დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ქუთაისის ვიცე-მერი დეზინფორმატორია!“(?)
„ქუთაისის ვიცე-მერი დეზინფორმატორია!“(?)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2098
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

მერიასთან იქით გვაქვს კითხვები თუ დაუსრულებელი იყო კოლხური შადრევანი“, ექსპლუატაციაში რატომ მიიღეს?

 

ქუთაისის ახალი ხელმძღვანელობა ქალაქში ორი წლის წინ სამ ობიექტზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, მერიას პასუხობენ კომპანიები და მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

 

ქუთაისში შეუსრულებელი სამუშაოების თემა აქტუალური გახდა. გასულ კვირაში ქუთაისის ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ აღნიშნულ საკითხს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა და განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ავტორებს ქუთაისის მერია ხელშეკრულების დარღვევაში ედავება. ეს კომპანიებია: შპს „მშენებლი 2011“, შპს „ექსპოგრაფი“ და სს „დაგი“. თოფურიძის თქმით, სამივე კომპანიას ვადაგადაცილებისა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ჯარიმა უნდა დაეკისროს და მათი საქმეები შესასწავლად შესაბამის ორგანოებს გადაეცეს.


2011 წელს ერთ-ერთმა ბრალდებულმა კომპანიამ „მშენებელი 2011“, ადგილობრივ თვითმმართველობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ქუთაისის ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობის ვალდებულება აიღო. როგორც თოფურიძე ამბობს, შპს-ს სამუშაოები ჯერ კიდევ 2012 წლის 1 მაისს უნდა დაესრულებინა, თუმცა, ჩაბარების ვადებმა 5-ჯერ გადაიწია, რაც ასევე კანონდარღვევაა, რადგან არ ყოფილა ფორსმაჟორული გარემოება. მისივე თქმით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანს ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოო იერსახე. თუმცა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ვერ აკონკრეტებენ, როგორი უნდა იყოს ცენტრალური მოედნის საბოლოო იერსახე და პროექტით გათვალისწინებული რა სამუშაოები არ ჩაატარა კომპანიამ.


ქუთაისის მერიამ  კიდევ ერთი დარღვევა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში აღმოაჩინა. როგორც ცნობილი გახდა, მერიამ თეატრისთვის შპს „ექსპოგრაფისგან“ სავარძლები შეიძინა, რომლებიც, როგორც გაირკვა, უხარისხო აღმოჩნდა, მაგრამ ამ დრომდე შპს-ს ამაზე პასუხი არ უგია. იმ ფაქტს, რომ მესხიშვილის თეატრისთვის შეძენილი სავარძლები ძველი და უხარისხო იყო, ადასტურებს მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე.


მესხიშვილის თეატრის მსგავსად, დარღვევა აღმოჩნდა ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის რეაბილიტაციის ხელშეკრულებაშიც. როგორც ირკვევა, მერიამ  სს „დაგი“-სგან მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლად ჩაიბარა ობიექტი და ექსპლუატაციაშიც შევიდა.


ქუთაისის მერია კომპანიების მიერ ხელშეკრულებებში დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას ელოდება. უკვე ცნობილია, რომ ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას  620104.78 ლარი საჯარიმო სანქციის სახით ეკისრება.


რა თანხებით დაჯარიმდენიან შპს „ექსპოგრაფი“ და სს „დაგი“ და გადაეცემა თუ არა სამივე კომპანიის საქმე სამართალდამცავ ორგანოებს, ჯერჯერობით, უცნობია.


გაზეთი „P.S.“, აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, კომენტარისთვის მერიის მიერ დადანაშაულებულ კომპანიებთან დაკავშირებას შეეცადა.


შპს „მშენებელი 2011“-ის იურისტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ქუთაისის ვიცე-მერი დეზინფორმაციას ავრცელებს, მაშინ, როდესაც საქმის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს.


„ქუთაისის ვიცე-მერი არის დეზინფორმატორი, როგორც ჩანს, ის არის ინფორმაციულ ვაკუუმში, რადგან მისი ბრალდება ჩვენს მიმართ არის უსაფუძვლო. 2012 წელს ჩვენმა კომპანიამ სამუშაოები სრულად ჩააბარა. თოფურიძემ  ისიც  კი  არ  იცის,  რომ  შპს „მშენებელი  2011“-ის  მიერ წარმოებულ სამუშაოებზე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსტერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არსებობს, სადაც წერია, რომ სამუშაოები პროექტის მიხედვით სრულად და საფუძვლიანად არის ჩატარებული. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე პრობლემა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით შეიქმნა, გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ქვაფენილები აყარა, თუმცა, ეს ნამდვილად არ არის ჩვენი ბრალი, რადგან სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება რატომღაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული და ჩვენ კიდევ არ გვქონდა უფლება, პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოები გვეწარმოებინა. იმისაც გეტყვით, რომ ამ შემთხვევის გამო, ჩვენ ხელმეორედ მოგვიხდა, სამუშაოები ჩაგვეტარებინა. როგორც ჩანს, სხვა დეტალებთან ერთად, ქუთაისის ვიცე-მერი არც იმის შესახებ ფლობს ინფორმაციას, რომ ოთხი თვის წინ შპს „მშენებელი 2011“-ში  ფინანსური პოლიცია შემოვიდა და ყველა დოკუმენტი წაიღო, მაგრამ ვერავითარი დარღვევა ვერ აღმოაჩინა. არ ვაპირებთ საქართველოს სამხარეო სამმართველოს კვლევითი  ცენტრის, „დელტას“ მიერ დაფუძნებული კომპანიის იმიჯის შელახვა ასე მშვიდად მივიღოთ. ვაპირებთ წერილის მომზადებას ქუთაისის მერის სახელზე. ჩვენ არანაირი სასამართლოსი არ გვეშინია, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გვაქვს. პირიქით, იქით გვაქვს კითხვები ქუთაისის მერიასთან, თუ დაუსრულებელი იყო სამუშაოები, მაშინ 2012 წლის 2 მაისს „კოლხური შადრევანი“  ექსპლუატაციაში რატომ მიიღეს?“ - განაცხადა შპს „მშენებელი 2011“-ის იურისტმა მარიამ ჯორბენაძემ.


რაც შეეხება შპს „ექსპოგრაფს“, როგორც მისმა დირექტორმა, თემურ ნოზაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, კომპანიას იქით აქვს სადაო მერიასთან, რადგან ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მათ შესრულებული სამუშაოებისთვის თანხა არ გადაუხადა, თუმცა ადასტურებს, რომ შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზები მართლაც იყო, რომელთა გამოსწორებაც ობიექტის საბოლოო ჩაბარებამდე მოხდა.


„რას გვედავებიან? პირიქით იქით შევედავებით მათ, რადგან სამუშაოები ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ და მერიას თანხა არ ჩამოურიცხავს ჩვენთვის. რაც შეეხება შესრულებას, იყო რაღაც ხარვეზები სავარძლებთან დაკავშირებით, მაგრამ გამოვასწორეთ. სამართალდამცავი ორგანოები რომც დაინტერესდნენ, რა მოხდება ამით? არ არის გამორიცხული, მერიას თანხის გადახდა არ უნდოდეს და ამიტომ დაიწყეს ამაზე საუბარი,“ - აღნიშნა თემურ ნოზაძემ.


სს „დაგი“-სთან, რომელსაც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში შესრულებული უხარისხო სამუშაოების გამო ედავება, დაკავშირება ვერ მოხერხდა.


აღსანიშნავია, რომ კომპანიებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გახანგრძლივება პირველი შემთხვევა არ არის. მაგალითად,  ქუთაისის მერიამ სამუშაოების ჩაბარების დრო შპს „შიტრიტ ჯგუფს“ რამდენჯერმე გადაუვადა.


შპს „შიტრიტ ჯგუფს“ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართელობიდან პირდაპირი მიყიდვის გზით 13 ობიექტი 3. 143 000 ლარად გადაეცა, ხელშეკრულებით კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები 2013 წლის 1 იანვრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა, ვადები დაირღვა და კომპანიამ ობიექტების ჩაბარება ვერ შეძლო. „შიტრიტ ჯგუფმა“ დადგენილ ვადებში  ვერც საპრივატიზაციო თანხის სრულად დაბრუნება მოახერხა. მან მხოლოდ თანხის ნაწილი დაფარა, რის გამოც კომპანიას ჯარიმები დაერიცხა. მიუხედავად ამისა, ქუთაისის მერიისა და ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შპს „შიტრით ჯგუფს“ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად დრო გაუხანგრძლივდა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია