დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაიგეთ საპრეზიდენტო კანდიდატების მოსაზრებები აქტუალურ კითხვებზე
გაიგეთ საპრეზიდენტო კანდიდატების მოსაზრებები აქტუალურ კითხვებზე
სულ ნანახია 2287
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ინტერენეტ სივრცეში გაჩნდა საიტი prezidenti.ge, სადაც საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებზე  პრეზიდენტობის მსურველი ყველა კანდიდატის მოსაზრების გაცნობაა შესაძლებელი.  გაზეთი „P.S.“ მიმდინარე ნომერში სხვადასხვა აქტუალურ კითხვაზე პრეზიდენტობის 6 კანდიდატის მოსაზრებას გაგაცნობთ.

 

თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად?

 

მარგველაშვილი გიორგი:

უმუშევრობის პრობლემის მოგვარების გასაღები ეკონომიკის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაშია. თუმცა, ყველაზე განვითარებული ეკონომიკების ქვეყნებშიც კი არ არის უმუშევრობა სრულად აღმოფხვრილი. ჩვენ ეტაპობრივად უნდა მივიდეთ თანამედროვე წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების გამოცდილებამდე, როდესაც სახელმწიფო იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას უმუშევართა დახმარებაზე და, ამავე დროს, მათ გადამზადებაზე. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ადამიანებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს, სპეციალობებს და იპოვონ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე. ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი ადმინისტრაციის განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანი იქნება.

 

ნათელაშვილი შალვა:

უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად მთავარია ბიზნესის განთავისუფლება პოლიტიკური კლანებისგან, საშუალო და წვრილი ბიზნესის განვითარება.

 

 

ხარატიშვილი ზურაბ:

საქართველო ღარიბი, განვითარებადი ქვეყანაა. როგორც ყველა ასეთ ქვეყანას, საქართველოსაც ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა ახასიათებს. პრობლემა მასშტაბურია და სწრაფად ვერ გადაწყდება. პრობლემის დაძლევას მრავალწლიანი, მიზანმიმართული და გააზრებული სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება.

საქართველოში უმუშევრობას აქვს როგორც კონიუნქტურული, ისე სტრუქტურული ხასიათი. ამიტომ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ განათლებას.

მთლიანობაში უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისთვის საჭირო ამოცანების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკა, უმუშევრობის დაზღვევა და დაზღვევაზე გაწეული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლება და ახალი ცოდნისა და კვალიფიკაციის გავრცელების ხელშეწყობა.

სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ საშუალებად უნდა განვიხილოთ სოციალური დაზღვევის სისტემის შექმნა. ყველა დასაქმებულ ადამიანს უნდო ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიკეთოს გარკვეული დანაზოგი, რომელსაც გამოიყენებს პენსიის სახით - მოხუცებულობის დროს, ან საარსებო წყაროს სახით - სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში. ამ დანაზოგისთვის გადადებული ფული არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.

 

 

რა პოლიტიკასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და-უჭერდით მხარს, რათა გაიზარდოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამაღლდეს მისი ხარისხი?

 

 

მარგველაშვილი გიორგი:

ჯანდაცვის პოლიტიკის ამოცანებია როგორც დაზღვევის სისტემის შემდგომი დახვეწა, ისე   პრევენციული მედიცინის განვითარება. ამ მიზნით იგეგმება ხელმისაწვდომობის ზრდა ფასებსა და სერვისებზე, აგრეთვე რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესება: კვალიფიკაციის, ტექნოლოგიების ხარისხის ამაღლება, ახალი ამბულატორიების, საავადმყოფოების აშენება.

 

ნათელაშვილი შალვა:

უპირველესად, მნიშვნელოვანია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საბიუჯეტო უზრუნველყოფა.

 

ხარატიშვილი ზურაბ:

სახელმწიფომ უნდა წაახალისოს სამედიცინო დაზღვევაზე გაწეული ხარჯები. ასეთი ხარჯები არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. აგრეთვე, არასწორად მიგვაჩნია პოლიტიკა, რომელიც სადაზღვევო კომპანიების მიერ საავადმყოფოების მშენებლობას გულისხმობს. სადაზღვევო კომპანიები და სამედიცინო მომსახურების ცენტრები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და დაზღვეულ ადამიანს მომსახურების მიღება ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა შეეძლოს. ისევე როგორც სხვა სფეროებში, აქაც მთავარი მამოძრავებელი სტიმული კონკურენცია უნდა იყოს. სახელმწიფო მხოლოდ დამხმარე როლით უნდა დაკმაყოფილდეს.

სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მენეჯმენტისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების ნაკლებობაა, რომლის გადაწყვეტა მხოლოდ გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებითა და მისი გონივრული იმპლემენტაციით არის შესაძლებელი, სადაც ძირითადი აქცენტი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული თვითრეგულირების მექანიზმების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს.

 

 

რომელ ქვეყნებთან /ქვეყანათა გაერთიანებებთან/ ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული,  მათ შორის - სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა /გაერთიანება/ ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

 

მარგველაშვილი გიორგი:

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაა, რაც გულისხმობს საერთაშორისო არენაზე ევროპული, დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცებას. აუცილებელია საგარეო პოლიტიკის გააქტიურება, რათა უზრუნველვყოთ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპული კულტურა და ღირებულებები ყველაზე ახლოს დგას ქართულ ეროვნულ იდეასა და იდენტობასთან. ჩვენი მიზანია, საქართველო პოლიტიკურადაც გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული სახლის მშენებლობაში.

საქართველოს, ასევე აქვს ისტორიული მისია, იქცეს ევროპასა და აზიას  შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად.

 

ნათელაშვილი შალვა:

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო. შესაბამისად, ეს კურსი გაგრძელდება.

 

ხარატიშვილი ზურაბ:

საქართველოში მრავლად არიან დასავლური ორიენტაციის მომხრენი და მოწინააღმდეგენი, მათ სხვადასხვა არგუმენტები აქვთ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება და მეწარმეობის თავისუფლება არ უნდოდეს. დასავლეთიც ეს არის, შესაბამისი ღირებულებები და ინსტიტუტები. ჩვენთან ეს ყველაფერი ჯერ დამკვიდრების პროცესშია და, საბოლოოდ, დასამკვიდრებლად მხარდაჭერა გვჭირდება. სად უნდა ვიპოვოთ დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, სიტყვისა და მეწარმეობის თავისუფლების მხარდამჭერი მოკავშირე რუსეთში? ჩინეთში? ირანში? ცხადია, ასეთი მოკავშირე მხოლოდ დასავლეთია.

საქართველოს სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება თანამდეროვე სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისათვის საჭირო ცოდნა. ეს ცოდნა მხოლოდ დასავლეთის დახმარებით შეიძლება მივიღოთ. გარდა ამისა, დასავლეთი გვთავაზობს ტექნოლოგიებს, საუნივერსიტეტო განათლებას, ბაზარს, უსაფრთხოებას და ა.შ.

დასავლეთის სიდიდემ და შესაძლებლობებმა არ უნდა შეგვაშინოს. საქართველო ყოველთვის ახერხებდა დიდ ცივილიზაციებთან ადაპტაციას ისე, რომ საკუთარი უნიკალურობა შეენარჩუნებინა და განევითარებინა. ასე რომ, თუ ჩვენი ქვეყნის გვჯერა, უნდა გავიხსნათ ახალი ცოდნისა და ღირებულებებისთვის. ამით მხოლოდ გავძლიერდებით.

რუსეთის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რუსეთთან ურთიერთობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი აღზრდა ჩვენი საქმე არ არის. თუ რუსეთი ოდესმე მოისურვებს დასავლური ტიპის ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, მხოლოდ მივესალმებით, თუმცა, ამას ვერ დაველოდებით. რუსეთი ისეთია, როგორიც არის და აქედან უნდა ამოვიდეთ მასთან ურთიერთობისას.

რის შემოთავაზება შეუძლია რუსეთს? არაფრის, გარდა იმისა, რომ იმაზე უფრო ცუდად არ მოგვექცევა, ვიდრე აქამდე მოგვექცა. რუსეთს არა აქვს არც ახალი პოლიტიკური იდეები   და  არც  პროექტები.  ე.წ.   „ევრაზიული კავშირი“ საბჭოთა კავშირის გადამღერებაა და სხვა არაფერი. რუსეთი გვთავაზობს მისი გავლით ვიურთიერთოთ დასავლეთთან. რატომ? ჩვენ მეცხრამეტე საუკუნეში აღარ ვცხოვრობთ და დასავლეთთან პირდაპირ, შუამავლების გარეშე შეგვიძლია ურთიერთობა.

 

 

 

***

 

როგორია თქვენი ხედვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული და რა კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებდით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს?

 

ბაქრაძე დავითი:

კეთილდღეობისკენ სწრაფვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი რეალიზაცია მხოლოდ თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი. თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის მდგრადი განვითარების ისეთი მოდელი, რომელიც ეფუძნება თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნას.

ამ მოდელის პრინციპებია მცირე მთავრობა, ფისკალური დისციპლინა, პასუხისმგებლობიანი მაკროეკონომიკური და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკა, დაბალი გადასახადები, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დანერგვით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანია: ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად - მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის მოტანა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

აცნობიერებს რა იმ როლს, რომელიც საქართველოს ენიჭება კასპიის ზღვისა და შუა აზიის რეგიონებიდან დანარჩენი მსოფლიოსთვის ენერგორესურსების ალტერნატიული გზებით მიწოდების პროცესში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკონომიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედად მათი ეფექტიანი ფუნქციონირება მიაჩნია.

საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტულია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციის შენარჩუნება. საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის მსხვილი რეგიონული ექსპორტიორი, რისთვისაც, ენერგიის გამომუშავების ზრდის გარდა, აუცილებელია ქვეყნების დამაკავშირებელი ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობაც.

მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებას და ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას. ანაკლიის ყურეში ლაზიკის პორტის აშენება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, ევროკავშირთან დაახლოება და ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა მკვეთრ სტიმულს მისცემს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს. ამიტომ, უნდა დაჩქარდეს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან და სათანადო მოლაპარაკებები აშშ-სთან.

 

ჯავახიძე სერგო:

საქართველოს ეკონომიკა ეფუძვნება ლიბერალიზმს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში, კერძო სექტორის როლის ზრდასთან არის დაკავშირებული. საქართველოსთვის მთავარ მიმართულებად რჩება საბიუჯეტო სისტემების სრულყოფა და საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი გაუმჯობესება, მოქნილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება, ეკონომიკური კრიზისების დაძლევა, შემდგომი ეკონომიკური ზრდა. საქართველო, ქართული ეკონომიკის წილში მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, კერძოდ კი სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელებას, ექსპორტის მხარდაჭერას, კერძო ინვესტიციების მოზიდვას, გასაღების ბაზრების მოძიებაში სახელმწიფოს მხარდაჭერასა და ფალსიფიკაციასთან ბრძოლას. სახელმწიფო ინვესტიციები განხორციელდება: საწარმოო ინფრასტრუქტურაში (მათ შორის, საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებში), ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, სარწყავ და სადრენაჟო სისტემების შექმნაში, კომუნიკაციების მშენებლობაში, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მხარდაჭერაში, მიწის ხარისხისა და შემადგენლობის შეფასებაში.

კერძო ინვესტიციებისათვის შეიქმნება სრულყოფილი და დეტალური საინფორმაციო სისტემა საქართველოში არსებული აგრარული რესურსების შესახებ. ჩამოყალიბდება და განვითარდება მიწის ბაზარი. სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს ქართული პროდუქციის რეკლამირებაში საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველო იბრძოლებს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საჭიროების შემთხვევაში.

 

თარგამაძე გიორგი:

ჩვენს ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტული მიმართულებებია:

·          საბიუჯეტო ხარჯების რაციონალიზაცია;

·          საგადასახადო პოლიტიკის ფორმირება სოციალური სოლიდარობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით - პროგრესული გადასახადებისა და დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედება;

·          კონკურენციის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება;

·          მცირე ბიზნესის ხელშეწყობა კონკრეტული საგადასახადო ინიციატივით;

·          ექსპორტის სახელმწიფო წახალისება;

·          თავისუფალი ბიზნესის უკეთესი დაცვის მექანიზმების ფორმირება/გაძლიერება;

·          მიზნობრივი იაფი სესხების უზრუნველყოფა მცირე ბიზნესისთვის;

სამართლიანი, დაბალი ტარიფების ფორმირება.

 

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

 

ბაქრაძე დავითი:

დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება.

დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის - „ოკუპაცია“ - შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა  პოლიტიკური, სამართლებრივი და მშვიდობიანი საშუალებით წინ უნდა აღუდგეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობის და ქონებრივი მდგომარეობის უკანონოდ შეცვლისკენ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება, მათი ქონებრივი უფლებების აღდგენა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სრული დაცვით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით და სხვა იმგვარი პირობების შექმნით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ისარგებლონ უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უფლებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოწოდებულია, საქართველომ შექმნას ისეთი ფორმატები და წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებას ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებთან, ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ამ მიზნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავდა „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“.

 

ჯავახიძე სერგო:

ჩვენ უარს ვამბობთ ძალის გამოყენებით კონფლიქტების მოგვარებაზე. გვინდა გაერთიანება და აფხაზ და ოს ხალხთან ერთად თანაცხოვრება.

·          უნდა ვიპოვოთ საერთო ენა აფხაზებთან და ოსებთან;

·          საქართველო, მათ შორის, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ვერ იარსებებს აფხაზების და ოსების გარეშე; მაგრამ ვერც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იარსებებს საქართველოს გარეშე;

·          ჩვენ უნდა შევქმნათ ქართველების და აფხაზების, ქართველების და ოსების ერთად ცხოვრების ღირსეული პირობები. პირველი ნაბიჯი ამ გეგმის განსახორციელებლად უნდა იყოს ახალგორის და გალის რაიონების და კოდორის ხეობის დემილიტარიზაცია:

·          დევნილების უსაფრთხო დაბრუნება;

·          მხოლოდ საერთაშორისო პოლიციური ძალების კონტროლის დაწესება;

·          საერთაშორისო ეგიდით ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება.

საქართველოს პრიორიტეტი უნდა გახდეს მიმზიდველობის პოლიტიკა. ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული წყობა ეკონომიკური განვითარების მოდელი და ტემპები, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოება, ჰარმონიული და თანაბრად განვითარებული რეგიონები უნდა ჰქმნიდნენ ევროპული სტილის მიმზიდველ ქართულ გარემოს.

რუსეთი, აშშ და ევროპა - ეს სამკუთხედი არის ბუნებრივი სამკუთხედი, რომელსაც საქართველო ვერ გაექცევა და არც უნდა გაექცეს. საქართველო არის და იქნება რუსეთის მეზობელი, ამერიკის პარტნიორი და ევროპის ნაწილი. საქართველოს დაბალანსებული პოლიტიკის საშუალებით შესაძლებელია, გახდეს ამ სამკუთხედის მთავარი მოთამაშე, არა ობიექტი სხვისი თამაშებისა, არამედ - ავტორი საკუთარი საგარეო პოლიტიკისა.

საქართველო ესწრაფვის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. საქართველო მიესალმება რუსეთის დაახლოებას ევროპასთან და გადატვირთვის პოლიტიკას აშშ-სთან. საქართველო ანგარიშს გაუწევს რუსეთის ინტერესებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში.

 

თარგამაძე გიორგი:

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებელი პირობაა  ქვეყნის დეოკუპაცია. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რუსეთთან მოლაპარაკების განახლება სარკოზი-მედვედევის 7-პუნქტიანი გეგმის შესრულების მოთხოვნით.  ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად.

რუსეთთან  ურთიერთობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს და რუსეთს ერთნაირად ემუქრება რელიგიური ექსტრემიზმისა და ფუნდამენტალიზმის სახით, ამიტომ კავკასიაში ამ მიმართულებით თანამშრომლობა პერსპექტიულია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესის დაწყების პარალელურად. რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფაქტორი უნდა განიხილოს არა საფრთხედ, არამედ შემაკავებელ ფაქტორად, ისევე როგორც ეს ავღანეთში ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში დეზინტეგრაციული პროცესები თავად რუსეთის ფედერაციაში, რაც თავისთავადი საფრთხე იქნება საქართველოსთვისაც. ერთიანი საქართველო - ძლიერი დასავლელი პარტნიორებით და ერთიანი რუსეთის ფედერაცია დაცული რელიგიური და ნაციონალისტური საფრთხეებისგან, არის ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესში. ეს კონცეფცია შესაძლებელია გახდეს საქართველო-რუსეთის შემდგომი მოლაპარაკებების, ქვეყნის დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი.

 

 

რა პოლიტიკას გაატარებდით ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტი ინტეგრაციისათვის?

 

ბაქრაძე დავითი:

სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს თავისი მოქალაქეების ინტერსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ამისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისწრაფვის ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ეფუძნება კანონის წინაშე თანასწორობას, შემწყნარებლობას, სამართლიანობას და პლურალიზმს. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქართველი ერის წარმომადგენლების თანაბარი ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ  და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, აუცილებელია, კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება, სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებაში ჩართვისათვის ხელშეწყობა. უნდა შეიქმნას პირობები ამ ჯგუფების იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება-განვითარებისათის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გამყარებას, დიასპორების წარმომადგენლებისათვის მშობლიური ენის სწავლებისა და მათ მიერ კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას.

იმავდროულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმთავრესია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების პრინციპი. ამის გარეშე შეუძლებელია ადამიანის უფლებების პატივისცემა და პროგრესი. სახელმწიფო უნდა იცავდეს ყველა დენომინაციის კანონიერ უფლებებს და წინ უნდა აღუდგეს ქსენოფობიის ნებისმიერ გამოვლინებას.

სეკულარიზმის დაცვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი პრიორიტეტია. იგი იღვწის, რათა ხელი შეეწყოს რელიგიისა და პოლიტიკის გამიჯვნას, დაცული იყოს კონსტიტუციური დებულებები, მათ შორის, საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება მიაკუთვნოს თავი ნებისმიერ რელიგიას, აღმსარებლობასა თუ კონფესიას.

 

ჯავახიძე სერგო:

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკის მხრივ, საქართველო ყველა ღონეს იხმარს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, არაქართული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეთა ინტეგრაციასა და ჩართულობისათვის ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. იზრუნებს მათთვის ქართული ენის სწავლებისა და განათლების დონის ამაღლებისათვის, ასევე მათი იდენტობის, ენის, კულტურისა და აღმსარებლობის შენარჩუნებაზე.

 

თარგამაძე გიორგი:

უმცირესობათა მთავარი პრობლემა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის არის სახელმწიფო ენის არცოდნა. ამიტომაც, სახელმწიფო გაასამმაგებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის დაფინანსებას. ამასთან სახელმწიფო დააფინანსებს ტრადიციულად ჩამოყალიბებული უმცირესობებისთვის ნაციონალურ ენებზე ბეჭდვითი გამოცემების ხელმისაწვდომობას, კულტურული კერების, სასწავლო და რელიგიური დაწესებულებების მუნიციპალური და სახელმწიფო ბიუჯეტებიდან სუბსიდირებას.

 

 

გაზეთი „P.S.“ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე სხვადასხვა საინტერესო კითხვაზე პრეზიდენტობის მსურველი სხვა კანდიდატების მოსაზრებებს ეტაპობრივად მოგაწვდით.

 

 

მოამზადა ნესტან ჩაგელიშვილმა

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია