საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გიორგი ვაშაძე: ქუთაისი უმუშევრობის დონით საქართველოში პირველ ადგილზეა
გიორგი ვაშაძე: ქუთაისი უმუშევრობის დონით საქართველოში პირველ ადგილზეა
სულ ნანახია 686
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

23 ივნისს, ქუთაისში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას, პოლიტიკური მოძრაობა “ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ქუთაისი საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქია, უმუშევრობის დონით კი პირველი“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

 

საქართველოში დასაქმების მონაცემებს ოფიციალურად სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღრიცხავს. გარდა ამისა, ამ თემაზე ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.


საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში. ამ ინფორმაციის თანახმად, უმუშევრობის საერთო მაჩვენებელი საქართველოში 12%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონის მიხედვით იმერეთის რეგიონი მეშვიდეა (8.8%). პირველ ადგილს თბილისი იკავებს (21.4%). საქსტატის განმარტებით, უმუშევრობასთან დაკავშირებულ მონაცემებს თბილისისა და რეგიონების დონეზე ამუშავებენ და აქვეყნებენ, ცალკეული ქალაქების მიხედვით კი ამ მაჩვენებლის დადგენა არ ხდება.

საკითხის დაზუსტების მიზნით, ფაქტ-მეტრი „ახალი საქართველოს“ ლიდერს დაუკავშირდა და სთხოვა განემარტა, თუ რომელ მონაცემებს ეყრდნობოდა. ვაშაძის თქმით, მას მხედველობაში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ანგარიშები ჰქონდა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, 2014 წელს გამოქვეყნდა.

NDI-ის მიერ არჩევნებამდე, 2014 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულებმა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად უმუშევრობა დაასახელეს. თუმცა, ორგანიზაციას საზოგადოების განწყობის კვლევაში უმუშევრობის მაჩვენებელი ცალკეული ქალაქების მიხედვით არ გამოუკვლევია.

ამავე ორგანიზაციის 2015 წლის აგვისტოში მომზადებულ კვლევაში კი, ცალკეულ ქალაქებში გამოკითხულებმა მათსავე ქალაქებში არსებული დასაქმების პერსპექტივა შეაფასეს. ქუთაისელთა 92%-ს მიაჩნდა, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი სათანადო დასაქმების საშუალებას არ იძლევა. ამ მხრივ, საქართველოს ქალაქებს შორის ქუთაისი და გურჯაანი თანაბარი მაჩვენებლით პირველ ადგილზე მოხვდნენ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ამავე პერიოდის კვლევაში უმუშევრობის შეფასების რეალურთან უფრო მიახლოებული შეკითხვა შემდეგია: თვლით თუ არა თავს დასაქმებულად? ამ კითხვაზე პასუხების თანახმად, ქუთაისელთა 58% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევდა. ხოლო, მათ შორის, ვინც ასე ფიქრობდა, 48% შრომისუნარიანი იყო და სამსახურს ეძებდა. მოქალაქეთა რაოდენობით, რომლებიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევდნენ, არა ქუთაისი, არამედ ზუგდიდი (68%) ლიდერობდა, შემდეგ მოდიოდნენ თბილისი (64%), ახალციხე (63%), ოზურგეთი (60%) და გორი (59%). ქუთაისი აქ მეექვსე ადგილზე იყო.

რაც შეეხება IRI-ის 2014 წლის კვლევის მონაცემებს, ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინფორმაციით, ამ გამოკითხვაში IRI დასაქმების თემას არ შეხებია. ეს საკითხი ორგანიზაციამ  2015-2016 წლებში ჩატარებულგამოკითხვაში შეიტანა. თუმცა, კვლევის შედეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა ცალკეული ქალაქების მიხედვით შეჯამდა. შესაბამისად, ქუთაისში უმუშევრობის დონის შეფასება ვერც ამ მონაცემებით მოხდება.

 

დასკვნა

როგორც გაირკვა, ოფიციალური მონაცემები, თუ რომელ ადგილს იკავებს ქუთაისი საქართველოს ქალაქებს შორის უმუშევრობის კუთხით, არ მოიპოვება. საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რეგიონებს შორის იმერეთი უმუშევრობის დონით მეშვიდე ადგილზეა. გიორგი ვაშაძის თქმით, იგი არა სტატისტიკურ მონაცემებს, არამედ NDI-ის და RIRI-ის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგებს ეყრდნობოდა. ამ კვლევებში კი, მხოლოდ იმის გარკვევაა შესაძლებელი, რა განწყობა აქვს ცალკეული ქალაქების მოსახლეობას საკუთარ ქალაქში დასაქმების პერსპექტივის მიმართ და მიიჩნევენ თუ არა გამოკითხულები თავს დასაქმებულად.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ქუთაისელთა 92%-ს მიაჩნდა, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი სათანადო დასაქმების საშუალებას არ იძლევა. ამ მხრივ, საქართველოს ქალაქებს შორის ქუთაისი გურჯაანთან ერთად პირველ ადგილზე მოხვდა. თუმცა, კვლევაში მოცემულ შეკითხვაზე (თვლით თუ არა თავს დასაქმებულად?) პასუხების მიხედვით, ქუთაისი უმუშევრობის აღქმის მხრივ არა პირველ, არამედ მეექვსე ადგილს იკავებს.

ბუნებრივია, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, უმუშევრობა ქუთაისშიც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, გიორგი ვაშაძის მიერ დასახელებული ფაქტი არ დასტურდება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

 

ირმა ბახუტაშვილი

 

factcheck.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია