დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისები სოფლიდან გაუსვლელად
სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისები სოფლიდან გაუსვლელად
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1323
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

დრო, როგორც რესურსი, ყოველთვის განსაკუთრებული იყო ადამიანისთვის. მისი ეკონომიური და ეფექტური გამოყენება ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. დროის გონივრული მენეჯმენტში ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოება-მიღება და საჭიროებისამებრ გადაგზავნა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიუანსია.

 

ზემო იმერეთში საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი კორბოული ხალხმრავლობით გამოირჩევა (2012 წლის აღწერის მიხედვით სოფელში 3 600 კაცზე მეტი ცხოვრობს). ამის გარდა, მას საკვანძო დანიშნულება აქვს ხარაგაულ-ხაშურის მიმდებარედ არსებული საჩხერის და ჭიათურის სოფლებისათვის. სატრანსპორტო არტერია, რომელიც გადის კორბოულზე, წარმოადგენს შიდა ქართლის დასავლეთის ნაწილის ყველაზე ეფექტურ მონაკვეთს გომიდან ზესტაფონი-ჭიათურისა და საჩხერის  მიმართულებით.

თავად კორბოული უძველესი პერიოდიდან მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. სავარაუდოდ, აბრეშუმის გზის ერთი განშტოება ამ სოფელზე გადიოდა და „ულევად“ წოდებულ მონაკვეთის აღმოსავლეთ უკიდურეს წერტილს წარმოადგენდა (ე.წ. „ულევი“ სრულდება შორაპანში, საიდანაც მსუბუქი ნავებით უნდა გაეტანათ საქონელი დასავლეთ ევროპელ ვაჭრებს შავი ზღვის პირეთამდე).

საგულისხმოა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ყველა იმ წინაპირობის გამო გადაწყვიტა, რაც გააჩნია სოფელ კორბოულს.

ამჟამად ცენტრის საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით შეუძლია მომხმარებელს სარგებლობა. დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთისმიღებისათვის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის, ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ უწევთ. უახლესი ტექნიკითაღჭურვილ თანამედროვე არქიტექტურული ტიპის შენობაში კორბოულის მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები ემსახურებიან.  საზოგადოებრივ ცენტრში შესაძლოა უფასო ინტერნეტით სარგებლობა, მომხმარებლისათვის მზად არის კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. ცენტრში ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული ბიბლიოთეკაც.

აღსანიშნავია, რომ სოფელ კორბოულსა და იქვე მდებარე  სოფლებში (შომახეთი, ნიგვზარა, ხვანი, ჭალოვანი) მცხოვრებთ, საჭიროებისამებრ, შეუძლიათ მიიღონ ის სერვისი, რაც მანამდე მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრში იყო მათთვის ხელმისაწვდომი.

როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, საზოგადოებრივი ცენტრების საკონფერენციო ოთახი ხელმისაწვდომია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მათ საშუალება მიეცემათ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. ცენტრში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისიც.

ზოგადად, საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს:        „კორბოულის საზოგადოებრივი ცენტრი ემსახურება როგორც საჩხერის, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ამ ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია შომახეთის, ნიგვზარის, კორბოულის, გორისის, ხვანის, ჭალოვანის, ლიჩის, მოძვის, ბერეთისის, ჯალაურთისა და მანდაეთის მოსახლეობისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ ცენტრით სარგებლობა შუძლია ასევე ნებისმიერ მოქალაქეს. საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში ფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკა, სკაიპის ოთახი, მოსახლეობას ემსახურება „ლიბერთი ბანკის“ და „მაგთის“ ოპერატორი, გამგებლის წარმომადგენლობა კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში.“

 

ჩვენ დავინტერესდით ადგილობრივი მკვიდრების აზრითაც, რომლებმაც პოზიტიურ მხარეზე გააკეთეს აქცენტი.

 

ოთარი მაჭარაშვილი (პენსიონერი): „ადრე პენსიის აღების გარდა, არაფერი ხერხდებოდა ჩვენს სოფელში. ხანდახან შვილები მირიცხავენ ხოლმე თანხას და აქვე ადგილზე აღება შემიძლია. კიდევ ამბობენ, რომ საჩხერეში რა დოკუმენტაციის მიღება არის შესაძლებელი,  ყველაფერს აქაც დაგიმზადებენო. ამას რა სჯობს, როცა მთელი დღე არ გაგიცდება საჩხერის მოვლაში, თანხასაც დავზოგავთ და დროსაც. თან დიდ მანძილზე მგზავრობა უკვე მიჭირს. ეს ახლოსაა და როცა მინდა, მაშინვე შემიძლია მოვიდე.“

 

გოგა გოგატიშვილი  (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი): „მართალია, მე ხშირად მიწევს საჩხერეში ჩასვლა, სადაც მაქვს ჩემი ორგანიზაციის ოფისი, მაგრამ ბევრისგან გამიგია სოფელში, რომ საზოგადოებრივი ცენტრის სერვისებით ისარგებლეს. ზოგს პირადობის მოწმობა აქვს შესაცვლელი, ზოგსაც - ქორწინების მოწმობა აქვს ასაღები. ალბათ, ახალგაზრდები ინტერნეტისა და ელექტრონული ბიბლიოთეკისთვისაც შეივლიან იქ. კარგია, როცა სოფელში მუშაობს რაღაც ორგანიზაცია და მას აქვს თითქმის ყოველდღიური გამოყენება!“

 

ჯაბა ნოზაძე (ჭიათურის მუნიციპალიტეტის მცხოვრები): „ჩემი სოფელი კორბოულს ესაზღვრება. ჩვენებურები ხშირად კორბოულის ბაზარზე სავაჭროდ გამოდიან, თუ რამე დოკუმენტაცია სჭირდებათ, საზოგადოებრივ ცენტრში აიღებენ. თან ჭიათურაში რიგში დიდხანს უწევთ ხალხს დგომა, აქ ბევრად უფრო ცოტა ადამიანი მოდის და უსაშველოდ დროც აღარ იკარგება.“

საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია შემუშავდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერბ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  ამჟამადბსაქართველოს მასშტაბით 33 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, წლის ბოლომდე კი ეს რიცხვი 40-მდე გაიზრდება.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია