საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ემიგრანტის მონანიება
ემიგრანტის მონანიება
სულ ნანახია 1269
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

სიტყვას ითხოვს მკითხველი

 

 

ძვირფასო მკითხველო!

მოგესალმებით ქართველი ემიგრანტი შორეული უკრაინიდან. მანამ, სანამ კონკრეტულად შევეხებოდე ჩემი წერილის სათაურს, თუ რის მონანიებას ვაპირებ, მინდა მოგითხროთ, რა ამძიმებს ჩემს სულს და რამ გადამადგმევინა ნაბიჯი სულის გაწმენდისათვის საქვეყნოდ მოვინანიო ჩემს მიერ ჩადენილი საქციელი.

წერილი შეეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებას. წარსულში ვმუშაობდი სახელმწიფო სამსახურში, ყოველთვის მტკიოდა და მტკივა ჩემი სამშობლო, ყოველთვის თვალყურს ვადევნებდი ჩვენთან განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, ვგრძნობდი მის მაჯისცემას, მიხაროდა წარმატებები, ძალიან განვიცდიდი წარუმატებლობას.

დამეთანხმებით, საქართველოში დიდი ცვლილებები განხორციელდა 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, მთლიანად შეიცვალა ქვეყანა, ჩატარდა სხვადასხვა ურთულესი რეფორმა, რეფორმა შეეხო თითქმის ყველა სფეროს, განვითარდა ქვეყნის ინფრასტრუქტურა. ყველაზე ელემენტარული პრობლემა, რაც ხალხს აწუხებდა ელელქტროენერგია, წყალმომარაგება, სავალი გზები, ქუჩის განათება და სხვა სოციალური პრობლემები აღარ არსებობდა.

არ გამიგოთ ისე, თითქოს ყოველივე აქედან გამომდინარე, დღე და ღამე „ნაციონალური მოძრაობის“ ქება-დიდებაში ვათენ-ვაღამებდი. პირიქით, ჩემებურად რაღაც ნაკლოვანებებს ვხედავდი და აღვიქვამდი კრიტიკულად. მოხდა ისე, რომ შელახული იქნა ჩემი პირადი ღირსება (აქ არ მოვყვები, თუ რა მოხდა). ვერ ვიპოვე სამართალი და ვიყავი განაწყენებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ვხედავდი, თუ რა კეთდებოდა ქვეყნის ინფრასტრუქტურაში და სხვა სფეროში, როგორ მოისწრაფოდნენ საქართველოში უცხოელი ინვესტორები.

ნებისმიერ ქვეყანაში არიან ისეთები, ვინც აქებს და ვინც აკრიტიკებს ხელისუფლებას, მე ვიდექი მათ მხარეს, ვინც აკრიტიკებდა.

დადგა 2011 წლის ოქტომბრის თვე, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მით უმეტეს, ბატონი ბიძინას სახელი გაგონილი მქონდა, ვიცოდი, რომ ის საქართველოში მეცენატობას ეწეოდა. ჩამესახა იმედი და ვიფიქრე, გვეშველებოდა, ასევე ეშველებოდა ჩემსავით ღირსებაშელახულ ადამიანს.

დრო გადიოდა, ახლოვდებოდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები, ვხედავდი, „ქართული ოცნება“ თანდათანობით ფესვებს იდგამდა, მეც, ჩემებურად, ნაცნობებში, ნათესავებსა თუ მეგობრებში თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებდი, თანაც ყველას ვურჩევდი, მხარი დაეჭირათ მისთვის.

დადგა ის „ნანატრი“ 2012 წლის 1 ოქტომბერი არჩევნების დღე. რა თქმა უნდა, წავედი არჩევნებზე ოჯახთან ერთად და ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“. არ დამავიწყდება, თუ რა დღეში ვიყავი არჩევნების დასრულებამდე, შედეგების მოლოდინში მომიმატა არტერიულმა წნევამ, შემიპყრო ემოციებმა. უკვე ღამით, როცა გაირკვა, რომ გაიმარჯვა ჩემმა რჩეულმა, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ვურეკავდით ერთმანეთს თანამოაზრენი და ვულოცავდით გამარჯვებას.

გავიდა მას შემდეგ გარკვეული დრო, არავისთვის მითხოვია რამე, არც სამსახური, არც პირადული. რამოდენიმე თვის შემდეგ წამოვედი უკრაინაში და მას შემდეგ აქ ვარ. არ არის  დღე, რომ ვიცხოვრო საქართველოს გარეშე, არ ვუყურო ან არ წავიკითხო მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. გავიდა სამი წელიწადი და ამ ხნის მანძილზე არაფერი საქართველოში სასიკეთოდ არ შეცვლილა, შეცვლილა კი არადა, უკან-უკან წავიდა ქვეყანა. ეს მესმის ტელევიზიიდან, ამას ვკითხულობ გაზეთებში და ამას მიყვებიან საქართველოდან ნაცნობები, ადამიანები, რომლებსაც ვურჩევდი, მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნებისთვის“, ახლა ისინი მირეკავენ და ირონიულად რჩევას მთხოვენ: მომავალ არჩევნებში ვის მისცენ ხმა.

მე ფანატიკურად შეყვარებული არ ვარ ვინმეზე, ჩემთვის სულერთია, რომელი ქართული პოლიტიკური პარტია იქნება ქვეყნის სათავეში, მთავარია, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, არ იყოს შანტაჟი, შური და უდისციპლინობა. მე ფანატიკურად შეყვარებული ვარ ჩემს ქვეყანაზე! მინდა, ყველა ქართველმა იამაყოს მისი ქვეყნით და ქართველობით. ვერ წარმოიდგენთ, სხვა ქვეყნიდან რა ცუდი მოსასმენი და საცქერია, როცა ხედავ, თუ რა საშინელება ხდება შენს ქვეყანაში, როცა ხედავ, შენ რჩეულ პოლიტიკურ გუნდში არის განხეთქილება, როცა ისინი ჭამენ ერთმანეთს, როცა დაკავებულები არიან მხოლოდ ერთმანეთის ქილიკით და ავიწყდებათ ყველაზე მთავარი, ავიწყდებათ, იფიქრონ ქვეყნის მართვასა და განვითარებაზე.

ხალხნო, რა დროს სექსზე საუბარია, რა დროს ხის გადარგვაზე დასაკარგი დროა, რა დროს დაშანტაჟება და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ყურებაა. დროა, მიხედოთ ქვეყანას. მეოთხე წელია, რაც ხელისუფლების სათავეში ხართ და გეკითხებით: რა გაუკეთეთ სამშობლოს, ქართველ ხალხს? მე ისიც მახსოვს, როცა გვპირდებოდით, რომ თქვენი მოსვლიდან მეოთხე წელიწადი ქართველი ხალხისთვის „ზენიტის“ წელი იქნებოდა.

მინდა, მოგაშველოთ აკაკი წერეთლის სიტყვები „ყოველი არსი, სულიერი და უსულო, ხილული თუ უხილავი, ერთსა და იმავე მსოფლიო კანონს ექვემდებარება - დაიბადება, იზრდება, დაბერდება, კვდება“. ე.ი. ყოველი დაბადებული ოდესღაც გარდაიცვლება, გარდაცვალებამდე კი რაღაც უნდა გავაკეთოთ, რაღაც სასიკეთო უნდა შევუქმნათ ქვეყანას. თქვენ ღმერთმა მოგცათ იმის საშუალება, რომ მოხვდით მმართველობით ორგანოში, შეგიძლიათ სიკეთის თესვა, ხალხს შეეშველოთ გაჭირვებაში, განა ამაზე დიდი ბედნიერება არსებობს, განა ამაზე უარის თქმა შეიძლება?!

ამიტომ ჩემი ერთგული რჩევაა: დროს უქმად ნუ დაკარგავთ და მიხედეთ ხალხს!

მე კი, ჩემო მოტყუებულო მეგობრებო, ნაცნობებო და ნათესავებო, ვინანიებ თქვენს წინაშე ჩემს მიერ ჩადენილ ცოდვას, გაზეთის საშუალებით საქვეყნოდ გიხდით ბოდიშს შეცდომაში შეყვანისათვის და რჩევისათვის, მხარი დაგეჭირათ „ქართული ოცნებისათვის“. სწორედ ეს ცოდვა მიმძიმებს სულს, თქვენს წინაშე ჩადენილი ცოდვა, მაგრამ ვიმშვიდებ თავს იმით, რომ მომაკვდინებელი ცოდვა არ ჩამიდენია, მომიტევებთ თქვენც და უფალი ღმერთიც.

წერილს კი დავასრულებ ლადო ასათიანის ლამაზი ლექსით:

„რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,

თუ მამულს თავი არ ანაცვალე,

ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,

მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს“.

 

პატივისცემით

პაატა ელბაქიძე

 

 

P.S. პაატა ელბაქიძე მუშაობდა 1994-1995 წლებში ქალაქ ქუთაისის მერიის „გამარჯვების“ მუნიციპალიტეტის თავჯდომარის მოადგილედ; 1996-2008 წლებში შს ორგანოებში ოპერატიული სამსახურის ინსპექტორის, უფროსი ინსპექტორის, ქვეგანყოფილების უფროსის, რეგიონალური განყოფილების უფროსის მოადგილის, განყოფილების უფროსის და შს საქალაქო სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია