებლად გამოიყენებს ავტორიტარული, ისლამისტური თურქეთის შემდგომი ბიძგისათვის. ახლა უფრო სწრაფად და თამამად შეძლებს რეფერენდუმის გზით, კონსტიტუციის რეფორმირებას და ნანატრი, გაფართოებული უფლებების  მქონე პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნას იმ საბაბით, რომ მხოლოდ ასეთი ძალაუფლებით შეეძლება ეფექტურად და სწრაფად მტრების ჩიხში მოქცევა.

ასევე, საოცრად ხელსაყრელი მომენტი დაუდგა იმისათვის,  რომ დღეს უდიდესი მტერი, ერთ დროს კი მისი მოკავშირე,  მუსულმანი სასულიერო პირი, ამჟამად აშშ- ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სახელმწიფო გადატრიალების  მცდელობაში დაედანაშაულებინა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ინტრიგის მოდელის ნაწილია, თუმცა არც უგიულენობას გამორიცხავენ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მზარდი აღშფოთებაა, თურქი ხალხი, ყველა ძირითადი პარტია გმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რადგან დარწმუნებულნი არიან, წარმატებული გადატრიალება ქვეყნისათვის კატასტროფა იქნებოდა. ამიტომ ძალიან ცუდს ცუდი ამჯობინეს, თუმცა თავად ერდოღანმა, მისმა მხარდამჭერებმა და ოპოზიციაში მყოფმა ხალხმაც კარგად უწყიან, რომ წარუმატებელი გადატრიალება სულაც არ ნიშნავს მმართველი პარტიის,  მით უფრო, დემოკრატიის გამარჯვებას. სწორედ ამიტომაც გააძლიერა თავისი დიქტატურა ქვეყნის პირველმა პირმა და როგორც თავის გამოსვლებში განაცხადა, ცხოვრება გრძელდება და კიდევ ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს                                  „თავის ხალხს“. დიახ, ისედაც დაყოფილი საზოგადოება კიდევ უფრო გახლიჩა და ადამიანების ტვინში მყარად ჩაბეჭდა „ჩვენ“ და „ისინი“, მტრები და გმირები

დიდხანს ვერ დაივიწყებს ვერცერთი მხარე გადატრიალების მცდელობის ღამეს, თურქეთის საგანგაშოდ განათებული ყველა მეჩეთიდან მოლების  განწირული ყვირილის ხმას „ალაჰ აკბარ“ და შეიარაღებული ამბოხებულების წინააღმდეგ პრეზიდენტის მიერ ქუჩაში გამოძახებული მასების მოდინებას.

ვერც დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაზე მეოცნებე ათა თურქისტები  ვერ დაივიწყებენ დღეს დილით, გამთენიის 5 საათზე,  ანკარის მეჩეთიდან მოლას ნაცვლად ქვეყნის პრეზიდენტის მიერ წაკითხულ ლოცვას.

ვერც თავმოჭრილ ჯარისკაცს ამოიშლიან გონებიდან და არც სახლის ეზოში, ჩუმად დამარხული, გაურკვეველი დავალების შესასრულებლად გასული და მტრად შერაცხული პირტიტველა ბიჭი დაავიწყდება შეგნებულ ნაწილს თურქეთისას.  მით უფრო ვერ დაივიწყებენ ქვეყნის პირველი პირის სიმღერას ტრიბუნიდან მაშინ, როცა ასობით ცხედარი ჯერ კიდევ პროზექტურაში ესვენა.

თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მეზობელი ქვეყანაა და ცხადია, ყველას გვინდა იქ მშვიდობა სუფევდეს. ასევე ვამჯობინებთ დემოკრატიულ ქვეყანას ვემეზობლებოდეთ, შეგნებულ, განათლებულ ქვეყანას და, რა თქმა უნდა, ამაზრზენია იმის წარმოდგენაც კი, რომ შენს სამეზობლოში, „ალაჰ აქბარის“  დაძახებაზე ვიღაცას თავს ჭრიან და ამას ხელისუფლება  აფასებს, როგორც დემოკრატიის გადასარჩენად ჩადენილ გმირულ საქციელს.

ერთი სიტყვით, თურქეთმა ძალიან ცუდს ცუდი კი არჩია, მაგრამ საღად მოაზროვნე საზოგადოება საგონებელში ჩავარდა, რომ არჩეული ამ ცუდიდან, უფრო უარესამდე არ მივიდეს ქვეყნის დემოკრატიულობის საქმე.

ხელისუფლებისაგან განსხვავებულად მოაზროვნე ხალხი შიშშია და ყოველი კარების გაღებისას „მათ“ ელოდებიან.

მე სულის სიმხნევეს ვუსურვებ თურქეთის ნამდვილი დემოკრატიისათვის მებრძოლ ხალხს. ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ოჯახს. უფალმა ნათელში ამყოფოს „ორივე მხარეს“ დაღუპულთა სულები.

ასევე, მინდა თხოვნით მივმართო ჩემს თანამემამულეებს, იმათ, ვისაც თურქეთთან რაიმე კავშირი აქვთ -

იყავით  ფრთხილად!

ჩვენ არც ისე ბევრნიღა დავრჩით!..

 

P.S. თურქეთის პრეზიდენტმა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვაზე არ აისახებაო, მაგრამ უკვე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, სოციალურ ქსელებში ერდოღანის საწინააღმდეგო აქტივობისათვის. ისე, გარედან, ერთი შეხედვით, ხალხი დემოკრატიის დაცვით ბედნიერი და მხიარულია. დღე სასწაულები და „დემოკრატიის  დარაჯი“ გრძელდება და ყოველ საღამოს დროშების ფრიალითა და ზალპებით ამთავრებენ.

 

ლია ბახუტაშვილი

 სპეციალურად გაზეთ p.s.-სთვის;

 22 ივლისი, 2016 წელი.

 

სტამბული.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია