საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად
200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად
სულ ნანახია 1104
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

სოფელი ხრეითი ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობით, ჰიფსომეტრიით, ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალითა და ორგანულ-აგრორესურსული ბაზით. 2002 წელს სოფელში 3 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. ადგილობრივების ძირითადი საქმიანობა აგროსფეროს მიეკუთვნება (მემცენარეობა,მეცხოველეობა), თუმცა, ხრეითს აქვს იმის პოტენციალი, რომ განვითარდეს მომსახურების დარგებიდან ყველაზე მეტად ტურიზმი.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ სოფელში არის ცნობილი მთამსვლელების (სიმონ, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეები) სახლ-მუზეუმი,ფეოდალური პერიოდის ორი ციხე-დარბაზი, დაუავადებელი კოლხური ბზის კორომი, მოქანავე ლოდი „ქვაყუნტია“, რომელიც წონით ოდნავ ჩამორჩება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოქანავე ლოდს, არაერთი ჰიდროგრაფიული სანახობა და უმოკლესი გზა რაჭისაკენ, ხრეითი საინტერესო ტურისტული მარშრუტის მნიშვნელოვანი ნაწილია (სოფლის სახელი, ეტიმოლოგთა განმარტებით, „ღრე“-დან უნდა იყოს მიღებული, რაც ღორღიან ტყეს ნიშნავს. ხრეითი, როგორც ტოპონიმი, მე-16 საუკუნეში გვხვდება ისტორიულ წყაროებში). ჯიპტურისა და საფეხმავლო ტურიზმის თვალსაზრისით ამ ტერიტორიას მართლაც დიდი პოტენციალი აქვს, რომლის პოპულარიზაციაც ზედმიწევნით საჩქაროა.

 

თუ ხრეითი ტურისტულ ინტერესში მოხვდება, მაშინ ამ სოფლის პრესტიჟის განმსაზღვრელი იქნება საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც საკომუნიკაციო თვალსაზრისითაც, შესაძლოა, გამოიყენოს მოგზაურმა.

ცნობილია, რომ საქართველოს სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა დეპოპულაციას განიცდის. სოფელში სამუშაო ადგილების შექმნა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ბაზებზე წვდომა და ეკონომიკური აქტივების გაჩენა არის იმის საფუძველი, რომ გლეხმა არ დატოვოს თავისი საცხოვრებელი ტერიტორია. მართალია, საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური მიდგომა მიწით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის (დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში სოფლის მოსახლეობის 40%-ზე ნაკლებია ჩართული აგროსექტორში) და საჭიროა მეტი სამუშაო ადგილის შექმნა სოფლად. ხრეითისათვის, ამ მხრივ, უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი   ნაბიჯი - ამოქმედებულია საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც არა მარტო სერვისების მიღებაა საგულისხმო, არამედ - დასაქმების მასშტაბიც.

200-ზე მეტი დასახელების სერვისი, რომლის მიღებაც ხრეითის საზოგადოებრივ ცენტრშია შესაძლებელი, ადგილობრივ მოსახლეობას უადვილებს ცხოვრებას. ჭიათურამდე 18 კილომეტრიანი გზის გავლა გულისხმობს არა მარტო ფინანსურ ხარჯს, არამედ - დროის დიდ დანაკარგსაც.

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები გვამცნობენ: „საზოგადოებრივი ცენტრი ხრეითში მცხოვრებ 3000-მდე მომხმარებელს ემსახურება.ცენტრში მუშაობს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.“

ჩვენ დავუკავშირდით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ხრეითის ტერიტორიულ ერთეულში, არჩილ ჯაფარიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მისდამი რწმუნებულ ტერიტორიულ ერთეულში ერთ-ერთი ყველაზე გონივრული და საჭირო გადაწყვეტილება იყო:  „სოფლის მოსახლეობა ძირითადად საზოგადოებრივ ცენტრს პირადობის მოწმობისა და პენსიის ასაღებად,  სოციალური განაცხადების შესავსებად აკითხავს. აქვეა „მაგთიკომის“და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლობაც, რომლებიც საბანკო-საკომუნიკაციო საკითხების მოგვარებაში ეხმარება მოსახლეობას. დროის მცირე მონაკვეთში ადგილობრივები ყველა იმ სერვისით სარგებლობენ, რაც მათ შეუძლიათ ჭიათურასა თუ ნებისმიერ ქალაქში.“

 

მეგი მიქაცაძე (ჭიათურის მუნიციპალიტეტის მცხოვრები):   „ხრეითში მამას ადრე ჰქონდა სატბორე მეურნეობა, ახლა ჩვენ ვცდილობთ მცირე ბიზნესის წამოწყებას ამ მიმართულებით და ყველა იმ დოკუმენტაციის წარმოებას, რაც საჭიროა, ხრეითის საზოგადოებრივ ცენტრში გავამზადებთ. ამბობენ, რომ ამ ცენტრში ზედმიწევნით კვალიფიციურად ემსახურებიან მომხმარებელს. მალე მექნება პასუხი იმ საგრანტო პროექტზე, რომელიც ჩემი ბიზნესისათვის დაიწერა და თუ დადებითი პასუხი მექნება დონორისგან, სწორედ ხრეითის საზოგადოებრივ ცენტრთან მომიწევს ურთიერთობა.“

 

ავთანდილ შეყილაძე (ვიწროფერმერული მეურნეობის მფლობელი): „საზოგადოებრივი ცენტრი ჩვენს სოფელს ძალიან გამოადგა. აქ თანდათან, ყოველდღიურად იმატებს მომხმარებლების რაოდენობა. მოსახლეობამ გაიგო, რომ ყველა იმ მომსახურების მიღება ხრეითის საზოგადოებრივ ცენტრში შეიძლება, რისთვისაც ადრე ხალხი ჭიათურაში მიდიოდა, აქ ძალიან სწრაფად ხდება მომსახურების მიღება და რიგებიც არაა. ცენტრში ახალგაზრდები ინტერნეტსაც იყენებენ და თუ ვინმეს დააინტერესებს, არის ციფრული და მატერიალური ბიბლიოთეკაც. ამ საზოგადოებრივმა ცენტრმა სოფელს სიცოცხლე შემატა. კარგია, რომ ჩვენს სოფელზე გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ არჩევანი. ალბათ საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურების ბევრი სახის შესახებ ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე, გავიგებთ და გამოვიყენებთ კიდეც.“

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 33 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. 2016 წლის ბოლომდე ეს ციფრი 40-მდე გაიზრდება. საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია შემუშავდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. საზოგადოებრივი ცენტრის ოფიციალური ვებგვერდია: www.centri.gov.ge

 

 

როლანდ ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია